„რუსთავი 2“-ს, „ჟოკეი კლუბს“ და „ევროპარკს“ საინვესტიციო ვალდებულებები გადაუვადეს

„რუსთავი 2“-ს, „ჟოკეი კლუბს“ და „ევროპარკს“ საინვესტიციო ვალდებულებები გადაუვადეს

[ლელა კობერიძე]

 

საქართველოს ხელისუფლების წინაშე აღებულ ვალდებულებებს სულ უფრო მეტი ინვესტორი ვერ ასრულებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების გადავადების მოთხოვნით სამინისტროს კიდევ რამდენიმე კომპანიამ მიმართა.

 

სამინისტროში კომპანიები მოთხოვნას განიხილავენ. ამდროისთვის, საინვესტიციო ვალდებულებები გადაუვადდა -ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, შპს „გოკი და კომპანიას“, შპს „ტავაზს“, შპს „ბერტას“, „ჟოკეი კლუბს“, ფონდ „ცისკარს“, „მამული 2006“-ს, „ევროპარკს“.

 

სამინისტროში აცხადებენ, რომ მუშაობა მიდის რამდენიმე კომპანიის მიერ შემოსულ მოთხოვნაზე საინვესტიციო ვალდებულებების გადავადებასთან დაკავშირებით. კონფიდენციალურობის მოტივით სამინისტროში არ ახმაურებენ ამ დროისთვის რამდენი და რომელი კომპანიების განცხადებები განიხილება.

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილება 12 აპრილს გამოქვეყნდა. ცვლილების თანახმად, ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ სამინისტროს საინვესტიციო ვალდებულებების გადავადების თხოვნით მიმართონ. ეკონომიკის სამინისტროს 400-მდე კონტრაქტორი ინვესტორი ჰყავს. კომპანიები ინვესტიციების განხორციელების შეფერხების მიზეზად ამინდს, ომსა და მსოფლიო კრიზისს ასახელებენ.

 

ექსპერტულ წრეებში ინვესტორების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე პოზიციები გაიყო. სპეციალისტების ერთი ნაწილის შეფასებით, უცხოური კომპანიების მიერ ვალდებულების ვერშესრულება მარტო ქართული რეალობის ბრალი არ არის. მათი განმარტებით, იმ ქვეყნებში, საიდანაც ეს ინვესტორები არიან კრიზისი ჯერ ისევ საგრძნობია.

 

ექსპერტების მეორე ნაწილის მტკიცებით კი მიზეზი იმაშიც არის საძიებელი, რომ ვალდებულებების გაწერა თავიდანვე არასწორად ხდება. მათი თქმით, ინვესტორები ებმებიან ხელისუფლების მახეში, რათა საზოგადოებას აჩვენონ, რომ მოკლე ხანში დიდი რაოდენობით ინვესტიცია განხორციელდება და უამრავი ადამიანი დასაქმდება.

საინვესტიციო ვალდებულებს გაცილებით დიდი და ბევრი კომპანია ვერ ასრულებს.

 

არაბულ „დაბი ჯგუფს“ „იმელის“ შენობის ადგილზე „კემპინსკის“ მსოფლიო ქსელის სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებული უნდა ჰქონდეს, თუმცა დაწყებულიც კი არ არის. არაფერი შეუცვლიათ ცენტრალური ფოსტის შენობაში ყაზახებს. ყაზახების მიერ, დიდი ხნის დასრულებული უნდა იყოს ლიკანის ტურისტული კომპლექსის მშენებლობა, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ხორბლის ტერმინალი.

 

არაბულ „რაკიინს“ კი ფოთის ინდუსტრიული კომპლექსი უნდა გაემართა, პორტი აეშენებინა, ხოლო ეგვიპტელებისგან მთავრობა 1,2 მილიარდ დოლარს ახლაც ელის. ასევე ასაშენებელია ლაგუნა ვერესთან, „ჰაიატის“ სასტუმრო, „დეზერტირების“ ბაზრის ადგილას დიდი კომპლექსი, იპოდრომი, ლისის ტბის კომპლექსი და ასე შემდეგ.

ამ დროისთვის არაბებს ფოთში ინდუსტრიული ზონა უკვე უნდა გაემართათ და პორტის მშენებლობაც დაეწყოთ. ეს პროცესი კი უკვე წელიწადზე მეტია ყოველ თვე იდება.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთში ინდუსტრიული ზონის პარალელურად ახალი პორტი უნდა აშენდეს, რაშიც 5 წლის განმავლობში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის მოზიდვა იგეგმება. ახალი პორტი დღეს არსებული პორტის გვერდით 100 ჰექტარ ტერიტორიაზე აშენდება. ახალი პორტის აშენებასთან ერთად ფოთში ფუნქციობას თავისუფალი ინდუსტრიული ზონაც დაიწყებს, რომელიც 300 ჰექტარზე განთავსდება.

ეს პროცესიც იგვიანებს, თუმცა ესქპერტების განცხადებით მთავრობა პასუხს ძირითადად პატარა კომპანიებს თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიკანის განადგურებისთვის და მიტოვებისთვის ყაზახები სოლიდური ჯარიმებით კარგა ხნის წინ უნდა დაეჯარიმებინათ.

 

მიუხედავად ამგვარი პრობლემებისა, მთავრობის წევრები თითქმის ყველა ოფიციალური განცხადების გაკეთებისას უცხოელი ინვესტორების გააქტიურებაზე მიანიშნებენ. „ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ინვესტორების საქართველოში ნელ-ნელა დაბრუნებას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური.