კაციტაძე ამომრჩეველთა სიის ნაცვლად საკუთარ ხელფასს ადგენს

კაციტაძე ამომრჩეველთა სიის ნაცვლად საკუთარ ხელფასს ადგენს

ამომრჩეველთა სიების დამდგენი კომისია, ჯერჯერობით, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ხელფასების დანიშვნით არის დაკავებული, თანაც არც ისე მოკრძალებული ხელფასების. მამუკა კაციტაძე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, თვეში 1750 ლარს მიიღებს. დამლაგებელს კი 625 ლარიანი ხელფასი დაენიშნება.

ეს კომისია ცესკოში მართავს სხდომებს და, შესაბამისად, ცესკოს რესურსით სარგებლობს. ამიტომაც გაუგებარია, დამლაგებელს რა ხელფასი ენიშნება. ცალკე დამლაგებლის დაქირავებას აპირებენ თუ აქამდე ცესკოს დამლაგებელი არ ჰყავდა და შენობას კომისიის წევრები თავად ალაგებდნენ?

ასეა თუ ისე, კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ 2011 წლის ბოლომდე დარჩენილ დროში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100 ათას ლარს მიიღებს.

ცნობისთვის, კომისიამ ეს გადაწყვეტილება გუშინ, 14 დეკემბერს მიიღო. წლის ბოლომდე კი ამ დღიდან მხოლოდ 17 დღეა დარჩენილი და გამოდის, რომ კომისიას 17 დღისთვის 100 ათასი ლარი სჭირდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კომისიამ 1 ივლისს უნდა დადოს დაზუსტებული სიები, გამოდის, რომ მათ ამ სიების დასადგენად 1 მილიონ 200 ათასი ლარი დასჭირდებათ.

შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიების დასაზუსტებლად ზუსტად ამდენი გამოიყო და 12 პარტიაზე გდანაწილდა. ახლა კი ეს თანხა 21 წევრმა უნდა განკარგოს თუ გაინაწილოს.  

მათ მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრების მიხედვით, კომისია 100 ათასი ლარიდან 90 ათას ლარს შრომის ანაზღაურების, საქონლისა და მომსახურების მიმართულებით დახარჯავს. 10 ათასი ლარი კი ე.წ. არაფინანსური აქტივებისკენ მიიმართება.  

რაც შეეხება ხელფასებს, უშუალოდ კომისიის წარმომადგენელთა შრომის ანაზღაურებები შემდეგი ოდენობით განისაზღვრა: კომისიის თავმჯდომარე – 1750 ლარი, თავმჯდომარის მოადგილე – 1625 ლარი, კომისიის მდივანი – 1500 ლარი, კომისიის წევრები – 1250 ლარი. როგორც ცნობილია, კომისია სულ 21 წევრით არის წარმოდგენილი.

კომისიის აპარატში, რომლის საშტატო ერთეული 25 თანამშრომლით განისაზღვრა, ყველაზე მაღალი ანაზღაურება აპარატის უფროსს ექნება - 1250 ლარის ოდენობით, ყველაზე დაბალი კი 625 ლარის ოდენობით – დამლაგებელს.  

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტთან და ხელფასებთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცება დღევანდელ სხდომაზე ერთსულოვლად არ მომხდარა.

წარმოდგენილ ინიციატივებს ყველაზე აქტიური წინააღმდეგობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა კახი კახიშვილმა გაუწია, რომელიც თვლის, რომ გაწეული მუშაობისთვის შრომის ანაზღაურება მხოლოდ აპარატის თანამშრომლებმა უნდა მიიღონ.

„თავიდან, როდესაც ამ კომისიის შექმნაზე იყო საუბარი, მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ყველას სჭირდება ამომრჩეველთა დაზუსტებული სია და ის ორგანიზაციები, ვინც ჩათვალეს, რომ ამისთვის მუშაობაა საჭირო, დათანხმდნენ, რომ ამ კომისიაში შესულიყვნენ. კომისიაში ვიღაცის ძალდატანებით არ შესულან. ყოველ შემთხვევაში, არც კონკურსი არ გამოცხადებულა, რომ თანამშრომლები სჭირდებოდათ რაღაც უწყებაში. რომ შექმნილიყო რაღაც უწყება და გამოეცხადებინათ კონკურსი თანამშრომელთა მიღებაზე და აქ ადამიანები კონკურსის წესით და რაღაც პირობებით მიეღოთ, ხელფასების დანიშვნა კიდევ გასაგები იქნებოდა. რა თქმა უნდა, ვინც კარდაკარ ივლის, მას ხელფასი უნდა ჰქონდეს, მაგრამ კომისიის წევრს ხელფასი არ უნდა ჰქონდეს და მიმაჩნია, რომ მათთვის ხელფასის დანიშვნა არასწორია, ვინაიდან ეს კომისია არ არის დაკომპლექტებული საჯარო მოხელეებით. აქ არის არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიები და, როდესაც ეს ადამიანები იღებენ ხელფასს და თავს საჯარო მოხელეებად ითვლიან, მე სწორად არ მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ეს არამუდმივმოქმედი კომისიის ფორმატით საზოგადოებრივი დატვირთვის ხარჯზე უნდა გაკეთებულიყო. ფაქტობრივად სიების საბოლოო გამოქვეყნებამდე 8 თვეა დარჩენილი და არაფერი მოხდებოდა, რომ საზოგადოებრივი დატვირთვის კუთხით გაკეთებულიყო. მით უმეტეს, რიმ წმინდა სია აწყობდა ყველა იმ სუბიექტს, ვინც ამ კომისიაშია“, - ამბობს კახი კახიშვილი და შიშობს, რომ, რადგან ამ შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო სახსრებზე, ეს გარემოება კომისიის წევრებზე გარკვეულ გავლენას მოახდენს. 

როგორც იგი აღნიშნავს, სრულიად სამართლიანია უკვე გაჩენილი ეჭვი, რომ ეს კომისია დამოუკიდებელი ვეღარ იქნება და იმის ინტერესს გაატარებს, ვინც ფულს აძლევს.

„ჩემი შესვლა ამ კომისიაში განპირობებული იყო იმით, რომ ვფიქრობდი, ჩემი იქ ყოფნით ამ საკითხებს რაღაც სარგებელს მოვუტანდი ან ინფორმაციას მაინც მივიღებდი, თუ რა დონეზე სურს ხელისუფლებას მუშაობა ამ სიის გაცხრილვის პერიოდში. მაგრამ ამ კომისიაში ჩემი შესვლის მიზანი ხელფასის აღება არ ყოფილა.

ახლა ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავარ და, ალბათ, პირველ ეტაპზე უარს ვიტყვი ხელფასზე, რათა მქონდეს საშუალება, ვნახო, თუ რამდენად რეალურად ითანამშრომლებს კომისიასთან სახელმწიფო და რამდენად რეალურად მიაწვდის ინფორმაციას“, - ამბობს კახი კახიშვილი.

სახელფასო საკითხებს მხარი არც კომისიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ზვიად დევდარიანმა დაუჭირა, რომლის აზრითაც, კომისიის შემადგენლობიდან ხელფასი მხოლოდ იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ცალკეული მიმართულებების კოორდინატორები იქნებიან. დევდარიანის თქმით, კოორდინატორი კომისიის თითოეული წევრი ვერ იქნება.    

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თავად კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე თვლის, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის წევრები გაწეული მუშაობითა და ამ მუშაობის შედეგად დადებული პროდუქტით შრომის ანაზღაურებას გაამართლებენ.