გააგდებინებს თუ არა სააკაშვილს ხელიდან მაკრატელს საარჩევნო მედიამონიტორინგის საბჭო

გააგდებინებს თუ არა სააკაშვილს ხელიდან მაკრატელს საარჩევნო მედიამონიტორინგის საბჭო


პრეზიდენტი რომ ლენტს ჭრის, ეს საინფორმაციო გამოშვებებში არ უნდა ხვდებოდეს, განსაკუთრებით კი საარჩევნო პერიოდში, - ასეთია საერთაშორისო სტანდარტი, რათა დემოკრატიული პრინციპები ელემენტარულ დონეზე მაინც იყოს დაცული. ცხადია, აქ იგულისხმება ქალაქის მერი, გუბერნატორები და კიდევ სხვა პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ბიუჯეტის სახსრებით აკეთებენ იმას, რაც მათ ფუნქციებში არ შედის, მაგრამ შუქდება როგორც მათი მოვალეობის შესრულება.

"რომელიმე მშენებლობაზე ლენტის გაჭრა არ არის პრეზიდენტის ფუნქცია და, თუკი ეს ამას მაინც აკეთებს, ეს ნიუსში არ უნდა აჩვენო. ეს არის ტიპიური ფარული რეკლამა და აუცილებელია, ახალი ამბავი და საპიარო მასალა ერთმანეთისგან გაიმიჯნოს", - ამბობს გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი, ლაშა ტუღუში, რომელიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, საგანგებო ჯგუფთან ერთად, მედიის საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებდა და აღნიშნავს, რომ ტელევიზიებში ამ მხრივ ყველა სტანდარტი დარღვეულია.

იმის გამო, რომ 2012 წლის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მედიამ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იმუშაოს.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი არის ერთ-ერთი იმ თორმეტ საკითხს შორის, რომელიც ივლისში ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის გაფორმდა. თუმცა, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საინტერესოა ისიც, რომ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ითქვა, რომ უახლოეს დღეებში მოხდებოდა კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით ცესკოში შეხვედრა, სადაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. მაგრამ ეს შეხვედრა დღემდე არ შემდგარა, მიზეზი კი არ დასახელებულა.

მედიაექსპერტთა ჯგუფს კი, სადაც შედიან ლაშა ტუღუში, ელისო ჩაფიძე, ზვიად ქორიძე, ვახტანგ ხმალაძე და ალექსანდრე ბარამიძე, უკვე მომზადებული აქვს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები. ეს სამუშაო ევროკავშირის და გაეროს განვითარების ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით ჩატარდა.

ამ ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაო კი ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს. როგორც ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, პირველ რიგში უნდა მოხდეს ნიუსის და სარეკლამო მასალის გამიჯვნა, რათა არ მოხდეს რომელიმე კანდიდატის ფარული რეკლამირება, რასაც, შესაძლოა, რეკლამაზე მეტი გავლენა ჰქონდეს საზოგადოებაზე.

ამიტომაც აუცილებელია, მოხდეს იმის განსაზღვრა, თუ რა არის ფარული რეკლამა და მისი დარღვევისთვის დაწესდეს სანქციები. მაგრამ, როგორი იქნება ეს სანქციები, ჯერჯერობით მსჯელობის საგანია.

მეორე საკითხია ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება. როგორც ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, ფასიანი რეკლამა უნდა იყოს ლიმიტირებული და მიბმული ჩვეულებრივი კომერციული რეკლამის ფასთან. მისი თქმით, დღეს პოლიტიკური რეკლამა კომერციულ რეკლამაზე ათჯერ ძვირია და ოპოზიციურ პარტიებს ხშირ შემთხვევაში არა აქვთ ამ რეკლამის განთავსების საშუალება და კანონში რაც არ უნდა ჩაიწეროს, რომ ტელეკომპანიები ვალდებულნი იქნებიან, ყველა პარტიას მისცენ კომერციული რეკლამის განთავსების საშუალება, ოპოზიციური პარტიები ამას ვერ შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ არჩევნების შემდეგ იმ პარტიებს, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, ბიუჯეტიდან 1 მილიონს მისცემენ საარჩევნო ხარჯების დასაფარად, საიდანაც 300 ათასი ლარი რეკლამების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.

სხვა საკითხია, ეს რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილებაა, ან პარტიები ამა თანხას სად იშოვიან მაშინ, როდესაც მათ ბანკიდან მხოლოდ 100 ათასი ლარის სესხის აღება შეეძლებათ. ამ შემთხვევაში მთავარი ის არს, რომ დღეს არსებული ფასების მიხედვით, პარტიებს ამ 300 ათასი ლარით მთლიანად, დაახლოებით, 50 წუთის ყიდვის საშუალება ექნებათ, რაც ორთვიანი საარჩევნო კამპანიისთვის ძალიან მცირეა.

ამიტომაც ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ფასიანი რეკლამის საშუალო ფასი ნაანგარიშები იქნას კომპანიის მიერ წინა წელს რეკლამიდან მიღებული სუფთა შემოსავლის საშუალო ოდენობით, დღგ-ს გარეშე.

