"ჯიხურების მასობრივად აღების შემდეგ რამდენად დაეხმარება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული ახალი სამსახური ჟურნალ-გაზეთების გავრცელებას? რა პრობლემებია მოსალოდნელი სამომავლოდ და რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი? ამ თემებზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ ამჯერად პრესის სადისტრიბუციო სამსახურების პრესკონფერენციაზე, რომელიც "მაცნეს", "პლანეტა ფორტესა" და "ელვა სერვისის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს და რომელსაც გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში უძღვებოდა, დეტალურად იყო განხილული ყველა პრობლემა და აქამდე გაუცემელ ბევრ კითხვასაც გაეცა პასუხი", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით პრეზიდენტი სააკაშვილი კლავს პრესას! / რაც ამბობენ გავრცელების სამსახურები ივანიშვილის დაფინანსებულ ალტერნატიულ სამსახურებზე?
"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩვენი ჯიხურების არსებობის კანონიერება. თავის დროზე ჯიხურები ყველა კანონის გათვალისწინებითა და დაცვით დაიდგა. თითოეულ ჯიხურზე ზოგჯერ წელიწადიც კი გვჭირდებოდა ადგილსა და დიზაინზე შესათანხმებლად. 2005 წელს ხელახლა დავამტკიცეთ ეს ყველაფერი, რადგან ქვეყანაში სხვა განწყობა იყო და ძველ საბუთებს კანონიერად არავინ თვლიდა. ჩვენც, "მაცნემაც" და "ელვა სერვისმაც" მერიაში კიდევ შევიტანეთ მოთხოვნები ჩვენი დისლოკაციის ადგილების დამტკიცების შესახებ და გვაქვს საბუთები, რომელიც შეთანხმებულია მერიის ყველა სტრუქტურასთან. ჩემმა ორგანიზაციამ 123 ადგილზე მიიღო ნებართვა და მოვასწარით და მოვახერხეთ 80 ადგილზე განგვეთავსებინა ჯიხური. 2007 წლიდან დაიწყო ჯიხურების აღების პირველი კამპანია - ამ დროს ჩვენი 38 ჯიხური აიღეს. ორი წლის წინ შევხვდით მერიის ხელმძღვანელობას და მყარი გარანტიები მივიღეთ, რომ 15-წლიან იჯარას გაგვიფორმებდნენ. საბუთები ახალი ფორმებით მოგვთხოვეს. ყველა ჯიხურის აზომვითი ნახაზიც კი გავაკეთეთ, იმის შემდეგ ყოველ 2 თვეში ვეხმიანებიოდით - გვეუბნებოდნენ, ცოტა ხანს დაგვაცადეთო, მაგრამ აგერ რა გვითხრეს? აალაგეთ თქვენი უკანონო ჯიხურები და გაიტანეთ ქალაქიდანო", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "პლანეტა ფორტეს ხელმძღვანელი მერაბ ჩანჩალაშვილი.
"ქალაქში 2007 წლის ბოლოსთვის სამივე ორგანიზაციის 221 ჯიხური იდგა. აქედან "მაცნესი" იყო 119, "პლანეტა ფორტესი" - 80 და "ელვა სერვისის"- 22. 2007 წლიდან აიღეს "მაცნეს" 80 ჯიხური, "პლანეტა ფორტესი" - 69 და "ელვა სერვისის" - 20. გეტყვით, რა რაოდენობის გაზეთს ვავრცელებდით თვეში საშუალოდ - მე მაქვს "მაცნესა" და პლანეტა ფორტეს" ციფრები. "მაცნე" ავრცელებდა თვეში 275 ათას გაზეთს და დღეს 40 ათასს ავრცელებს, "პლანეტა ფორტე" ავრცელებდა თვეში 170 ათას გაზეთს და ახლა ავრცელებს 51 ათასს. ხვალ და ზეგ, ალბათ, ესეც შემცირდება. დანაკლისი 75-80 პროცენტია. 2007 წელს "მაცნესა" და "პლანეტა ფორტეში" თანამშრომელა რაიოდენობა იყო 265 ადამიანი - შესაბამისად 150 და 115. დღესდღეობით "მაცნეს" ჰყავს 64 თანამშრომელი და პირველი იანვრიდან 35-ის შემცირება უკვე იგეგმება. "ჩვენ გვყავს 33 თანამშრომელი და აქედან, ალბათ, 20 კაცი მაინც კიდევ შემცირდება. ფაქტობრივად, უმუშევრად 180 ადამიანი რჩება. ჩვენ კი ვართ გაკოტრების წინაშე და ვიხურებით", დასძენს მერაბ ჩანჩალაშვილი.
