დარეჯან პაატაშვილი, "ინტერპრესნიუსი"
პარტიების დაფინანსების და, ზოგადად, მათი კონტროლის გამკაცრება ხელისუფლებამ ნოემბრიდან გადაწყვიტა. გამკაცრების არგუმენტად კი ევროსაბჭოსა და ეუთო-ს რეკომენდაციები დაასახელა, რომელთა უმეტესობა ჯერ კიდევ ზაფხულში იყო გამოქვეყნებული, თუმცა, არა გააქტიურებული. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა.
კანონპროექტით პარტიას ეკრძალება - კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ და არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. პარტიებს მოქალაქეებისთვის მხოლოდ მაისურების, კეპების, ქუდების, დროშებისა და სხვა მსგავსი ნივთების დარიგება შეეძლებათ. ასევე, ეკრძალებათ შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა ან მიწოდება, საბაზრო ფასზე მეტად საქონლის ან მომსახურების შესყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა, აგრეთვე, მომსახურების (მათ შორის ფიქტიური შრომითი ან სხვაგვარი ურთიერთობების დამყარების) მიწოდებით ან ასეთის დაპირებით (გარდა დაპირებისა, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას).
პარტიებისთვის აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალი, პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცების წინ გაიზარდა. ვენეციის კომისიაში კი შედარებით მცირე ჩამონათვალი იყო გაგზავნილი შესაფასებლად. ვენეციის კომისიის ექსპერტების დასკვნისთვის მიწოდებულ დოკუმენტში პარტიებისთვის არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემისა და მომსახურების აკრძალვის ნაწილი არ ყოფილა, მათ შორის არც ის, რომ მომსახურების დაპირება პარტიამ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გასცეს თუ ის საბიუჯეტო რესურსების სამომავლო განაწილებას უკავშირდება.
პარტიებს "კეთილი" საქმეები ამომრჩევლის მოსყიდვად არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ზოგადად, მთელი წლის განმავლობაში ჩაეთვლებათ. აქამდე პარტიებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ ეთვლებოდათ ამომრჩევლის მოსყიდვად ამომრჩევლისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა. ასევე, უფასო მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით, ამ ნორმების დამრღვევი კი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯებოდა.
გამკაცრებული ნორმით კი, პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაეთვლება წლის ნებისმიერ დროს პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება. აგრეთვე, პარტიას ეკრძალება მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით. ამ ქმედებებისთვის კი პირს უკვე არა ერთი წლით, არამედ სამი წლით პატიმრობა ელოდება. თუმცა, ჩნდება ჯარიმის ალტერნატივაც. ხოლო იურიდიულ პირებს ამ ქმედებებისთვის ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ემუქრებათ.
პარტიის ქონება, ფინანსები და ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და არა მარტო პარტიების
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, პარტიის ქონების ჩამონათვალი იგივე რჩება, რაც აქამდე იყო. თუმცა, უქმდება იურიდიული პირების მიერ შემოწირულობების გაკეთების შესაძლებლობა. კერძოდ, პარტიის ქონებას ქმნის: საწევრო შენატანები; შემოწირულობები; კანონით დადგენილ შემთხვევებში - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები; საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები; პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, პარტიის მიერ ლექციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე, საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, რომლებიც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, ხასიათს.
სიახლე კი არის ის, რომ კანონპროექტით, შემოწირულობებად ჩაითვლება პარტიის ანგარიშზე მოქალაქეების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე, უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება (გარდა მოხალისეთა მიერ გაწეული ნებაყოფლობითი სამუშაოებისა), შეღავათიან პირობებში აღებული კრედიტიც. ასევე, პარტიას უფლება არ ექნება აიღოს სესხი/კრედიტი რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, გარდა კომერციული ბანკისა. კომერციული ბანკის მიერ წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისთვის გაცემული კრედიტის საერთო ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 100000 ლარს.
კანონპროექტის ნოვაციაა ის ფაქტიც, რომ პარტიას წლის განმავლობაში მისაღები ნებისმიერი სახის შემოსავალზე, ლიმიტი უწესდება. კერძოდ, პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, შემოწირულობებისა და სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ოფიციალურად გამოქვეყნებულ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 %-ს. პირველი მოსმენით მიღებამდე პროექტში ჩაიწერა შეზღუდვა წლის განმავლობაში გაწეული ხარჯის ოდენობაზეც, რის შესახებაც ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნილ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. კერძოდ, პარტიის ხარჯის საერთო ოდენობა ასევე არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს. მორჩენილი თანხები პარტიამ და როგორც ირკვევა არა მარტო პარტიამ, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.
ასევე, კანონპროექტში, ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნილი ვარიანტისგან განსხვავებით გაჩნდა კიდევ ერთი შეზღუდვა – პარტიის საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე ხარჯი, არ უნდა აღემატებოდეს მისი კანონით დაშვებული ოდენობის შემოსავლისა და ხარჯის 10%-ს. კანონში ასევე ცალსახად ჩაიწერება, რომ პარტიას ეკრძალება დაფინანსების მიღება იურიდიული პირებისგან, მათი გაერთიანებების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნებისგან. იცვლება პარტიის მიერ ფიზიკური პირისგან მიღებული შემოწირულობის და საწევროს ლიმიტებიც. აქამდე თითოეული ფიზიკური პირისგან შემოწირულობის მოცულობა წელიწადში 30 000 ლარზე მეტი არ უნდა ყოფილიყო.