ამასთან, ამ ინიციატივაში გათვალისწინებულია ისიც, რომ უფასო რეკლამის კომპენსაცია მოხდეს ბიუჯეტიდან, რათა არ დაზარალდეს კომერციული ტელეარხების ინტერესები. თუმცა, კომპენსაციის ოდენობაზე ჯერჯერობით საბოლოო პოზიციები არ არის ჩამოყალიბებული და მიაჩნიათ, რომ ეს მსჯელობით უნდა გადაწყდეს.

გარდა ამისა, აქ გათვალისწინებულია მედიამონიტორინგის საბჭოს შექმნაც. მათი ინიციატივით, ეს საბჭო უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ან ცესკოსთან ან კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან შეიქმნება. იმის გათვალისწინებით კი, რომ დღეს მარეგულირებელს არა აქვს საზოგადოების ნდობა, ინიციატორები საბჭოს ცესკოსთან შექმნისკენ იხრებიან.

საბჭო უნდა შედგებოდეს 9 ან 12 წევრისგან წევრებისთვის უნდა არსებობდეს 10-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის ცენზი. ხოლო კანდიდატების დასახელების უფლება ამ სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ საბჭოს წევრების ნახევარი, შესაძლოა, პოლიტიკურმა პარტიებმა დაასახელონ. მაგრამ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ იდეალური ვარიანტი იქნება კანდიდატების მხოლოდ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელება, რათა ეს ორგანო არავისზე არ იყოს დამოკიდებული.

რაც შეეხება უშუალოდ ამ საბჭოს ფუნქციონირებას, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მუშაობის კრიტერიუმები თავად უნდა დაადგინოს. მიზანი კი იქნება, ერთის მხრივ, მონიტორინგის განხორციელება მედიის მუშაობაზე და, მეორეს მხრივ, შესულ საჩივრებზე რეაგირება.

ამ საბჭოს დასკვნის საფუძველზე კი რეაგირება უნდა მოახდინოს ცესკომ და საოლქო კომისიებმა, ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ. კვირაში ერთხელ 30 წუთით და საარჩევნო პერიოდში 1 საათით "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" უნდა მოხდეს ამ საბჭოს საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა.

"როდესაც ვფიქრობთ, თუ რა იქნება საუკეთესო მოდელი და ვინ განახორციელებს მონიტორინგს, უნდა ვიცოდეთ, ამ ჯგუფმა რა უნდა გააკეთოს და რა მიზანს უნდა მიაღწიოს, რათა კიდევ ერთი უმოქმედო ორგანო არ მივიღოთ. ეს მოდელი კი, რაც აქ არის წარმოდგენილი, იმედს მაძლევს, რომ ამ ჯგუფის მუშაობა ნამდვილად ქმედითი იქნება", - ამბობს რასტო კუზელი, რომელიც საარჩევნო თემატიკის ექსპერტად ითვლება და ამ ჯგუფს ტექნიკურ დახმარებას უწევს.

ელისო ჩაფიძე კი აქცენტს საარჩევნო თემატიკის სამართლებრივი დავების მხარეზე აკეთებს და მიაჩნია, რომ ამ სფეროს დარეგულირება აუცილებელია.

"კანონმდებლობაში ვერ ჩავწერთ იმას, რომ ჟურნალისტს არ სცემო და რედაქციას შუქი არ გამოურთო. არსებობს ისეთი საკითხები, რაც ისედაც იგულისხმება, მაგრამ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ პრობლემები ამ მხრივაც არსებობს. თუმცა, ეს ისევ პოლიტიკური შეგნების საკითხია და ამას კანონში ნამდვილად ვერ ჩავწერთ. მეორეს მხრივ, კი არსებობს ისეთი საკითხები, რომლის დარეგულირებაც კანონით შეიძლება, იგივე არჩევნების დროს ჟურნალისტებზე ფიზიკური ზემოქმედების გამოძიებისათვის ხანდაზმულობის ვადის ჩამოწევა 2 წლამდე, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, არის ძალიან ცოტა და ვთვლით, რომ ეს საკითხიც დასარეგულირებელია. ამიტომაც ჩვენ საარჩევნო დავებისთვის ხანდაზმულობისხ ვადას 2 წლის ნაცვლად 6 წელს ვითხოვთ", - ამბობს ელისო ჩაფიძე. ასევე რთულდება ჟურნალისტის გაძევება საარჩევნო უბნიდან. კერძოდ, საარჩევნო კოდექსში წარმოდგენილია ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც ჟურნალისტის გაძევებაზე ან დაჯარიმებაზე გადაწყვეტილება არა უბნის კომისიის თავმჯდომარემ, არამედ კომისიის წევრთა 2/3-მა უნდა მიიღოს.

ყველა ეს საკითხი თანმდევ საკითხებთან ერთად დასახელებული ექსპერტების მიერ კანონპროექტის სახით ჩამოყალიბებულია და მისი ავტორები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან შეთანხმების ფარგლებში ამ ინიციატივებს განიხილავს. წინადადებების კრებული, საერთო ჯამში, 11 კანონში ცვლილებებსა და დამატებებს მოიცავს.