"რუსეთის ხელისუფლებამ თავისი წყაროებით შეიტყო ირანზე სამხედრო თავდასხმის სავარაუდო თარიღი და ომისთვის ემზადება. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილები 1 დეკემბრიდან გაძლიერებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი. საქართველოს ტერიტორიულ წყლებთან ბოლო დღეებში შესამჩნევად გაძლიერდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემების პატრულირება - ამ ცნობებს რუსული მედია ავრცელებს. რუსი გენერლები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ ირანში ომის შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა სომხეთში მიმავალი სატრანსპორტო კორიდორის უზრუნველყოფისთვის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით მზადება ირანში მოსალოდნელი ომისთვის / აფხაზეთში და ცხინვალში რუსული ნაწილები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.
"რუსული მედიის ცნობით, ისრაელი ირანთან ომის დაწყებას კათოლიკური შობისას აპირებს. ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში რუსეთი შეეცდება საქართველოს გავლით მოძებნოს გზები სამხედრო ობიექტების საიმედო საბრძოლო მომარაგებისთვის და შეიძლება მოუწიოთ საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა. ქართველი ექსპერტების ვარაუდით, ომი ირანში, დიდი ალბათობით, მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუკი ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, ეს საქართველოსთვის დიდი ხიფათის მომტანი იქნება - რუსეთი გიუმრის ბაზის მომარაგების მოტივით დაარღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს, მოსალოდნელი იქნება პროვოკაციები. გარდა ამისა, საქართველოში ირანიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადიც დაიძვრება და თუკი ეს პროცესი დროში გაიწელა, საქართველო ტერორისტული თავდასხმების საფრთხის ქვეშაც აღმოჩნდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ნიუსრუ" აღნიშნავს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის მზადების ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ სკანდალური დოკუმენტი დაიდო - სააგენტო იუწყებოდა, რომ ურანი ატომური ბომბის შექმნას უახლოვდება. ამ დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ბრიტანული პრესა წერდა, რომ თუკი აშშ ირანზე თავდასხმა განახორციელებს, ბრიტანეთი თავდასხმის მხარდასაჭერად სამხედრო გემებს მოამზადებს, ხოლო ხსენებული დოკუმენტის გავრცელების შემდეგ იგივე ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ ისრაელმა ირანზე თავდასხმა, შესაძლოა, კათოლიკური შობის დღეს - 25 დეკემბერს განახორციელოს... სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური აცხადებს, რომ ნატო იმ დონის ორგანიზაცია არ არის, რამე ოპერაციის დაწყების წინ საიდუმლო ინფორმაციამ პრესაში გაჟონოს. თანაც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ, პირველ რიგში ეკონომიკური ბერკეტები იქნება გამოყენებული, რადგან ყველას ესმის, რომ ირანთან სამხედრო კონფლიქტი მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება", - დასძენს გამოცემა.
"რუსეთისთვის ირანი სტრატეგიული პარტნიორია. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში რუსეთს ხელს არ აძლევს მოხდეს იგივე ვარიანტი, რაც ერაყში მოხდა. დღეს ერაყი, ფაქტობრივად, დასავლეთის კონტროლის ქვეშაა და რუსეთი ირანზე მსგავს ვითარებას არ დაუშვებს. ირანი რუსეთისთვის რეგიონში ერთ-ერთი დასაყრდენი ძალაა. პლუს, რუსეთის ეკონომიკური ინტერესებიც გასათვალისწინებელია - იგივე ბუშერის ატომური სადგურის მშენებლობა, იგივე ატომური პროგრამა და ა.შ. თუკი ვითარება დაიძაბა და ეკონომიკურმა სანქციებმა შედეგი ვარ გამოიღო, ამ შემთხვევაში რუსეთი ირანის ომში პირდაპირ არ ჩაებმება, მაგრამ ექნება ინტერესი, რომ სომხეთში გიუმრის ბაზის სამხედრო ტვირთებისთვის თავის კორიდორი საქართველოს გავლით აღადგინოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელითაური.
"გარკვეული ხიფათები არსებობს, მაგრამ ჩვენ, დასავლეთთან ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, გარკვეული ბერკეტები გაგვაჩნია. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და რუსეთი ფართომასშტაბიან სახმელეთო ოპერაციას ვერ დაიწყებს, ეს უკვე ოკუპაცია იქნება. შეიძლება იყოს ძალადობრივი შემოჭრა ჩვენს საჰაერო სივრცეში გიუმრის ბაზის მომარაგების მიზნით. მსგავსი საჰაერო მეკობრეობის შემდეგ მოუწევთ ვაჭრობა საქართველოსთვან და ჩვენს დასავლელ მეგობრებთან - იქნებ ეს საჰაერო თუ სახმელეთო კორიდორი რუსეთისთვის მიცემული იქნას. ეს იქნება შანტაჟის ერთ-ერთი მეთოდი, დააშინოს დასავლეთი - "ჩვენ, ირანის პრობლემების მიმართ გულგრილი არ დავრჩებით და ძალას გამოვიყენებთ", მით უმეტეს მოსკოვში ოპოზიციის აქტირუი გამოსვლებია და რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის განცხადებები იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილებაზეა გათვლილი", - დასძენს გიორგი მელთაური.
"ირანი ძალიან დიდი სახელმწიფოა. ერთ-ერთი წარმატებული ინდუსტრიული ქვეყანაა და საკმაოდ სერიოზული გავლენა აქვს მუსლიმანურ სამყაროზე. ობამას ადმინისტრაცია სიტუაციის გამწვავების მომხრე არ იქნება. ამდენად, ეს ცნობა არ გამართლდება, რადგან ყველას ესმის ირანთან სამხედრო დაპირისპირება მთელ მსოფლიოში ერთგვარი სერიოზული აფეთქება შეიძლება გახდეს. ირანთან საომარი ოპერაცის დაწყება საქართველოსთვის კატასტროფის მომტანი იქნება. ჩვენმა ხელისუფლებამ ირანთან უვიზო მიმოსვლა გააფორმა და შესაძლოა ირანიდან ლტოლვილების დიდი ნაკადი წამოვიდეს და საქართველოს ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მოსთხოვონ. რუსეთი სომხეთთან ერთად მიირებს გადაწყვეტილებას, რომ სომხეთის გავლით ლტოლვილები საქართველოს მოაწყდეს", - აღნიშნავს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი.
"თანაც, ამ კონფლიქტში საქართველოს გარკვეული პოზიციის დაჭერა მოუწევს. ჩვენ, ერთი მხრივ, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ვართ და სავარაუდოდ მხარს აშშ-ის პოზიციას დავუჭერთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანი არცთუ ისე შორეული მეზობელია, თანაც იქ ფერეიდნელი ქართველები ცხოვრობენ და ეს არცთუ პოზიტიურად აისახება ირან-საქართველოს ურთიერთობაზე. თუკი კონფლიქტი დროში გაიწელება, დიდი ალბათობაა, რომ ჩვენტან ტერორიზმის სახით გარკვეული პირდაპირი საფრთხეებიც კი წარმოშვას", - მიიჩნევს ირაკლი სესიაშვილი.