ათას არჩევნებზე ”გადამხტარი” გოგორიშვილი საარჩევნო ასპარეზზე კვლავ გამოდის

ათას არჩევნებზე ”გადამხტარი” გოგორიშვილი საარჩევნო ასპარეზზე კვლავ გამოდის

„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმული რეკომენდაციებიდან ხელისუფლება მხოლოდ იმის გათვალისწინებას აპირებს, რაც აწყობს. ხოლო რაც არ აწყობს, აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიამ არ იცის ქართული რეალობა და ამიტომ კონკრეტულ საკითხებს ვერ გაითვალისწინებენ.

ცნობისთვის, ასეთი განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 8 დეკემბერს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის კომენტარისას გააკეთა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.

კუბლაშვილის ეს განცხადება, ცხადია, იმაზე მიუთითებს, რომ ეს რეკომენდაცია ნამდვილად არსებობს და ხელისუფლებაში ძალიან კარგად იციან ამის შესახებ.

მაგრამ პარასკევს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის საკმაოდ ცნობილი წარმომადგენელი, ხათუნა გოგორიშვილი, რომელიც ბოლო დრომდე აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო საკითხებზე სამუშაო პროცესში, (ხელისუფლებამ ბოლო მოლაპარაკებებში იმიტომ არ ჩართო, რომ საზოგადოებას ამ პროცესისადმი ნდობა ჰქონოდა, გოგორიშვილი კი საზოგადოებაში სარჩევნო გაყალბებებთან ასოცირდება), კატეგორიულად აცხადებდა, ვენეციის კომისისი რეკომენდაციებში ასეთი რამ არ წერიაო.

უფრო მეტიც, გოგორიშვილმა საკმაოდ აგრესიულად სცადა ჯონდი ბაღათურიას დაცინვა, მაჩვენე, ასეთი რამ სად სწერიაო.

საქმე ის არის, რომ ბიუროს სხდომაზე ჯონდი ბაღათურიამ ხელისუფლებას სწორედ ეს კითხვა დაუსვა, თუ სხვა საკითხებში ითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რატომ ამას არ ითვალისწინებთო. უმრავლესობას კი ბოლო პერიოდში ჩვევად ექცა, რომ ჯონდი ბაღათურიას დასცინოს ნებისმიერ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე დოკუმენტებს ეხება.

არადა, ამ შემთხვევაში ბაღათურია ნამდვილად მართალი იყო. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სამუშაო ვარიანტში, რომელიც ოფიციალურად არის გამოქვეყნებული, ერთ–ერთი რეკომენდაცია პროექტის იმ დებულებას ეხება, რომელიც უცხოელ მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში აგიტაციას უკრძალავს.

ეს დებულება ახალი არ არის. იგი არსებული საარჩევნო კოდექსის ნაწილიც არის. თუმცა, ამ დებულებამ მეტი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა მილიარდერი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საქართველო მოქალაქეობა შეუწყვიტეს.        

ვენეციის კომისიამ, რომელმაც წარსულში უკვე მოუწოდა საქართველოს გაეუქმებინა ეს აკრძალვა, კვლავ ურჩევს მას, რომ „ეს აკრძალვა გაუქმდეს“.

„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის არმქონე პირებს (მოქალაქეობის არ მქონე პირებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს) არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, მათ ნამდვილად აქვთ უფლება თავისუფლად გამოხატონ თავისი აზრი, შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ დებატებში საარჩევნო კამპანიების დროს. ამგვარი დებულება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირების ფუნდამენტალურ უფლებებს ზღუდავს და ადამიანის ძირითად უფლებებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში და გოგორიშვილს შეუძლია, წაიკითხოს და, თუკი აქამდე არ წაუკითხავს, ეს ბაღათურიას ბრალი არ არის.   

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლება ასევე არ ითვალისწინებს ვენეციის რეკომენდაციას იმის თაობაზე, რომ გუბერნატორებს არ უნდა ჰქონდეთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება.

გარდა ამისა, მოქმედი ნორმების მსგავსად, ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების უფლებას იძლევა – კერძოდ, სახელმწიფო შენობების, საკომუნიკაციო საშუალებების, მანქანების – კამპანიის მიზნებისთვის იმ პირობით, რომ ყველა კანდიდატისა და პარტიისთვის ისინი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება.

„ერთი შეხედვით, ეს დებულება თანასწორი შესაძლებლობის პრინციპს იცავს, თუმცა, პრაქტიკულად ამგვარი თანასწორობა სწრაფად შეიძლება შეილახოს, რადგანაც სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიებს უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი ამგვარ რესურსებზე.

ეს პრობლემა ნაწილობრივ კანონმდებლობაში სიცხადის და სიზუსტის ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ასევე განმეორდა კოდექსის პროექტში. კოდექსის პროექტის დებულებები ბუნდოვანს ხდის ხაზს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის და არ შეესაბამება ეუთოს ვალდებულებებს“, – ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებში. ხელისუფლება კი არც ერთი ამ საკითხის გათვალისწინებას არ აპირებს.