"არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგეს და "ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში".


"თავისუფალი ბეჭდური მედია ამგვარი ტიპის ხელისუფლებისთვის ადრეც საშიში იყო. უბრალოდ, თვითონ ხელისუფლებაში აფასებდნენ პრესის როლს არასწორად. სააკაშვილს მიაჩნდა, რომ ტელევიზიების კონტროლის პირობებში ჟურნალ-გაზეთები ანგარიშში ჩასაგდებიც არ იყო. არადა, საქართველოს რეგიონებში, სადაც ობიექტური ინფორმაციის ყველა სხვა გზა დახშულია, პრესას მიენიჭა გადამწყვეტი როლი და შესაბამისად, მისი გავლენაც გაიზარდა, რაც ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმაც აჩვენა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" უცებ აღმოაჩინა, რომ ჟურნალ-გაზეთებიც საშიში ყოფილა. ამიტომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომ დისტრიბუციისთვის პრობლემების შექმნით პრობლემები შეუქმნან თავისუფალ მედიას. ხელისუფლების აპოლოგეტები ამტკიცებენ, რომ ეს პოლიტიკასთან არაფერ შუაშია, არადა, ბავშვიც კი მიხვდება, ეს რა პროცესია. მომწონს, რომ ამ ბრძოლაში პრესა ერთიანია, დარწმუნებული ვარ, ბეჭდური მედია ამ საქმეში არ დამარცხდება", - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგეს და "ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიას ჩაუდგეს სათავეში".

"გრიგოლ ვაშაძემ ბი-ბი-სისთან ინტერვიუში განაცხადა - მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პრემიერ-მინისტრობა პრეზიდენტის გეგმაში არ შედისო. ამგვარი განცხადება პირველად არ კეთდება. უფრო ადრე სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს. ვაშაძის განცხადებაც სწორედ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული. ეს იყო, ძირითადად, საგარეო მოხმარებისთვის გაკეთებული განცხადება, რადგან მშვენივრად იციან, რომ დასავლეთში სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ. კარგი იქნებოდა ეთქვათ, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ მიდის პოლიტიკიდანო, მაგრამ ამას არ ამბობენ. სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს აქვს მოქმედების სხვა გეგმაც, რომელიც იმ შემთხვევაში ამუშავდება, თუ დაინახავენ, რომ მისი პრემიერობა არ გამოდის. პარლამენტის თავმჯდომარეობა კი გამორიცხული მგონია. ძნელი წარმოსადგენია, მიხეილ სააკაშვილი ხუთი საათის განმავლობაში ერთ ადგილას დაჯდეს და სხდომა წაიყვანოს. ეს მის შესაძლებლობებს აღემატება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

"ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რომ ქართველი ხალხის რეფერენდუმით გამოხატული ნება არ დაირღვა, და რომ მაჟორიტარული სისტემა ორი დეპუტატით შემცირდა, თუმცა ეს ხელისუფლების კეთილი ნება კი არა, ობიექტური რეალობის ბრალი იყო. სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლების წყალობით დავკარგეთ ტერიტორიები და ახლა იმდენი ვეღარ ითავხედეს, ამ დაკარგული ტერიტორიებიდან მაჟორიტარები აერჩიათ. ხელისუფლებას თავდაპირველად მართლაც სურდა დეპუტატთა რაოდენობის 190-მდე გაზრდა, რითაც უნდოდათ დაეკმაყოფილებინა ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლების თამაშში მონაწილეობენ. ხელისუფლება მათ პარლამენტში შეყვანას და იმაზე მეტი დეპუტატის გაყვანას ჰპირდებოდა, ვიდრე ეს 150 დეპუტატის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ჩემი აზრით, ამ თამაშში ოპოზიცია ხელისუფლებას არ უნდა წაჰყოლოდა", განაგრძობს რესპონდენტი.

"პოლიტიკურ რვიანში" ყოფნისას "ქრისტიან-დემოკრატებს" და "ახალ მემარჯვენეებს" ერთი სიტყვაც არ უთქვამთ პარლამენტართა რიცხვის გაზრდაზე, ისინი მერე აიყოლია ხელისუფლებამ ამ პოლიტიკურ თამაშში. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, მიხვდნენ, რომ 150 მანდატი ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი აღარ იყო, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს არასაპარლამენტო ოპოზიციის აზრის გათვალისწინება და "მეგობრები" "გადააგდეს". სასაცილოა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისგან რაღაც შეთანხმებასა და მიღწევაზე ლაპარაკი, მაგრამ მათიც მესმის, ძნელია აღიარო, რომ მოგატყუეს", - თვლის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერი 

"იმხანად ივანიშვილს პოლიტიკაში ჩართვის თაობაზე მხოლოდ ერთი პატარა განცხადება ჰქონდა გაკეთებული, არც მისი მოსაზრებების შესახებ ვიცოდით რამე, არც ის - ოპოზიციასთან აპირებდა თუ არა თანამშრომლობას. არ არსებობდა არავითარი სოციალური კვლევა. დღეს სულ სხვა რეალობაა. შესაბამისად, უმნიშვნელოა, რას ვამბობდით ადრე. მესმის, რომ ვიღაც ძალიან ცდილობს ჩვენსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობის გაფუჭებას, მაგრამ სულ ტყუილად. ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკელებთან და "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად მკაფიოდ აქვს გადაწყვეტილი სააკაშვილის და მისი რეჟიმის არჩევნების გზით დამარცხება. ხელისუფლებამ კი ჯერაც არ იცის, როგორ, რა სტრატეგიით დაგვიპირისპირდეს, ამიტომაც ჭორებითა და უსაფუძვლო განცხადებებით ცდილობენ ჩვენთან დაპირისპირებას. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთი სერიოზული კომპრომატიც კი ვერ მოიძიეს, ვერც მის ბიზნესზე, ვერც მის ქველმოქმედებაზე და ვერც ვერაფერზე", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.

"არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილმა არაორდინარული ნაბიჯი გადადგას: პრეზიდენტობიდან გადადგეს, ჩაუდგეს საარჩევნო სიას სათავეში და იბრძოლოს "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვებისთვის, მაგრამ ამ დროს ბაქრაძე პრეზიდენტობის მოვალეობას რომ შეასრულებს, ეს ისეთი სასაცილო იქნება, შეიძლება ვერც გადავიტანო. რა ამბავია, საქართველოში ყველა ჩიტირეკია პრეზიდენტი როგორ უნდა გახდეს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "შეიძლება საპარლამენტო არჩევნები ვადამდე, გაზაფხულზე დაინიშნოს?", პასუხობს:

"ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად გარკვეული ნაბიჯები უკვე უნდა გადადგმულიყო, რაც არ ჩანს. არც სახელისუფლებო კრიზისია. მოკლედ, მე მაინც მგონია, რომ სააკაშვილი დაცდას ამჯობინებს იმ იმედით, რომ მომავალი წლის შემოდგომამდე ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს იქნებ რაღაც დაემართოს. ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილი ძალიან რომ აშინებს, იმ საკანონმდებლო ცვლილებითაც კარგად გამოჩნდა, რომლითაც საკონსტიტუციო ცვლილებისთვის უკვე პარლამენტართა ხმების 2/3 კი არა, 3/4 იქნება საჭირო. მოგეხსენებათ, ივანიშვილმა განაცხდა, პარლამენტში 2/3-ით მოვალო და სასწრაფოდ მიიღეს ზომები, მაგრამ მაგათ ავიწყდებათ ერთი რამ, სულ ტყუილად აქვთ ელდარ კვერნაძისა და მისი მსგავსი დეპუტატების იმედი, კოლექტიურ "ელდარ კვერნაძეს" ლავირების საოცარი უნარი აქვს, თან ყოველთვის გამარჯვებულის მხარესაა. მოკლედ, თუ ივანიშვილმა მოახერხა და 2/3-ით შევიდა პარლამენტში, იმ 3/4-ისთვის საჭირო ხმები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" სიით გასული დეპუტატების ხმები იქნება".