“ფეისბუქზე” ვნახე სტატუსი, ამ პრეზენტაციამ საბჭოთა კავშირი გამახსენაო. თუ რეპი გაიგონე, რომელ საბჭოურზეა ლაპარაკი? ერთმა ჟურნალისტმა გამოაცხადა, შავ ფერებში იყვნენ ჩაცმულებიო. ის ხალხი რომ თეთრ ტანსაცმელში მოსულიყო, ალბათ, იტყოდნენ, ხედავთ, წმინდანებივით გამოწყობილანო. რეპმაც საბჭოთა კავშირი გაახსენა, ვერ გავიგე? შეიძლება, ძველსაც ვუსმენდე და ახალ სიმღერებსაც, მაგრამ ეს არაა ის არგუმენტი, რომელიც მომხრეებს გაამრავლებს. ისინი წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან, პერსონალურ შურისძიებაზე გადადიან. ჩემზე ჯერ ვერ გამონახეს ვერაფერი, როგორც მაგალითად, კახი კალაძეზე - ნაკრები დატოვა... ვერ ჩაჭიდეს ვერაფერს ისეთს ხელი, ბიძინა ივანიშვილი რომ საფუძვლიანად გააკრიტიკონ. მიმაჩნია, რომ ეს უნიჭო პროპაგანდაა”, - ამბობს მწერალი გურამ ოდიშარია, რომელიც “ქართული ოცნების” გუნდს შეუერთდა.
ბატონო გურამ, “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდით. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?
- ბატონი ბიძინას გუნდში გაერთიანდა რამდენიმე ისეთი ადამიანი, ჩემი თანამოაზრეები, რომლებსაც ქართულ-აფხაზური პრობლემის გარშემო ერთნაირი ხედვა აქვთ. მეც ამ ადამიანებთან ერთად მოვდივარ და მათთან ერთად ვამბობდი, რომ დაკარგული ტერიტორიები არა კვადრატ-კვადრატ და ომით, არამედ, მშვიდობიანად, ადამიან-ადამიანად, აფხაზ-აფხაზ, ოსებ-ოსებ უნდა დავიბრუნოთ. მხოლოდ მშვიდობიანი დიალოგით თუ მივაღწევთ მიზანს, სხვა პათეტიკა ჩემთვის უცხოა.
მაინც, რა არის თქვენთვის ქართული ოცნება და როდის იქცევა ის რეალობად?
- ქართული ოცნება რეალობად რომ იქცეს, ეს თვითოეულ ჩვენგანსა და ურთიერთგაგებაზეა დამოკიდებული. ჩემთვის ქართული ოცნება ისაა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად ვაკეთოთ ერთიანი საქმე ისე, რომ საქართველოში არ დარჩეს ადამიანი, რომელიც განზე დარჩება იმ პროცესებისაგან, რასაც ჰქვია თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს ქვეყანაში შიშია გამეფებული, თუმცა ერთმანეთს მშიშრები კი არა, ლაღები, თავისუფლები და მართლები ვჭირდებით. უამრავი რამაა გამოსასწორებელი და ამაზე ბევრი უნდა ვიფიქროთ და ვისაუბროთ. აუცილებელია ერის კონსოლიდირება, სხვანაირად, ერი დაკარგავს გადარჩენის იმუნიტეტს. ასეთი ერი განწირულია ქრონიკული დამარცხებისთვის. ბევრი დამარცხება ვიგემეთ, განსაკუთრებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში, როცა შევისუნთქეთ თავისუფლების ჟანგბადი და ვერ მოვერიეთ მას - ნამეტანი მოგვივიდა, თურმე, ამისთვის არ ვყოფილვართ მზად. გზადაგზა ვსწავლობთ ბევრ რამეს, მაგრამ საუბედუროდ, ისევ ვუშვებთ იმ შეცდომებს, რომლებსაც ვუშვებდით 20-25 წლის წინ. აუცილებელია კონსოლიდაცია, ერთმანეთისთვის სიმართლის თქმა, გულღია საუბარი. ჩვენს მიწაზე, რომელიც წინაპართა სისხლითაა მორწყული, ყველას თანაბარი უფლება გვაქვს, უნდა იყოს გამჭვირვალობა. ჩვენს დიდ ოჯახში მარცხენამ ყოველთვის უნდა იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენა.
ერთხელ თქვით, ომის შემდეგ ადამიანებს გამჭვირვალედ ვხედავო. როგორია ბიძინა ივანიშვილის თქვენეული “რენტგენოგრამა”?
