რამაზ საყვარელიძე: „ყველა ბრძოლას გამართული ორგანიზაცია იგებს“

რამაზ საყვარელიძე: „ყველა ბრძოლას გამართული ორგანიზაცია იგებს“

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში „ქართული ოცნების“ პრეზენტაციამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. გამომსვლელებმა საზოგადოებაში ადამიანის ცენტრალურ როლსა და ღირებულებაზე გაამახვილეს ყურადღება. ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანისთვის მოქალაქეებს გაერთიანებისკენ და ურთიერთთანადგომისკენ მოუწოდა. ამ თემაზე პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით. 

 

– საზოგადოებრივი მოძრაობის წარდგენა ემოციური მუხტის გამოკვეთას ემსახურება. ქართული ოცნების პრეზენტაციაზე ეს ნამდვილად იყო. ეს როგორც დარბაზში, ისე გარეთ ქუჩაში იგრძნობოდა. ამ სულისკვეთების შექმნაში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომელებსაც სიტყვა ეთქმოდათ – თუ რა მდგომარეობაში ვართ დღეს და რის მიღწევა გვსურს სამომავლოდ.

 

მაგალითისთვის, კახი კალაძის სიტყვა აპლოდისმენტებით ვითარდებოდა; ის მოკლე ფორმულირებებით, საკვანძო ფრაზების თქმას ახერხებდა. ასეთივე  პოზიცია მწერალ გურამ ოდიშარიასთან იგრძნობოდა. ყოველივე პოეტმა რატი ამაღლობელმა, ნებისმიერ საზოგადოებაში ადამიანის ცენტრალური როლის ხაზგასმით დაიწყო.

 

რა თქმა უნდა, ყველაზე საყურადღებო თავად ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო. რამდენადაც ყველა პოლიტიკური პლატფორმის ესკიზს ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება პოლიტიკური ორგანიცაზია არ არის.

 

ესკიზი გაკეთდა იმით, რომ პირველივე ფრაზაში მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მის პოზიციებს არ იზიარებს; მადლიერება მოსმენისთვის და ყურადღებისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მათ მიმართ, ვინც დარბაზში და გარეთ იმყოფებოდა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე რომ მისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და გასაფრთხილებელია, მთელ მის მოხსენებას წითელ ხაზად გასდევდა. ამას ივანიშვილის ერთ–ერთ ძირითად მესიჯად მივიჩნევ.

 

პრაქტიკულად ხაზი გაესვა იმას, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს გამოყენებული ქვეყნის მშენებლობისთვის, ვისაც კი ეს შეუძლია. ვინც ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთი აგურის მიტანას მაინც მოახერხებს.

 

ეს პათოსი ივანიშვილის ადრეულ წერილებში და განცხადებებშიც გამოსჭვიოდა. ქართული ოცნების პრეზენტაციაზე ეს პოზიცია განსაკუთრებით მკაფიოდ იყო გამოთქმული.

 

ოპოზიციაში მყოფისთვის არატიპიური და ხაზგასასმელია ისიც, რომ გამოკვეთა ის პოზიტიურიც, რაც ბოლო წლებში, დღევანდელი ხელისუფლების მიერ გაკეთდა.  ამ პოზიტივის აღნიშვნას, ჩვენ როგორც წესი, შეჩვეულნი არ ვართ; როდესაც ოპოზიციონერი ამ ტონში საუბრობს.

 

ვინც რაიმე სასიკეთოს გაკეთება შეძლო, ივანიშვილს მნიშვნელოვან და ისეთ ადამიანებად მიაჩნია, რომლებიც ნებისმიერი პოლიტიკური ქარტეხილების პირობებში შენარჩუნებულნი უნდა იყვნენ.

 

რა ნაბიჯებს შეუძლია პროექტი „ქართული ოცნება“ რეალურ, შედეგების მომტან საქმედ აქციოს?