"თუ ეს გაგრძელდა და სტენდები აიკრძალა, პრესის გავრცელება შეწყდება. ის პირები, რომლებიც ჯიხურების ადგილზე ჩავანაცვლეთ, ისეთ მასშტაბებს ვეღარ ითვისებენ - იმიტომ, რომ მათ არ აქვთ სათანადო ტექნიკური საშუალებები გამოფინონ პროდუქცია, რაც გაყიდვების პირდაპირპროპორციულია. შესაბამისად, სად დაასაწყობონ საქონელი, ამის პრობლემაც აქვთ, რაც ძალიან სერიოზულია. ხარჯების მაჩვენებელი გაიზრდება და რენტაბელობა ქვემოთ წამოვა", - განმარტავს "ელვა სერვისის" ხელმძღვანელი რამაზ თეთრუაშვილი. "ალია" დაინტერესდა იმით, რამდენად მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი და დაფინასებული ორგანიზაცია, რომელიც არსებული გავრცელების სამსახურების დახმარებას და ჯიხურების ნაცვლად ალტერნატიული სამსახურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. "მაცნასა" და "ელვა სერვისი" წარმომადგენლებმა ამაზე პრაქტიკულად ვერაფერი გვითხრეს და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ ეს პროექტი ჩამოყალიბების პროცესშია. "პლანეტა ფორტეს" ხელმძღვანელმა კი საინტერესო პასუხი გაგვცა", - აღნიშნავს გამოცემა.
"ამის შესახებ ინფორმაცია მე მაქვს. ჩემს მიმართ იყო წინადადება. ვთვლი, რომ დახმარების მხარდაჭერის ღონისძიებები უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ ეს უნდა ჩაეტარებინათ გამავრცელებლებს. ის, რაც მე შემომთავაზეს. ჩემთვის ჯერჯერობით მიუღებელია და თუ იქნება რამე წინადადება, სადაც ჩვენს ორგანიზაციას წარმოვიდგენ სრულყოფილ პარტნიორად, წევრად, რა თქმა უნდა, დავფიქრდები. სტრუქტურა თუ ყალიბდება, ჩართულები, ალბათ, თავიდანვე უნდა ვყოფილიყავით - ახლა გამოვიდა, რომ სტატისტის როლში ვართ. შემოთავაზება იყო, რომ ჩვენ გაგვეწია დისტრიბუცია იმ ადგილებისთვის, სადაც "კრიკუნები" დადგებოდნენ. დისტრიბუცია ნიშნავს მხოლოდ მიტანას. რა თქმა უნდა, შემოთავაზება იყო ისიც, რომ მონაწილეობა მიმეღო მათი კადრების შერჩევაში. მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი როლი იყო ძალიან პატარა", - მიიჩნევს მერაბ ჩანჩალაშვილი.
