იზო რიკაძე, "კვირის პალიტრა"
"გიორგი, სიყვარულით გეტყვი, - როდესაც სასწორის პინაზე დადგება სამშობლო თუ გონებადაბნელებული ადამიანების ხროვა, სამშობლოს მხარეს დადექი"
"ღვთის მადლიერიც უნდა იყო და ადამიანებისაც... უმადურობა დამღუპველია"
"26 მაისის ღამეს ადამიანები ფიზიკურად კი არა, სულიერად გარდაიცვალნენ. მეც გარდავიცვალე..."
10 წელია "კვირის პალიტრის" ყველა ნომერს ვაგროვებ და თქვენი გაზეთის არქივიდან კარგად ჩანს, როგორ იცვლება ადამიანების პოზიცია პოლიტიკური ვითარების შესაბამისად. წლების წინანდელი გაზეთის ფურცლებზე ჩანს, ვინ არის მტკიცე, ვინ გაწონასწორებული, ვინ მერყევი და ვინ არაფერში გამოსადეგი. სამწუხაროდ, ასეთი ბევრია", - მითხრა მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა კურტანიძემ. ბერივით წვერმოშვებული ძალიან შეცვლილი მეჩვენა...
- ადამიანის მთავარ ღირსებად ერთგულება და მადლიერება მიმაჩნია. კაცმა მადლი არ უნდა დაკარგოს. ღვთის მადლიერიც უნდა იყო და ადამიანებისაც. მადლით სავსე ადამიანი ღვთისაგან დალოცვილია. მახსოვს, სანამ მეტოქეს შევებმებოდი, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, სუსტ და ძლიერ მხარეებს ვსწავლობდი და ასე ვამარცხებდი, მაგრამ სპორტი ყოველდღიურ ცხოვრებაზე ვაჟკაცურია, სპორტში უფრო მეტი ადამიანურობაა. ბრძოლის შემდეგ იცი, რომ მოწინააღმდეგე მტერი კი არა, შეიძლება მეგობარი გახდეს. კარგი იქნებოდა, ეს წესები პოლიტიკაშიც გადმოეტანათ.
აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და თბილისის ომები გამოვიარე, სიდუხჭირე და ათასი უბედურება, მაგრამ არსად მინახავს ასეთი უღირსი საქციელი, 26 მაისს რომ ვნახე. არ მეგონა, თუ საქართველოში ვიყავი. ვიფიქრე, ალბათ, სადღაც სხვაგან მოვხვდი-მეთქი. ერთი კვირის განმავლობაში შოკში ვიყავი. ადამიანები დაიღუპნენ, ჩემ თვალწინ უამრავი დაასახიჩრეს, დიღმის სამმართველოში წარმოუდგენელ შეურაცხყოფას აყენებდნენ ხალხს. ჩემი ნება რომ იყოს, იმ შენობას ავიღებდი, რადგან იქ უამრავი ავადმყოფი ადამიანია, რომელთაც სამართალდამცავები ჰქვიათ.
განა პოლიტიკაში ცოტაა კარგი ადამიანი? ჩემი მეგობრის, ლევან სეთურიძის ბიძა ყაზბეგელი ვაჟა გელაძე 1993 წელს პარლამენტის წევრი იყო. მანამდე სათიბში დადიოდა, მეგობარსა და მეზობელს არ ივიწყებდა, დატვირთული ხარ-ურმით რომ მოვიდოდა სახლში, მერე მიდიოდა პარლამენტში და სხდომებს ესწრებოდა. მე ამ კაცის საქართველო მიყვარს.