 

– უპირველეს ყოვლისა, ალბათ ასეთი მოთხოვნა საქმის ორგანიზაციულ მხარეს უნდა წაეყენოს. ქართველები სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ იმას, ესა თუ ის საქმე როგორ არის დაგეგმილი. ცუდად ორგანიზებული კარგი ქართული საქმე შეიძლება გაფუჭდეს; მთელი ჩანაფიქრი და სიკეთე დაიკარგოს.

 

კარგად დაგეგმილმა ცუდმა საქმემ კი შეიძლება დასახულ მიზანს მიაღწიოს; თუკი ორგანიზაციული თვალსაზრისით, მისი წევრების მოქმედება გამართლებული იქნება.

 

ასე რომ, ერთ–ერთი უმთავრესი, რაც ივანიშვილს გასაკეთებელი აქვს, ისევე როგორც ქართულ რეალობაში ბევრ საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ძალას, ეს ორგანიზაციული სრულყოფაა.

 

მითუმეტეს, თუ საუბარია ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლაზე. მოქმედი ხელისუფლება სწორედ რომ ორგანიზაციულად ძალიან კარგად შეკრული, ეფექტური გუნდია. მათთან მხოლოდ კეთილი სურვილებით პოლიტიკური ბრძოლა სასურველი შედეგების მომტანი არ იქნება. საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი იქნება ის, თუ ვინ უკეთესად მოახერხებს ძალების ორგანიზებას.

 

შეგახსენებთ რომ ნაპოლეონი მამლუქებს ჯაბნიდა არა იმიტომ, რომ მისი ცალკეული ჯარისკაცი მამლუქზე უკეთესად იბრძოდა. უფრო პირიქით იყო. ამ თვალსაზრისით მამლუქები ფრანგებს ჯობნიდნენ. მაგრამ ფრანგებს საბრძოლო საქმის უკეთესი დაგეგმარება ჰქონდათ.

 

ანალოგიურად, ყველა ბრძოლას საქმის გამართული ორგანიზაცია იგებს.

 

ამით ხომ არ მიანიშნებთ, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტიის საჭიროებაა?

– ძლიერი პოლიტიკური გუნდია საჭირო. „ძლიერი“ ცოტა მეტაფორული სიტყვაა და ძნელია ხოლმე გარკვევა, კონკრეტულად რა იგულისხმება. ამიტომ ვაზუსტებ ამ მხარეს, რომ კარგად ორგანიზებული გუნდის საჭიროებაა. სასურველი შედეგის მომტანი სწორედ ის იქნება. ოღონდ, ვიმეორებ - ეს გასათვალისწინებელია როგორც ივანიშვილისთვის, ასევე - სხვა პოლიტიკური ძალებისთვის.

 

ბრძანეთ, რომ პრეზენტაციაზე დღვანდელი რეალობა ყველას კარგად ჰქონდა გააზრებული; მაინც სად ვართ და რა გვინდა?

– ახალი მოძრაობის წარდგენაზე აღნიშნული იყო ის პრობლემები, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროშია; მედიის, სასამართლოს, ბიზნესის თავისუფლების მიმართულებაშია. ჩვენ ყველას გვინდა, რომ საქართველო ნორმალური, მოწესრიგებული ქვეყანა იყოს, რომელსაც ასეთი ხარვეზები არ ექნება.

 

რაზეც ვსაუბრობთ, ეს ხომ ფატალური პრობლემები არ არის. ეს საკითხები ჩნდება იმიტომ, რომ ადამიანები სხვა რამეში არიან დაინტერესებულნი და არა ქვეყნის განვითარებასა და კარგად ყოფნაში. ისინი პირადი ინტერესის გამო, ქვეყნის ინტერესებს სწირავენ.

 

ეს დაბრკოლება რომ მოიხსნას, ქვეყნის ინტერესები ძალიან მალე წინ წამოიწევს. საქართველოს ნორმალურ, დემოკრატიულ  რეჟიმში ცხოვრება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამისთვის ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ.