„ახალ პოლიტიკურ მოთამაშეს უნიკალური შანსი აქვს“

„ახალ პოლიტიკურ მოთამაშეს უნიკალური შანსი აქვს“

„ბიძინა ივანიშვილს რომ აქვს, ისეთი შანსი და წინაპირობები კიდევ დიდხანს აღარ გვექნება ქართველებს და ამ შანსს თუ არ გამოვიყენებთ, ქვეყნის გამთლიანების საკითხი საბოლოოდ დაიგვიანებს“ - აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე, რომელსაც ახალ რეალობასა და იმ თემებზე ვესაუბრეთ, რის გადაწყვეტასაც ქართული (და არა მარტო) საზოგადოება ელოდება ბიძინა ივანიშვილისაგან:

- პოლიტიკურ ბრძოლაში ახლადჩაბმული ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაისვა კითხვები: როგორ აპირებს ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? როგორი დამოკიდებულება აქვს  ნატოს მიმართ და როგორ დაალაგებს ურთიერთობას რუსეთთან?

სააკაშვილმა და მისი უახლესმა გარემოცვამ ავანტიურაზე წამოაგო მთელი ქვეყანა 2008 წლის 8 აგვისტოს, ჩაერთო რა, რუსეთთან ფართომაშტაბიან საომარ მოქმედებებში.  2008 წლის 26 ავისტოს რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით როგორც რუსები  ამბობენ, შექმნა ახალი რეალობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საერთაშორისო ურთიერთობებში! 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენად „წარმატებულიც“ არ უნდა იყოს  სააკაშვილის ვიზიტები და გამოსვლები საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებიდან და როგორი სამშვიდობო ინიციატივებიც არ უნდა გაახმოვანოს, რუსეთს, მასთან დიალოგი არ სურს და ჩანს,  არც პუტინის დამოკიდებულება შეიცვლება სააკაშვილის მიმართ. 

რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა მოლაპარაკების მაგიდასთან დასავლელი პარტნიორების გარეშე, აბსოლუტურად მიუღებელია!  ასევე, არ შედის ჩვენს ინტერესებში, რუსეთის მიერ დეკლარირებული „ევრაზიის კავშირის“ წევრობა. არადა, დიდია ალბათობა, რომ მეზობელი სომხეთი შევიდეს ამ კავშირში. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკა დასავლეთის მიერ ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორია რუსეთისთვის, რომ არ გაგრძელდეს საქართველოს დეზინტეგრაციის პროცესი. ტერმინ „ოკუპაციის“ დამკვიდრებას საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებში ძალზე კარგია, მაგრამ იგი ვერ მიგვიყვანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. 

ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში, ჯერ კიდევ შარშან განიხილებოდა საქართველოს საკითხი, ვინაიდან საქართველოს საკითხის გადაუწყვეტელობა სერიოზული ხელისშემშლელ ფაქტორია  დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებში. ფაქტია, რომ ჩვენი საკითხის ღიად დატოვება თავის ტკივილია, როგორც რუსეთისათვის, ისე აშშ-სთვის და ევროპისთვისაც. საფრანგეთისა და გერმანიის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს საკითხის განხილვა.  ეჭვგარეშეა, რომ საფრანგეთი და გერმანია საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის აზრის გაუთვალისწინებლად არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ნატო-ს წევრ ამ ორ დიდ სახელმწიფოს, თითქმის იდეალური ურთიერთოები აქვთ რუსეთთან. იმ შემთხვევაში, თუ ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში, საფრანგეთი და გერმანია შუამავლის როლს იკისრებენ, ვფიქრობ, რუსები, რაციონალური თვალსაზრისიდან გამომდინარე  წავლენ კომპრომისზე, რომელსაც მათ ამერიკელებთან შეთანხმებით, ფრანგები და გერმანელები წარუდგენენ.

ამ შემთხვევაში, შესაძლოა ნატო და რუსეთი გახდნენ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და უსაფრთხოების გარანტორები.

საჭიროა, რომ რუსეთმა არა მარტო ჯარები გაიყვანოს სარკოზი-მედვედევის 12 აგვისტოს შეთანხმების თანახმად, არამედ გააუქმოს საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“, რომელიც მან 2008 წლის 26 აგვისტოს მოახდინა და როგორც ისინი აცხადებენ, ამით „ახალი რეალობა შეიქმნა“!  ამისათვის, აუცილებელია ახალი სტრატეგიული პროექტი, რომელიც რუსეთს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ პროცესში თანამონაწილედ გახდის!  წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი აპელირებას მოახდენს „კოსოვოს პრეცედენტზე“. ამიტომაცაა საჭირო, რომ რუსეთი დაფიქსირდეს როგორც ერთ-ერთი გარანტორი. ვფიქრობ, რუსები ამაზე წამოვლენ რამდენიმე მიზეზის გამო, - საქართველოში არ იქნება ნატო–ს სამხედრო ბაზები. ქვეყნის შიგნით, ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებთან სათქმელი ექნებათ („მუნდირის ღირსება“), რომ რუსეთი, დასავლეთთან ერთად, იქნება საქართველოს სახელმწიფოში შემავალი აფხაზებისა და ოსების ფართო უფლებების მქონე ავტონომიების უსაფრთხოების გარანტი. სეპარატიზმის „ვირუსი“, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ გადადის, რუსეთის მიერ „აღიარებული“ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, რუსეთის ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებში, – აღარ იარსებებს!

რუსეთის მიერ,  დეკლარირებულ „ახალ რეალობას“ – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, – გააქარწყლებს, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ახალი ალტერნატიული სტრატეგია: ნატო და რუსეთი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უსაფრთხოების, აფხაზების და ოსების ფართო უფლებების მქონე ავტონომიების გარანტები – ერთიანი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენლობაში!  ეს სტრატეგია, მისი განხორციელების შემთხვევაში, გახდება პრეზიდენტ ობამას მიერ ინიცირებული აშშ-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკის  მაგალითი.

როგორ უკავშირებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას?

- ბიძინა ივანიშვილს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ „გადატვირთვის“ პოლიტიკის ჭრილში დასავლეთის ლიდერებს შესთავაზოს ახალი სტრატეგიული პროექტის რეალიზება. ეს იქნება პოლიტიკური გარღვევა არსებულ სტაგნაციურ მდგომარეობაში და იმავდროულად, ქვეყნის მთლიანობის აღდგენის რეალური შანსი!  შეიძლება გარანტორების რიცხვის გაზრდაც, – მთავარია, დასავლთმა იცოდეს  ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იგი მიმართავს დასავლეთის ლიდერებს – პრეზიდენტ ობამას, პრეზიდენტ სარკოზის და კანცლერ მერკელს საქართველოს საკითხზე  და სთხოვს შუამავლობას რუსეთის მმართველებთან (პუტინთან!), რათა, - აშშ, რუსეთი, ნატო, ევროკავშირი და გაერო, ერთად, გახდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სახელმწიფო სუვერენიტეტის და უსაფრთხოების გარანტები.

პოზიციას, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“, ვეთანხმები, ოღონდ, საშინაო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეეხება, საგარეო პოლიტიკას, სწორედ შუალედური, დაბალანსებული და კომპრომისული კურსია საჭირო!  ამის გახმოვანებისთვის, შესაბამისი დრო უნდა შეირჩეს. ეს  საქართველოს გამთლიანების ერთადერთი შანსია! საქართველოს გამთლიანება საერთაშორისო გარანტიების გარეშე შეუძლებელია. ოსები და აფხაზებიც, რომ დაინახავენ „ძლიერთა ამა ქვეყნის“ საერთო ნებას საქართველოს საკითხის საბოლოო მოგვარებისათვის, მათთან, ჩვენი დიალოგიც შედეგიანი იქნება!

რუსებმა მოახერხეს, რომ დასავლეთს ეთნოკონფლიქტის კვალიფიკაცია მიეცა რუსეთის მიერ ინსპირირებულ მოვლენებისათვის საქართველოში! დასავლეთი კი, „სტრატეგიული მოთმინებისკენ“ მოგვიწოდებს, მათ იციან, რომ პუტინი სააკაშვილს არ დაელაპარაკება. ამასობაში გაისმის ლაპარაკი, ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების განლაგებაზე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე! და რა, რუსებს შეეშინდებათ და გაიქცევიან თუ, უფრო მეტი აგრესიულობით განაგრძობენ, მათ მიერ ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების მილიტარიზაციას?!  მოვლენების ამგვარმა განვითარებამ, შეიძლება კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს და საქართველომ თავისი ორი ისტორიული მხარე საბოლოოდ დაკარგოს... 

