სოზარ სუბარი:

სოზარ სუბარი: "ვდგავარ იქ, სადაც ფრონტის ხაზია"


"პარტიიდან ივანიშვილის გამო არ წამოვსულვარ. წამოსვლის მიზეზი ბევრი რამ იყო და ამაზე საუბარი რომ მდომოდა, აქამდეც ვილაპარაკებდი. ბიძინა ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა მას შემდეგ, რაც საჯაროდ განვაცხადე, რომ "ქართული პარტიის" თავმჯდომარე აღარ ვარ - ორი თვის წინ წამოვედი, მაგრამ ივანიშვილთან პირველი შეხვედრა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შედგა - დეტალებს, სად ვიქნები და რა ფორმით მაშინ გამოვაცხადებთ, როცა მზად ვიქნებით... რაც შეეხება ალასანიასა და უსუფაშვილთან კონფლიქტს, რა ვიცი, პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტი რომ არ ყოფილა, ისეთ პოლიტიკოსს თქვენ ვერ ნახავთ. ჩვენ ჯერ არანაირი შეხვედრა არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კახეთში გასვენებაში "რესპუბლიკელებს" შევხვდი. ჩვენ შორის კონფლიქტი ადამიანურ დონეზე არც ყოფილა", - აცხადებს "ქართული პარტიის" ყოფილი თავმჯდომარე სოზარ სუბარი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საუბარი: ვდგავარ იქ, სადაც ფრონტის ხაზია / სააკაშვილის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობა ივანიშვილის ავტორიტეტია - მიაჩნია ყოფილ სახალხო დამცველს.

"სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა, ქვეყანაში არჩევნების მოგების შანსი არ არსებობდა. ეს შანსი დღეს გაჩნდა. ჰქონდა თუ არა შანსი ოპოზიციას არჩევნები მოეგო? - ამაზე ყველა ქართველმა იცის პასუხი - 30%-ის მიღების შანსიც არ ჰქონდა ოპოზიციას. როგორ შეიძლება ადამიანს არეულობა მოსწონდეს, მაგრამ მანამდე მხოლოდ ეს იყო გამოსავალი. ვერავინ ვერ გადააგდებდა მუბარაქს, ეგვიპტეში გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, გაგრძელდებოდა კადაფის რეჟიმი, ხალხი ქუჩაში რომ არ გამოსულიყო, მაგრამ როცა არჩევნების შესაძლებლობა არსებობს, რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ არჩევნები არ არის ერთადერთი და სწორი გზა... ჩემს ნაცნობებში, საახლობლოში ადამიანს არ ვიცნობ, ვინც ნაციონალებს აძლევს ხმას უშუალოდ მათ სტრუქტურებში დასაქმებულთა გარდა და სხვათა შორის, მათ რიგებშიც ბევრი ამ პარტიის გამარჯვების წინააღმდეგია, გამოკითხვები კი რა შედეგს ასახავს - შეგნებულად აყალბებენ თუ ხალხია დაშინებული და არასწორ პასუხებს იძლევა - სოციოლოგი არ ვარ და ამაზე პასუხი არ მაქვს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

"დღეს ფრონტის ხაზი იქ გადის - არსებობს ან სააკაშვილი და ან სააკაშვილის დამარცხება. სააკაშვილის დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობა კი ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და მის ირგვლივ გაერთიანებული ძალაა. ჩემს შესახებ ძალიან ხშირად დემაგოგობენ, რომ ბიჭები ციხეში არიან, მე კი ამ დროს "ქართული პარტია" დავტოვე და ის დაჭერილი ბიჭები მივატოვე. ჩემი ძმაც ციხეშია და სწორედ იმის გამო, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ, საჭიროა დავდგეთ იქ, სადაც ფრონტის ხაზია - ეგ არის და ეგ", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"ქართულ პარტიაში" მაისის შემდეგ რევოლუციაზე ლაპარაკი მორჩა და როცა ბევრი რამ გადავხარშეთ, ვთქვით, რომ ამ ეტაპზე საქართველოში რევოლუცია ვერ მოხდება და ლაპარაკი არჩევნებზე დავიწყეთ. არჩევნებით გამარჯვების შანსი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა იყო. ოპოზიცია რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში ვიყავით - ან სააკაშვილის კატასტროფული შეცდომა, ან მსგავსი მოვლენა, როგორიც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენაა. და ივანიშვილი გამოჩნდა... პარტიაში რა ხდება, გუშინ რა მოხდა, არ ვიცი. ყრილობის მოწვევის უფლება ჰქონდა თავმჯდომარეს ან პოლიტიკური საბჭოს წევრთა ნახევარს ან პარტიის წევრთა მეოთხედს. ყრილობა თავმჯდომარეს არ მოუწვევია, იმიტომ, რომ მე იქ აღარ ვარ. პოლიტსაბჭოს ნახევარზე მეტი პარტიიდან წავიდა და პარტიის წევრთა მეოთხედის ხელმოწერები შეკრიბეს თუ არა, საქმის კურსში არ ვარ. ძალიან ბევრი "ქართული პარტიის" წევრი ვნახე "მაესტროს" დასაცავად და განაცხადეს, რომ ამ ამბის შემდეგ ისინი პარტიაში არ დარჩებოდნენ. რაღაც ნაწილი ჩემ გამო წამოვიდა, რაღაც ნაწილი გაჩეჩილაძეს და გუნცაძეს გაჰყვა ადრე. ჯამში რამდენმა ადამიანმა დატოვა პარტია, ამაზე არ მინდა საუბარი"- განაგრძობს "ქართული პარტიის" ყოფილი თავმჯდომარე.

"ალიანსში რომ ვიყავი, როცა ვნახე, რომ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ვფიქრობდი, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ვთქვი. შემდეგე ალიანსი დაიშალა და ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა... რაც "ქართულ პარტიაში" ვიყავი იმ ერთმა წელმა, ჩემს იმიჯზე ძალიან დადებითად იმოქმედაო, რომ ვთქვა, არ ვიქნები მართალი. სადაც კი მივიდოდი, ყველა მეუბნებოდა, აქ რა გინდაო. მაგრამ რა ვქნა, ცხოვრება ასეა, როცა რაღაც იდეაზე ფიქრობ, შეიძლება შეცდომა დაუშვა. გამოსწორების გზებიც არსებობს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "თუკი ბევრი გეუბნებოდათ იმას, რატომ ადრე არ დატოვეთ "ქართული პარტია"? - პასუხობს:

"ზუსტად ვიცოდი, ამ პარტიაში ჩემს მისვლას რა რეაქციაც მოჰყვებოდა, მაგრამ ქვეყანაში რეალური ცვლილებების განმხორციელებელ ძალას ვერ ვხედავდი და ვფიქრობდი, რომ შევქმნიდით. მაისი შემდეგ ეს ოცნება თუ გეგმაც ჩაქრს, ახლა გამოვიდა ადამიანი, რომელსაც რეალური ცვლილებებების განხორციელება შეუძლია".