როგორ დაბომბა სააკაშვილმა ევროპა

როგორ დაბომბა სააკაშვილმა ევროპა


ნერვების დასაწყნარებლად ევროპაში ველად გაჭრილი მიხეილ სააკაშვილი მწყაზარი სახით სტრასბურგის ცენტრში დასეირნობდა და ლაპარაკობდა იმაზე, რომ გაის ამ დროს ხინკლით, ქაბაბით, კუბდარით, ჭვიშტარით და ქართული სამზარეულოს ტრანსკონტინენტური სხვა რაკეტებით დაბომბავდა ევროპის გულს.

რუსეთი იმ დროისთვის უკვე დაპყრობილი ექნებოდა.

რამ გადარია ეს კაცი? 

…2011 წელი. 11 დეკემბერი. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, რიგი პირველი, ადგილი – 19. ხუთი ერთიანია.

ვზივარ - „... но счастья нет“. (მიხაილ სვეტლოვი).

არც ციფრების მაგია, არც „მაგიური ქვებით“ მჩხიბავობა, მხოლოდ ხაზგასმა, რომ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ პირველი საჯარო გასვლაა.

დარბაზში - ქართული ინტელიგენცია. ნაცნობი სახეები. აკი ჩაირეცხნენო?!

ახალგაზრდები, უფრო, ყმაწვილები, თეთრსა და შავ მაისურებში წარწერით „ქართული ოცნება“. ოცნება, რომელიც უნდა ახდეს. ამათთვის მაინც - „თინეიჯერთა“ თაობისთვის.

ერთი - ზანგიც მეორე რიგში, წყლის ბოთლით ხელში.

სცენაზე, რომელიც საქართველოს ცის ფერით არის განათებული, ექვსი დროშაა, ოთხი ქართული, ორი ევროკავშირის - მარცხნივ და მარჯვნივ, და თბილ ტალღებად დაღვრილი კლასიკური მუსიკა (ვივალდი?).

არ ჩანს მიხეილ სააკაშვილის თანმხლები დროშების ტყე. ეტყობა, შვილებს უნახავს. არც ვინმე აპირებს „მიშა, მიშას!“ კივილს და კერპისთვის მუხლების დაკოცნას.

დინჯი მოლოდინია.

ბიძინა ივანიშვილის დარბაზში შემოსვლას ტაშით ხვდებიან. ღირსეულად. ოვაციებით – არა.

ურთიერთპატივისცემის ნიშანია: არც ერთმა მხარემ იკადრა, არც მეორეს მოუთხოვია.

ვიღაცა აქ შეკრებილ საზოგადოებას „პუტჩისტებად“ მონათლავს, ვიღაცა „პოლიტიკური სარკოფაგიდან“ ამოღებულ გვამებს შეადარებს (მუმიებს, ძმებო!), ვიღაცას „კომუნისტური დირექტივები“ მოელანდება, ვიღაცას - „რუსული ზღაპრები“...

ეს იქნება ხვალ.

დღეს კი კახი კალაძე კარგ ორატორად წარმოდგება. წავიდა ეროვნული ნაკრებიდან, რომლის შემადგენლობაში 15 წლის მანძილზე 83 მატჩი ჩაატარა. ბოდიში მოიხადა ერთ მატჩში ნაკრების კარში გატანილი ავტოგოლების გამო და განაცხადა, რომ იმანაც უნდა მოიხადოს ბოდიში, ვინც მთელი თავისი ცხოვრება ავტოგოლებით მოდისო.

საქართველს კარში გატანილი გოლებით.

მინიშნებას ხალხი სიცილით და ტაშით შეხვდა.

კულმინაცია, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის საპროგრამო სიტყვა იყო. მიესალმა ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად არისო და (მიაქციეთ ყურადღება!), „მივესალმები მათ, ვინც ვერ გვიყურებს და ვერ გვისმენს, მაგრამ ჩვენსავით ფიქრობს. მივესალმები მათაც, ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს, მაგრამ ასევე უყვარს საქართველო და ოცნებობს მის საუკეთესო მომავალზე”.

ეგებ, ეს არის მისი მთავარი გზავნილი? იგი მოდის დიდი შერიგებისთვის და არა დასაჩეხად და ასაქნელად ისედაც დანაწევრებული ქართული სხეულის.