ალბერტო კოსტა, "Corriere Della Serra"
თბილისი – დოლარები და ფეხბურთის ბურთი. ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში და საქართველოს ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი. ახალი პოლიტიკური მოძრაობა „ქართული ოცნება“, რომლის მიზანიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებაა, ოფიციალურად კვირას, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დაფუძნდა. 2500 სტუმარი, ვივალდის მუსიკა და ადგილობრივი რეპი – ეს ყველაფერი თავმოყრილი ბიძინა ივანიშვილისა და კახაბერ „კახა“ კალაძის გარშემო.
პირველს შეუძლია საკუთარი ქონების იმედი ჰქონდეს, რომელიც ხუთნახევარი მილიარდით განისაზღვრება და რომლის მეშვეობით ის ჟურნალ „ფორბსის“ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 185-ე ადგილზე მოხვდა. მეორე, ძლიერი მცველი, რომელმაც, კარლო ანჩელოტის „მილანში“ თამაშის ათი წლის მანძილზე ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა: გახდა იტალიის ჩემპიონი (2004), იტალიის თასის მფლობელი (2003), ევროპის სუპერთასის მფლობელი (2007), მსოფლიოს ჩემპიონი კლუბურ ჯგუფებს შორის (2007), ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული (2003 და 2007). ახლა ის „ჯენოაში“ თამაშობს, კვირას კი საჯაროდ განაცხადა, რომ ემშვიდობება ეროვნულ ნაკრებს, რომლის კაპიტანიც იყო („15 წლიანი თამაშისა და 83 მატჩის შემდეგ ფეხბურთს დიდი სინანულით ვტოვებ“).
სინამდვილეში ეს არჩევანი მომავალი პოლიტიკური კარიერისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ფეხბურთი მისი ტრაგიკული ცხოვრების მთავარი ნაწილი იყო (2001 წელს კრიმინალურმა ბანდამ გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით, მისი ძმა ლევანი გაიტაცა, რომლის ნეშტიც წლების შემდეგ იპოვეს), „ჯენოასთან“ მისი კონტრაქტი 2013 წელს იწურება, მაგრამ კახა თანაგუნდელებს ერთი წლით ადრე, ჩემპიონატის დასასრულს დაემშვიდობება.
საქართველოში შექმნილ სიტუაციას იმედისმომცემს ვერ უწოდებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში თავისი უგუნური დაპირისპირების შემდეგ რუსეთთან, რამაც პუტინის ტანკები ქვეყნის დედაქალაქიდან 30 კილომეტრში განათავსა, ავტორიტარული კურსი გაანამტკიცა. იმ 2008 წლის ცხელ ზაფხულს სწორედ კალაძეს მოუწია საკუთარი ქვეყნისთვის უფრო დიდი დანაკარგები აერიდებინა: მან, როგორც „მილანელმა“ „მილანელს“, სთხოვა სილვიო ბერლუსკონის თავის მეგობარ ვლადიმერ პუტინს დალაპარაკებოდა. 48 საათში,საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით, რუსებმა თბილისისკენ სვლა შეწყვიტეს, თუმცა ამ არანორმალური აქტის შედეგები (საქართველო 4,3 მილიონიანი ქვეყანაა, რუსეთის ფედერაცია კი 142 მილიონიანი) ქვეყანას დღემდე ვერ მოუნელებია.
ივანიშვილის ნაბიჯმა, რომელიც მშვიდ და გაწონასწორებულ ადგილობრივ ექიმს მოგაგონებთ, რომელიც ბერლუსკონის მსგავსად, „მილანის“ გულშემატკივარია („მას მერე, რაც კალაძემ „მილანის“ შავ-წითელი მაისური ჩაიცვა, „მილანი“ ჩემს საყვარელ გუნდად იქცა“), აშკარა შოკი გამოიწვია გარეგნულად ბედსშეგუებულ ქვეყანაში: „სინამდვილეში მე ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ პოლიტიკაში არ მოვსულიყავი, მაგრამ სააკაშვილმა ნამდვილი დიქტატურა დაამყარა. ის ვერ იტანს ისეთ თავისუფალ ადამიანებს, როგორიც მე ვარ. მას მხოლოდ ისეთი ადამიანები მოსწონს, რომლებიც ყველაფერზე კვერს უკრავენ. მე კი თავის დახრა არ მსურდა“.
და აი ისიც, აღფრთოვანებული აუდიტორიის წინ, მაშინ როდესაც დარბაზის გარეთ ასობით ადამიანი ცდილობს მისი და მისი მემკვიდრის, მილანელი კახი კალაძის სიტყვის მოსმენას („ქართველი გულშემატკივრებისთვის მისი ამგვარი „ჯენოას ეპოპეა“ მათი კერპის მხოლოდ და მხოლოდ ვირტუალური გამოცდილებაა), რომლის პოლიტიკური სვლა მომავალი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე გამოიკვეთა „დიდი ბოსის“ გვერდით: „ ფეხბურთს ნაადრევად ვტოვებ, რადგანაც გული მტკივა, როცა ვხედავ, თუ რა სიღატაკეში ცხოვრობს ჩემი ხალხი“. ამიტომ პირველი ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაა. „არ აქვს მნიშვნელობა იმას, რასაც პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს მე პუტინის მეგობარი ვარ“ – ამბობს ივანიშვილი, „ხალხს ვერ მოატყუებ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი, რომელსაც რეჟიმი უთვალთვალებს და აკონტროლებს, დაშინებულია. ახლა ამერიკელებიც და მთელი ევროპაც, დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ჩემი ნდობა შეიძლება, ჩვენთან ურთიერთობას ამყარებენ“.
თბილისის საკონცერტო დარბაზში უკრაინელი ანდრეი შევჩენკოც იმყოფება, ანჩელოტის გუნდის კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი, რომელსაც „მილანში“ თამაშისას 175 გოლი აქვს გატანილი. ის კიევიდან თავისი დიდი ხნის მეგობრის მხარდასაჭერად ჩამოვიდა და ტაშით შეხვდა კახას მგზნებარე გამოსვლას: „მისი ნათქვამიდან არაფერი მესმოდა, მაგრამ ხალხის ენთუზიაზმით მივხვდი, რომ ის გულით საუბრობდა“. ეს ის ენთუზიაზმია, რომელმაც აიძულა კახა კალაძე, ხელი ჩამოერთვა, სანამ ბერლუსკონის რომელიმე თვითმფრინავზე ფეხს ხელახლა შედგამდა. დღეს პელიში, გენუის მთავარ უბანში, წრთვნაა, კახაბერ კალაძის პირველი წრთვნა”.
foreignpress.ge
903
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85