"კრიკუნები რომ დადგებიან და 300 ლარი რომ იქნება ხელფასად დანიშნული, ვთვლი, რომ ეს ნარკოტიკივით იმოქმედებს ამ სფეროზე. ახლავე ვიტყვი, 300 ლარს მე ვერ გადავუხდი და ჩემი გამყიდველიც ხომ იქით გაიქცევა - ამაში ვხედავ საშიშროებას, თან წინასწარ ხომ უნდა ვიცოდეთ, რამდენ ხანს იქნება ეს თანხა? ანუ წინასწარ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი - რა თანხებია გამოყოფილი, რა ვადიანი დაფინანსებაა, რამდენად გაუძლებს ის და ა.შ. რაც ახლა შემოგვთავაზეს, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს, არ დაგიმალავთ და ვერც იმაში ვხედავ აზრს, რომ აუქციონში მივიღო მონაწილეობა. ჩემი ორგანიზაცია მხოლოდ პრესის გავრცელებით იყო დაკავებული, ამიტომ სამოქმედოდ საკმარისი არ არის ქალაქში მქონდეს მხოლოდ 10 ჯიხური. მე მჭირდება 5 სატრანსპორტო საშუალება, ისინი რომ ვამუშაო. ჯიხურების 70% არ გაიყიდა აუქციონზე და განაცხადიც კი არ არის შემოსული მასზე. გნებავთ, მოგვცეს საშუალება ავირჩიოთ უბნები და მერე ერთმანეთში გადავინაწილებთ, ზედმეტ ხარჯებს რომ მოვერიდოთ. ჯერჯეროპბით შემხვერდ წინადადებებს ვერ ვხედავ - 10 და 20 ჯიხური ქალაქში არის წამგებიანი", - აცხადებს მერაბ ჩანჩალაშვილი.
"პრესის გამავრცელებელი სამი კომპანიის - "მაცნეს", პლანეტა ფორტესა" და ელვა-სერვისი" კუთვნილი 144 ჯიხურიდან თბილისში ამ ეტაპზე მხოლოდ ოცამდე ჯიხური დარჩა. პრესის გამავრცელებელი კომპანიების დირექტორები აცხადებენ, რომ ისინი უკვე გაკოტრების პირას იმყოფებიან და ვერ უზრუნველყოფენ მომხმარებელთან კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით სადისტრიბუციო კომპანიების ხელმძღვანელები მერიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას და პრესის გამავრცელებლებისთვის ცალკე აუქციონის გამართვას ითხოვენ", წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბრძოლა ბეჭდური მედიის წინააღმდეგ გრძელდება / გამქრალი პრესის ჯიხურები, შემცირებული ტირაჟები და გაკოტრების პირას მყოფი გამავრცელებლი კომპანიები.
"ჩვენ აუქციონი მოვიგეთ პერიფერიბში და იქ პრესა არ იყიდება. რაც შეეხება მერიის არგუმენტს, რომ შეგვიძლია სხვა სახის პროდუქტიც გავყიდოთ, ჩვენი სამსახური მომართული იყო მხოლოდ ჟურნალ-გაზეტების გასაღებაზე, სხვა ბაზარზე რა ხდება შესწავლილი არ გვაქვს, სხვა პროდუქციის შეტანა რისკებს შეიცავს", - აცხადებს "ელვა სერვისის" დირექტორი რამაზ თეთრუაშვილი... პრესის გამავრცელებელი კომპანიები აუქციონში მონაწილე მსხვილ ბიზნეს-კომპანიებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ იმ ადგილების ყიდვისგან, სადაც პრესა იყიდება. ამასთან, გამავრცელებლები ამბობენ, რომ კონტრაქტი, რომელიც მერიასთან უნდა დაიდოს კაბალური ხასიათისაა: კერძოდ, გადასახადის ათვლა იწყება ოქმის გაცნობის საათიდან, ხოლო ერთი ჯიხურის დამზადებას რამდენიმე კვირა სჭირდება და ჭირებულება დაახლოებით 7 ათასი ლარია. რაც შეეხება პრესის გამავრცელებლების მოთხოვნას, რომ მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მერიაში ამბობენ, რომ შეხვედრის პრობლემა არასოდეს ყოფილა..." - აღნიშნავს გამოცემა.