ხელისუფლება „საარჩევნო კოდექსის“ მორგებას განაგრძობს

ხელისუფლება „საარჩევნო კოდექსის“ მორგებას განაგრძობს

ხელისუფლება აქტიურად განიხილავს 150 კაციან პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის გაზრდას. საუბარია 83 მაჟორიტარისა და 67 პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების თანაფარდობაზე.

ის, რომ ხელისუფლებამ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა გადაიფიქრა, არაოფიციალურად უკვე ცნობილია და ამის შესახებ presage.tv არაერთხელ წერდა. ამის მთავარი მოტივი კი ის არის, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ხელისუფლებას მაჟორიტარების ადგილების აღების იმედი უფრო მეტად აქვს, ვიდრე პროპორციული სისტემით გამარჯვების, რადგან, ადმინისტრაციული რესურსი, როგორც წესი, პირდაპირ მაჟორიტარების გამარჯვებას უწყობს ხელს.

საინტერესო კი ის არის, რომ ხელისუფლება ამ ინფორმაციას უკვე ღიად ადასტურებს.

მანდატების გადანაწილების პროპორციულობით, პარლამენტის  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილებოდა, „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა. 

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დეპუტატ ანდრო ალავიძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თუ დეპუტატების რაოდენობა არ გაიზრდება, მაშინ მაჟორიტარების რაოდენობა იგივე უნდა დარჩეს, რაც ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებაში იყო აღნიშნული. 

ვეფხვაძის თქმით, ანდრო ალავიძე არ არის ბიუროს წევრი და ამიტომ აინტერესებს, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებაში უკვე მიღებული, თუ ის უბრალოდ ერთი დეპუტატის მოსაზრება იყო. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა კი განაცხადა, რომ, „თუ დეპუტატების რაოდენობა არ გაიზრდება, რასაც ოპოზიცია ბოლო დროს დაჟინებით ითხოვს და მათ „ქრისტიან-დემოკრატებიც“ უერთდებიან, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ გადაიხედოს“. 

კუბლაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ დეპუტატების გაზრდის საკითხის გადაფიქრების შემთხვევაში, მანდატების სწორედ 83-67-ის პრინციპით გადანაწილებაზე გაგრძელდეს მუშაობა. 

ეს საკითხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რადგან დეპუტატთა რაოდენობის გაზრდისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილების საზოგადოებრივი განხილვის ერთთვიანი ვადა უკვე ამოიწურა და ხელისუფლებამ რაღაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 16 დეკემბრისთვის დადგეგმილია პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საკითხიც გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზეც საუბრობენ, რომ ხელისუფლებას 150 კაციან პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა 100-მდე სურს, რაც მათ ინტერესებში ყველაზე მეტად შედის. ამ შემთხვევაში კი, ცხადია, პროპორციული სისტემით არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა 50-მდე შემცირდება, რაც პარტიული განვითარებისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნება.

თუმცა, პავლე კუბლაშვილის ასეთ დაყოფას ალოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი რამ არ მოხდება.

პარტიების დაფინანსება

ხელისუფლებისთვის მეორე პრობლემა კი, როგორც ჩანს, პარტიების დაფინანსების საკითხია და ახლა მთელი ყურადღება იმაზეა გადატანილი, რომ როგორმე ოპოზიციას დაფინანსების მიღების ყველა წყარო ჩაეკეტოს.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხზე ყურადღება ხელისუფლების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მიხეილ თავხელიძემ და ზურაბ ჯაფარიძემ გაამახვილეს. ისინი პირდაპირ ღიად ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილს პოლიტიკაში ფულის დახარჯვის საშუალება არ უნდა მისცეს.

„სტრატეგიისა და განვითარების“ ინსტიტუტის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ პარტიების დაფინანსების გამკაცრების მომხრეა. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარტიების კერძო დაფინანსების მხრივ კანონმდებლობა გამკაცრდეს, რადგან დღევანდელი რეალობით საქართველოში ახალი პოლიტიკური მოთამაშე გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილის სახით. 

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს განუსაზღვრელი ფინანსური რესურსები აქვს, მისი კაპიტალი საქართველოს მშპ–ს თითქმის ნახევარია და ამ რესურსის გამოყენებამ შესაძლოა დაანგრიოს არა მხოლოდ პოლიტიკური სპექტრი, არამედ ქვეყნის ეკონომიკაც.

„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კუთხით კანონის გამკაცრება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, მისი აზრით, სახელმწიფო დაფინანსება საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რადგან ამის შედეგად არაჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი იქმნება. ჯაფარიძის თქმით, ყალიბდება „უამრავი პოპულისტური რაღაც პოლიტიკური გაერთიანება“, რომლებიც რეალურად ფოკუსირებულები არიან მხოლოდ იმაზე, რომ სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვონ და შემდეგი 4 წელი აღაფერი აკეთონ.

ექსპერტი მიხეილ თავხელიძე კი კერძო ტელემაუწყებლების მიმართ წინასაარჩევნოდ გარკვეული ვალდებულებების გაჩენას კონსტიტუციის დარღვევად აფასებს. 

შეგახსენებთ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, ყველა ტელეკომპანია ვალდებული იქნება, რომ ყველა სუბიექტს თანაბარი სარეკლამო დრო დაუთმოს თანაბარ ფასად.

მიხეილ თავხელიძემ კი განაცხადა, რომ ეს პრინციპი „კერძო საკუთრების მიმართ ერთგვარი ძალადობაა“.

მისი თქმით, ეს არის უხეში ჩარევა კერძო მესაკუთრეების საქმიანობაში და კერძო საკუთრების უხეში დარღვევა და ამით საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საფუძველი იქმნება. 

„კერძო საკუთრების უფლება არის ერთ-ერთი იმ უფლებათა შორის, სიცოცხლის უფლებასთან ერთად, რომელიც ადამიანს უფლისგან აქვს ნაბოძები“, - განაცხადა თავხელიძემ. 

მიხეილ თავხელიძეს არ ეთანხმება მისივე კოლეგა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ლადო ბოჟაძე, რომელიც არა თუ ამ ვალდებულების მოხსნის, არამედ კანონის უფრო მეტი გამკაცრების მომხრეა და ამბობს, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული ჯარიმებიც კი იმ ტელე ან რადიო კომპანიების მიმართ, რომლებიც დისკრიმინაციულ მიდგომას გამოიჩენენ ამა თუ იმ პარტიის მიმართ. 

თავხელიძეს შეეკამათა „ქრისტიან-დემოკრატი“ ლევან ვეფხვაძეც და აღნიშნა, რომ მან უნდა გაითვალისწინოს თუ ვისი „კერძო საკუთრებაა დღეს ნაციონალური ტელეკომპანიები“.

აღნიშნული რეპლიკა კი მიხეილ თავხელიძემ უპასუხოდ დატოვა.

ამ საკითხების საპარლამენტო განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი კი აცხადებს, რომ მათ ალტერნატიული წინადადებები ექნებათ ყველა საკიხთან დაკავშირებით, დაწყებული საარჩევნო სისტემით და პარტიების დაფინანსებით დამთავრებული. თუმცა, იმის თქმა, თუ მათი წინადადებებიდან ხელისუფლება რას გაითვალისწინებს, ძნელი სათქმელია.