- ბედნიერებაა, რომ ერს ჰყავს კაცი, რომელმაც, სრულიად უქონელმა სწორად გათვლილი, გაანგარიშებული, პატიოსანი ნაბიჯები გადადგა დამოუკიდებლად, შემდეგ კი, თავისი ქონების უდიდესი ნაწილი საკუთარ ხალხსა და ერს მოახმარა. მართლაც, საოცარი ქველმოქმედი, სიკეთის გამკეთებელი კაცია. სხვაც უამრავია დიდი ფულის პატრონი, მაგრამ მოყვრისთვის ადვილად არას იმეტებს. როდესაც ამისთანა კაცი გყავს, არ შეიძლება, მისი ენერგია, ნიჭი, უნარი არ გამოიყენო. ბატონმა ბიძინამ ტრენინგ-სემინარები რომ ჩაატაროს და ხალხს უთხრას, თუ როგორ შეიძლება გახდეს წარმატებული, მარტო ეს იქნება უზარმაზარი სწავლება ერისთვის. დიდ უსამართლობად მეჩვენება, სამშობლო, დღეს წარმოდგენილი ხელისუფლების სახით, არ აძლევს უფლებას, რომ ატაროს საქართველოს მოქალაქის მოწმობა. არ შეიძლება, ჩვენ ასეთი დიდი უსამართლობები დავუშვათ, თორემ ხვალ და ზეგ ჩვენი შვილები და შვილიშვილები უფრო დიდ უსამართლობებს დაუშვებენ და მაშინ მართლა ძალიან ცოდვა იქნება ქვეყანა.
“ქართული ოცნების” პრეზენტაცია ემოციური იყო, თუმცა მმართველ გუნდში ქილიკობენ, “ქართული ოცნება” წითელი ინტელიგენციის დაბრუნებას ნიშნავსო...
- ეს უნიჭო პროპაგანდაა. რამდენიმე გენერალი გადაიღეს და მერე ამბობდნენ, რომ შევარდნაძის პერიოდის გენერლები არიან. ჯერ ერთი, ისინიც ადამიანები არიან, ჩვენი მოქალაქეები და მათაც, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აქვთ ერთი სიცოცხლე, ერთი ღირსება...
ქილიკი ცუდად მაქვს დაცდილი, ვინაიდან ეს კრიზისის ნიშანია. სიძულვილის აღზევება ისევ გრძელდება, როგორც მაშინ, 20 წლის წინ, როდესაც ადამიანის ფაქტორი დავივიწყეთ, ჩვენსა და აფხაზებს შორის დიალოგი შეწყდა და ერთმანეთს სროლა დავუწყეთ. სოხუმელი კაცი ვარ, ბოლომდე იქ ვიყავი და როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში ქილიკი წავიდა, ამას მოჰყვა ავსიტყვაობა, შემდეგ, ერთმანეთს ვესროლეთ. მაშინ გაიბზარა საქართველო და კარგად მახსოვს, სოხუმში რადიკალურად მოაზროვნე პოლიტიკოსებმა შეკრიბეს აფხაზები და უთხრეს, ნახეთ, თბილისში ერთმანეთს როგორ ხოცავენ და თქვე უბედურებო, თქვენ რა გეშველებათ, აიღეთ იარაღი, შეაგროვეთ ფული, ეს ხალხი ჩამოვა აქ დაიწყება ომი და უნდა დავხვდეთო. ჩვენ მაშინ მეგობრები მტრებად გავიხადეთ. ესეც პროპაგანდის შედეგი იყო. “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა და საზოგადოებისთვის მისაღები უამრავი ადამიანი ვნახე, მაგრამ სახელისუფლებო, ჩასაფრებულმა არხებმა მხოლოდ რამდენიმე ადამიანის კადრი აჩვენეს. ეს უნიჭოდ დადგმული პროპაგანდა. გარდა ამისა, “ფეისბუქში” ვნახე, რომელიღაც ჟურნალისტი ასკვნიდა, ნახეთ, ამათი სიმბოლო შავი ფერია, ბიძინა ივანიშვილს შავი აცვიაო...
ისეთი სასტიკი სიძულვილია, ისეთ სიტუაციას ქმნიან, რომ ერთი უნდა დამარცხდეს, მეორემ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ სულ გვაქვს მოლოდინი, რომ ვიღაც დამარცხდება, ვიღაც - გაიმარჯვებს, ეს ტრადიციად გვექცა. არ ვფიქრობთ, რომ იქნებ, გავერთიანდეთ და ერთად გავიმარჯვოთ. ჯანსუღს აქვს ერთი კარგი ლექსი, საქართველო, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავიო. ხანდახან ცრემლი მერევა, როცა ვხედავ, როგორ უფუნქციოდ, როგორი იგნორირებულნი არიან გამოცდილი, პროფესიონალი და ნორმალური ადამიანები. ლოზუნგი - “ჩვენ ერთი გუნდი ვართ”, საუბედუროდ, საქართველოს არ ეკუთვნის. არ ეკუთვნის იმიტომ, რომ თუ იმ გუნდის წევრი არ ხარ, ძალიან პატარა ადგილიც რომ გქონდეს და სხვა პარტიის წევრი იყო, აღარავინ ხარ.
ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე “ქართული ოცნებისადმი” მიძღვნილი სიუჟეტი ასე დაასათაურეს - “ბიძინა და რეპი”. როგორც ჩანს, არცთუ საბჭოურის რეინკარნაციასთან გვქონია საქმე...
- “ფეისბუქზე” ვნახე ვიღაცის სტატუსი, ამ პრეზენტაციამ საბჭოთა კავშირი გამახსენაო. თუ რეპი გაიგონე, რომელ საბჭოურზეა ლაპარაკი? ეს იმას ჰგავს, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო. ის ხალხი რომ თეთრ ტანსაცმელში მოსულიყო, იტყოდნენ, ხედავთ, წმინდანებივით გამოწყობილანო. რეპმაც საბჭოთა კავშირი გაახსენა, ვერ გავიგე?! შეიძლება, ძველსაც ვუსმენდე და ახალ სიმღერებსაც, მაგრამ ეს ის არგუმენტ არაა, რომელიც მომხრეებს გაამრავლებს. ისინი წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან, პერსონალურ შურისძიებაზე გადადიან. ჩემზე ჯერ ვერ გამონახეს ვერაფერი, როგორც მაგალითად, კახი კალაძეზე - ნაკრები დატოვა. ვერ ჩაჭიდეს ვერაფერს ისეთს ხელი, ბატონი ბიძინა რომ საფუძვლიანად გააკრიტიკონ. მიმაჩნია, რომ ეს უნიჭო პროპაგანდაა.
თქვენი დიდი ოცნება - სოხუმში დაბრუნება რამდენად ახლოს დგას “ქართულ ოცნებასთან”?
- რეალურად მიმაჩნია, რომ ჩვენსა და აფხაზებს შორის დაიწყოს დიალოგი. ჩვენ ქრონიკულ კონფლიქტში მოვხვდით, იმის ნაცვლად, რომ ქრონიკული საუბარი გვქონოდა ერთამანეთთან. “ქართულ ოცნებაში” ვხედავ დიალოგის დიდ სურვილს. არიან ადამიანები, რომლებიც დღეს მართავენ აფხაზურ და ოსურ მხარესთან დიალოგს, სამწუხაროდ, ბევრს ეს მომენტი საერთოდ არ აინტერესებს. ალბათ, ეს უცებ არ მოხდება, ილუზიებშიც არ უნდა ვიყოთ. მათ უნდა ველაპარაკოთ როგორც ჩვენიანებს. რუსებთან სხვა მომენტები გვაქვს. ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ მან გამოიყენოს ჩვენი მცდარი ნაბიჯები და დაგვაშოროს ჩვენს ხალხს. აფხაზები და ოსები საუკუნეები ჩვენთან იყვნენ და სხვისკენ რატომ უნდა წავიდნენ?
ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ხელისუფლებას არ აქვს კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური რესურსიო. იმავეს გკითხავთ ივანიშვილზეც...
- მარტო ერთი ივანიშვილი ამას ვერ გააკეთებს, მარტო ფრინველი ზღვას და ოკეანეს ვერ გადაუფრენს, ეს გუნდმა უნდა გააკეთოს. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორი გუნდი შეიკრიბება, როგორ კონცეფციას შესთავაზებს საზოგადოებას, აფხაზურ და ოსურ მხარეებს. ყველაფერი უნდა დალაგდეს და შემდეგ გახმოვანდეს.
ბოლოს როდის იყავით სოხუმში და რა განსხვავება იმ სოხუმს შორის, რომელიც დატოვეთ და რომელიც დაგხვდათ?
- სოხუმში ბოლოს შარშანწინ ვიყავი. რა თქმა უნდა, ჩემი სოხუმი ნამდვილი სოხუმია. ომამდელ სოხუმში დაბრუნება შეუძლებელია ისევე, როგორც ვერ დაბრუნდები 80-იანი წლების თბილისში. ახალი სოხუმში ქართველებიც ვნახე... არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ ჩემთვის უფრო მთავარია, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გაუგონ, შერიგდნენ. გენეტიკური მახსოვრობა აფხაზსაც აქვს და ქართველსაც. ბევრ ქართველს აქვს აფხაზური სისხლი, ბევრ აფხაზს - ქართული, ტრადიცია მსგავსი, სიმღერები - მსგავსი... ხანდახან ძალიან მენატრება აფხაზური სიმღერები, აღმოვაჩინე, რომ იქაც ენატრებათ ქართული სიმღერა. ეს გენეტიკური მახსოვრობა მაინც თავისას გააკეთებს. ამას უნდა მშვიდი, წყნარი, დალაგებული დიალოგი, რაც ზოგს, საუბედუროდ, საბჭოთა კავშირს ახსენებს.