ნინო ხარაძე, "თავისუფლება"
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი. ამ რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში. ერიკ რუბინმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. შეხვედრებისას მთავარი აქცენტი გაკეთდა მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებსა და 2012 წლის ნატოს ჩიკაგოს სამიტზე.
საქართველოში მოსალოდნელ არჩევნებს, როგორც დემოკრატიის ტესტს, საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ამის შესახებ არაერთხელ ითქვა - მათ შორის, შეერთებული შტატების სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსების მხრიდან. ეს აზრი გაამყარა საქართველოში ვიზიტად მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა. მან დღეს, 16 დეკემბერს, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე არჩევნები ქართული დემოკრატიის მთავარ გამოწვევად დაასახელა:
”შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართულ დემოკრატიას და არჩევნებს, რომელიც არის ნებისმიერი დემოკრატიის გული. ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნები იყოს მაქსიმალურად თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაც უფრო სამართლიანი, რაც უფრო თავისუფალი იქნება საქართველოში ჩატარებული არჩევნები, მით უფრო განმტკიცდება და გაძლიერდება ქართული დემოკრატია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გაცილებით პრინციპული საკითხია, ვიდრე ერთი რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერა. ეს არის ქართული დემოკრატიის საფუძველი.”
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ერთგულია საქართველოს სურვილისა და სწრაფვისა ინტეგრირდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და გაწევრიანდეს ნატოში. ერიკ რუბინის განცხადებით, ევროატლანტიკური საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში უკანასკნელი ვიზიტისას გაცხადდა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი მთელ რიგ საკითხებში, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე:
”ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მომდევნო წელს შეიკრიბებიან ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, იქ ეს პროგრესი ღირსეულად იქნება შეფასებული და იქნება სერიოზული საუბარი იმაზე, წინსვლისათვის რა შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. რა ფორმით, რა ფორმატში, რა სიტყვებით იქნება ეს გამოხატული - ეს არის ალიანსის წევრი ქვეყნების კონსენსუსის საგანი და ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ ალიანსის წევრებთან, რომ მიღებული იქნეს ერთობლივი მიდგომები.”
ერიკ რუბინი შეეხო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში მოსალოდნელი ვიზიტის თემას და აღნიშნა, რომ ის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შედგება და განხილული იქნება ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის - ეკონომიკის, ვაჭრობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების თემები.
სწორედ ზემოთ დასახელებული თემები იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერთა განხილვის თემაც. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დღეს შეხვდნენ "ეროვნული ფორუმის", "რესპუბლიკური პარტიის", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები.
ერიკ რუბინთან შეხვედრიდან გამოსული „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რამდენად მასტიმულირებელია საქართველოს ნატოში გაწევრიანების შეფერხება რუსეთისათვის:
”ნატოში გაწევრიანების შეფერხება ძალიან დიდ სტიმულს უქმნის რუსეთს, რომ გააძლიეროს ზეწოლა საქართველოზე და შეუქმნას კიდევ უფრო მეტი პრობლემები. რაც შეხება შიდა საკითხებს, ისევ და ისევ მომავალი წლის არჩევნები, მისი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება და რეალური პოლიტიკური კონკურენციის შექმნა ქვეყანაში, რეალური მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბება - ეს იყო განხილვის თემები.”
ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, მან ერიკ რუბინთან ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში დემოკრატიის გაღრმავებას მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის:
”განსაკუთრებით რუსეთში განვითარებული პროცესების ფონზე საქართველოს დემოკრატიული განვითარება, წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, მე ვფქრობ, არის გადამწყვეტი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელ რეგიონში პროცესების პოზიტიური მიმართულებით წარსამართავად და ჩვენ სწორედ ამ დეტალებზე გვქონდა საუბარი.”
2012 წელს საქარველო-ამერიკის ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება მთელ რიგ საკითხებში, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა მიმართულებით შეიძლება ეს ცვლილებები გახდეს თვალსაჩინო:
”2012 წელს, სავარაუდოდ, ვიხილავთ რამდენიმე ახალ ინიციატივას, რომელიც იქნება, ერთი მხრივ, ძალიან სასარგებლო საქართველოსთვის და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ძალიან კარგ ურთიერთობებს.”
პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების გარდა, სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას განხილული თემების შესახებ ისაუბრა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა. მან აღნიშნა, რომ ერიკ რუბინმა დიდი ინტერესი გამოიჩინა პრაქტიკულად ყველა რეფორმის მიმართ, რომელიც სხვადასხვა სფეროში ხორციელდება. ყურადღება გამახვილდა ელექტრონული და ბეჭდური მედიის პრობლემებსა და პენიტენციარულ სისტემაში არსებულ ვითარებაზე.
ერიკ რუბინი საქართველოში ვიზიტს დღეს, 16 დეკემბერს, დაასრულებს.
749
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85