კანონპროექტით კი, პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს თითოეული მოქალაქისგან. საწევროს წლიური ოდენობა კი არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს პარტიის თითოეული წევრისგან. ასევე, დგინდება, რომ შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15 %-ზე მეტს წარმოადგენს მის, ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები. მოქალაქეს უფლება ეძლევა შემოწირულობა გააკეთოს წლის განმავლობაში რამდენიმე პარტიის სასარგებლოდ, მაგრამ შემოწირულობათა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დადგენილ ზღვრულ ოდენობას - 60 000 ლარს.
აქამდე, თუ პირი პარტიას წელიწადში 300 ლარზე ნაკლებს მისცემდა, არ იყო სავალდებულო ეს პროცედურა ბანკის მეშვეობით განეხორციელებინა, კანონპროექტით კი ნებისმიერი ოდენობის შემოწირულობის მიღება პარტიას, მხოლოდ საბანკო გადარიცხვის მეშვეობით შეეძლება. ასეთი შეზღუდვების გვერდის ავლის შემთხვევაში, თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.
კანონპროექტით, დეტალურად იწერება, თუ რა ვადებში უნდა წარადგინოს პარტიამ ფინანსებზე ინფორმაცია კონტროლის პალატაში: შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია პარტიამ 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს საქართველოს კონტროლის პალატას, რომელიც უზრუნველყოფს მის საჯაროობას, დგინდება ხარვეზების გამოსწორების ვადები და ა.შ.
კანონპროექტს დაემატა სანქციების ნაწილიც, რომელიც პარტიებს დარღვევებისთვის დაეკისრება: კანონის მოქმედი რედაქციით, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან ამის თაობაზე ინფორმაციის დამალვა, თუ შემოწირულობის თანხა არ აღემატება 5000 ლარს, 1000-დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს, ხოლო თუ თანხა აღემატება 5000 ლარს, მაშინ - 3000-დან 5000 ლარამდე.
აღნიშნული ნორმა უქმდება და მის მაგივრად "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტს ახალი მუხლი ემატება, რომელიც ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნილ ვარიანტში არ იყო, თუმცა, უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ სანქციების შემოღებაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა. კერძოდ, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონპროექტში ჩაიწერა, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ აკრძალული შემოწირულობის მიღება ან დამალვა გამოიწვევს აკრძალული ფინანსური შემოწირულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვას და დაჯარიმებას მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის ათმაგი ოდენობით. ასევე, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებისათვის აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განხორციელება გამოიწვევს აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას, შემოწირულობის ათმაგი ოდენობით.
ასევე, მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებაში საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით აკრძალული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობის მიღება ან ამის თაობაზე ინფორმაციის დამალვა გამოიწვევს ამ პირის დაჯარიმებას შემოწირულობის ათმაგი ოდენობით. ხოლო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
ამავე კანონპროექტით დგინდება, რომ კონტროლის პალატის მოთხოვნით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 5000 ლარით. აღნიშნული პასუხისმგებლობები შეიძლება პირს დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. კონტროლის პალატა კი ზემოთ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე სასამართლოს მიმართავს და ამ საქმეების მიმართ გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალწარმოების წესები.
კანონპროექტში ასევე ცალსახად ჩაიწერა, რომ ნებისმიერი გარიგება, რომელიც ყველა ზემოთ ხსენებული წესის და შეზღუდვის თავის არიდების მიზნით დაიდება, ბათილად იქნება ცნობილი და ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება, სახელმწიფო საკუთრებაში მიიმართება.
და ბოლოს, ნოვაცია, რომელმაც ოპოზიციაც დააბნია, არასამთავრობო ორგანიზაციებიც და, სავარაუდოდ, პირველი მოსმენისას გაჩენილი ახალი დებულებით მთელ საზოგადოებასაც დააბნევს – მთელი ეს შეზღუდვები და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის ზომებიც მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე არ გავრცელდება. კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ პოლიტიკური პარტიისთვის დადგენილი ეს შეზღუდვები ასევე ვრცელდება: იურიდიულ პირზე თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან ან სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლის ქვეშ; იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებას.
რაც შეეხება დებულებას, რომელიც ვენეციის კომისიაში არ ყოფილა გაგზავნილი, არის ის, რომ შეზღუდვა გავრცელდება იმ პირზეც, რომელსაც აქვს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ასევე, მისი ოჯახის წევრებზეც და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ პირზეც.
კანონპროექტში განმარტებულია, რომ იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მიზნებთან.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების" შესახებ კანონპროექტი ჯერჯერობით პირველი მოსმენით არის განხილული და მიღებული. საბოლოოდ კი, წლის ბოლომდე დამტკიცდება, შესაბამისად, არ არის გამორიცხული რამდენიმე დებულება შეიცვალოს, გაუქმდეს ან დაემატოს კიდეც. თუმცა, პირველი მოსმენით მიღება, პრინციპების დონეზე მის მიღებას ნიშნავს. შესაბამისად, პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე კონტროლი პრინციპების დონეზე უკვე გაამკაცრა.
845
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85