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ნატოს ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ეს საკითხი მიიჩნევა წინააღმდეგობად რუსეთთან ურთიერთობისას

- თუ, საქართველო ოდესმე გაწევრიანდა რომელიმე სამხედრო – პოლიტიკურ ბლოკში, ეს უნდა იყოს ნატო, მაგრამ, თუ ნატოს წევრობა არ უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაშინ, საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ასეთი ნაბიჯის გადადგმისაგან! ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნატოს დავშორდეთ, პირიქით, თანამშრომლობა ნატოსთან უნდა გაგრძელდეს და ნატო – რუსეთის საბჭოს თანამშრომლობის ფორმატში, საქართველომ შეიძლება მიაღწიოს სასურველ შედეგს. მითუმეტეს, რომ  ნატო–ს ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ – „ნატო-რუსეთის ურთიერთობაში საქართველოს საკითხი დაბრკოლებად არ უნდა იქცეს!“

“საქართველო ნატო- რუსეთთან ომში არ ჩაითრევს”, - განაცხადა THE WASHINGTON TIME-სთვის მიცემულ ინტრვიუში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

- ამასთან, ბაქრაძის განცხადებით, „საქართველოს რეგიონებში რუსული ჯარების ყოფნა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას ვერ დააბრკოლებს“. –  რას ნიშნავს ეს განცხადება? „ნაციონალები“ ხომ არ ვარაუდობენ შემდეგს, რომ საქართველოს ის ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება „შევიდეს“ ნატო–ში, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალი, – რუსეთის „დაშლის შემდეგ შეიერთონ!“  ნატოში ამდაგვარი გაწევრიანება საქართველოს სამუდამოდ დააკარგვინებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შანსს! ამას, უცილობლად მოჰყვება რუსეთის საპასუხო „ძალისხმევა“ აფახაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის აღიარებისა“, ანტიამერიკული (ანტინატოური) სახელმწიფოების მხრიდან (ირანი, სუდანი, სირია, ჩრდ. კორეა და სხვა კუნძულები), რაც საბოლოოდ დაასამარებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივას და ქვეყნის გამთლიანების იმედს! სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა 10 და მეტი სახელმწიფოს მიერ, შეიცავს საშიშროებას, რომ აფხაზეთი და ცხინვალი გახდნენ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები! ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ მომავალში ნატოს წევრი საქართველო (უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ!) მოინდომებს ძალისმიერი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თვით ნატო არ მისცემს ამაზე დასტურს და უფლებას! მოვლენების ასეთი განვითარება გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის საბოლოო გაყოფას, მის ქცევას რუსეთის (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) და ამერიკის (დანარჩენი საქართველო) სამხედრო ბაზებად!

სააკაშვილი და მისი ხელისუფლება წარმოადგენს დაბრკოლებას, – ამ სამი საკითხის (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნატოსთან ინტეგრაცია, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება) გადაწყვეტის გზაზე! აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ  ბიძინა ივანიშვილმა წარუდგინოს საქართველოს საზოგადოებას, დასავლეთს, დღეს ოკუპანტ რუსეთს (ხვალ კი, პარტნიორს),  ამ ურთულესი საკითხების გადაწყვეტის მისეული, ალტერნატიული ხედვა, რომელიც გამორიცხავს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირების მცდელობას და ორიენტირებული იქნება მშვიდობიანი, გამჭირვალე და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე! რაც ნიშნავს  ეროვნულ ფასეულობებსა და ევროპულ  ღირებულებებზე ორიენტირებულ დემოკრატიულ საზოგადოებას, ეფექტურ ეკონომიკას და სწრაფვას სახელმწიფოს მოდერნიიზაცისაკენ. სწორედ ასეთი პოლიტიკური კურსი მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რასაც ეწოდება ქართული ოცნება: თავისუფლება, გამთლიანება, განვითარება!

ბოლო დროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების გაზრდა რა ვითარებას შექმნის რეგიონში?    

- ალბათ, გარკვეულ წინადადება – დაპირებას უნდა ველოდოთ რუსეთის  მხრიდან აზერბაიჯანის მისამართით, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბაქო გაწევრიანდება „ევრაზიის კავშირში“, მაშინ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა დაჩქარდება. იმის გათვალისწინებით, რომ ყარაბაღის გამო, სომხურ–აზერბაიჯანული ურთიერთობები სულ უფრო იძაბება, რაშიც არც დასავლეთი და არც რუსეთი არ უნდა იყვნენ დაინტერესებულები (უამრავი მიზეზის გამო!), არ არის გამორიცხული, რომ გახმოვანდეს ახალი ინიციატივები ამ კონფლიქტთან დაკავშირებით! ყველა შემთხვევაში, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური პოზიცია ამ ქვეყნებთან მიმართებაში, რათა, ისედაც მყიფე სტაბილურობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არ დაირღვეს!