სულ ვფიქრობ, რატომ გვჩვევია ქართველებს, რომ გამორჩეულ მამულიშვილებს არ ვუფრთხილდებით. ილია ჭავჭავაძეს, სანამ წმინდანად ვაღიარებდით, სიცოცხლე გავუმწარეთ, მერე კი ტყვია დავახალეთ; ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი სიკვდილის მერე დავაფასეთ; ვაჟა სიკვდილის მერე ვაღიარეთ გენიოსად, მაგრამ სანამ ცოცხალი იყო, შიმშილისაგან სული ხდებოდა. ეს წყევლაა, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთ. ერთხელ ოტია იოსელიანი დავინახე სოლოლაკში. მანქანა გავუჩერე, სად მიდიხართ, წაგიყვანთ-მეთქი. დიდუბეში მივდივარო. გზად ბატონი ოტია განუწყვეტლივ ეწეოდა. იმდენად დიდი და სათაყვანებელი იყო ჩემთვის, მისი სიგარეტის ნამწვები შევინახე. ასეთი ადამიანი დაფასებული და სამაგალითო რომ იქნება სიცოცხლეში, ერი გადარჩება. როდესაც მომავალი თაობა დაინახავს, როგორ ექცევა ეს ხელისუფლება რეზო ესაძეს, გოგი ქავთარაძეს, ნონა გაფრინდაშვილსა და მე საცოდავს, ჩვენ ვერ ვიქნებით სამაგალითონი.
- ლუკა, 26 მაისის შემდგომ შეიცვალეთ, წვერში სასულიერო პირს ჰგავხართ. ბერობაზე ხომ არ ფიქრობთ?
- თუ ბერობას შევძლებ, მაგაზე დიდი ბედნიერება რა იქნება. ეს რომ შეძლო, დიდი ძალა უნდა იპოვო და მე მას ვეძებ. გამუდმებით მონასტრებში დავდივარ და ვლოცულობ. მოშვებული წვერით ჩემი ქვეყნის მდგომარეობას ვგლოვობ. იმედია, გლოვა მალე სიხარულით შეიცვლება.
26 მაისს სამი ბორკილი დამადეს, ასი კაცი დამესია და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომ ხორცი მოეგლიჯათ ჩემთვის და შეურაცხყოფა მოეყენებინათ.
ვხედავდი, რა საცოდავები იყვნენ ისინი, რომელთაც ასახიჩრებდნენ, ასისხლიანებდნენ და ვხედავდი იმასაც, რამდენად უბედურები იყვნენ ისინი, ვინც მათ აწამებდნენ. მას მერე განმარტოებით, ცალკე ვცხოვრობ, ცრემლსა და ლოცვაში ვატარებ დროს...
- ექვსი შვილის მამა ოჯახთან აღარ ცხოვრობთ?
- მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმის შემდგომ ოჯახთან თანაცხოვრება სიმშვიდის შესაძლებლობას არ მაძლევს. წყნეთში გადავედი საცხოვრებლად. პერიოდულად ხან შიომღვიმის, ხან ბორჯომის ხეობის მონასტრებში ვარ. ამით
მინდა მივიდე იმ მდგომარეობამდე, რომ ვინც დამასახიჩრა და გამაუბედურა, თუ პატიებას ითხოვენ, ვაპატიო და გულში ჩავიკრა. მაგრამ ვერ ვაპატიებ ქვეყნის მეთაურს, რომელმაც ქვეყნის მოღალატე მიწოდა. ასევე ვერ ვაპატიებ მათ, ვინც დაიჯერეს, რომ მე ქვეყნის ღალატი შემეძლო.
რწმენა შემერყა, რადგან ისე მომექცნენ, როგორც არ შეიძლება ადამიანს მოექცე. 26 მაისის ღამეს ადამიანები ფიზიკურად კი არა, სულიერად გარდაიცვალნენ. მეც გარდავიცვალე სულიერად.
ახლა შედარებით გამოვედი მდგომარეობიდან. იცით, რამ მიშველა? მთიულურ-ხევსურული სიმღერების დისკი ვიყიდე, ვუსმენდი და თითქოს გულზე მომეშვა. ვარჯიშზე ან სალოცავად უცრემლოდ ვერ მივდივარ. გული მემღვრევა, ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება.
- როდესაც სოსო ჯაჭვლიანსა და მერაბ შათირიშვილთან ერთად გელათიდან სამებამდე ფეხით გამოიარეთ გზა, დაიწერა, ივანიშვილისაგან ფულს ელოდებიანო.
- რად უნდათ ლუკა კურტანიძეს ან სოსო ჯაჭვლიანს ანგარებით გაკეთებული სიკეთე? ღმერთმა დამიფაროს. ჩემი ყველაზე დიდი ანგარება ხალხის სიყვარულია. ისეთ და იმდენ სიყვარულს ვიღებ, ღირსიც არა ვარ და თავს ვებრძვი, რომ ამპარტავნობა არ შემეპაროს. ადამიანს, რომელმაც ჯერ პირადი ქონება შექმნა და მერე იმხელა ძალა და მადლი იპოვა საკუთარ თავში, რომ ხალხს დახმარებოდა, ანგარებას როგორ ვაკადრებდი? თუკი სადმე სიკეთე უნახავს, ამ კაცმა ყველას ასმაგად დაუბრუნა. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ვერ ვიფიქრებდი, თუ ვინმე მასზე აუგს იტყოდა. უმადურობა, მადლის დაკარგვა დამღუპველია.
ივანიშვილი არ მიცნობდა, მაგრამ დამაფასა როგორც მსოფლიო ჩემპიონი. იმდენ თანხას მაძლევდა, რამაც ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი გადაარჩინა. მე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ვარ, ხუთგზის ევროპის ჩემპიონი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და III ხარისხის ორდენოსანი, ღირსების ორდენოსანი, სპორტის რაინდი და სახელმწიფო მაძლევს 28 ლარს, როგორც დევნილს. მიუხედავად ჩემი რეგალიებისა, რაც პოლიტიკაში წავედი, ყველა დახმარება (1.500 ლარს ვიღებდი) მომიხსნეს და დამიტოვეს მხოლოდ 100 ლარი საქართველოს ჩემპიონობისთვის და მითხრეს, ამის ღირსიც არა ხარო.
როდესაც ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა მოუხსნეს, ვთქვი, სიცოცხლის ფასად დავიცავ, სადაც უნდა იყოს-მეთქი, მაგრამ ზოგმა მითხრა, შენ ხომ "სახალხო კრებაში" ხარო. რომელ პარტიაშიც და სადაც უნდა ვიყო, პარტიულობა ვერ შემაჩერებს, რომ ვალი მოვიხადო და საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცვა. რადგან ნინო ბურჯანაძის გვერდით დავდექი, მასთან ვიქნები სიცოცხლის ფასად და ასევე სიცოცხლის ფასად ვიქნები ბიძინას გვერდით, რადგან ის ღირსეული ქართველია. მინდა ბიძინა ივანიშვილმა ისეთი გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელიც არ უღალატებს. ვაფრთხილებ მის გვერდით მდგომთ, - იმდენად დიდია და ღირებული ბიძინა ივანიშვილი საქართველოს გადარჩენისთვის, თუ ქართველი ხალხის ამ დიდ იმედს უღალატებთ, თქვენი პირადი მტერი ვიქნები. თითს კი არ გიქნევთ, ცრემლით გევედრებით.
- ზოგიერთი სპორტსმენი არ ფიქრობს თქვენსავით ივანიშვილისთვის მადლობის გადახდას. მაგალითად გიორგი ასანიძის დასახელებაც იკმარებს.
- გიორგი, შენი კუთხის შვილია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შენ, ჯერ კიდევ დამწყებ სპორტსმენს, ყურადღებას არ გაკლებდა. არა გაქვს უფლება, ვიღაცას კვერი უკრა და ამ მადლით სავსე ადამიანზე ცუდი თქვა. როგორც ჩემს ძმას (თუნდაც გზაარეულს) სიყვარულით გეტყვი, - როდესაც სასწორის პინაზე დადგება სამშობლო თუ გონებადაბნელებული ადამიანების ხროვა, სამშობლოს მხარეს დადექი. სამშობლოს გადარჩენა კი დღეს ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
807
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85