"უკანონო" კვერცხები გააგორიალეს


მთავარი ისაა, ამ გორიალ გორიალში არ დაიმტვრეს და უკვერცხოდ არ დავრჩეთ!

კაცმა არ იცის, რა მოსაზრებით დაიდგა ბათუმში სასტუმრო "რედისონის" წინ 12 კვერცხი და ზედ ორი "შლოპანცი". სანამ ამ თემაზე საზოგადოებაში სჯა-ბაასი იყო და ქართველი საზოგადოება კვერცხებისა და "შლოპანცების" იდეის გაშიფვრით იყო დაკავებული, "შლოპანცების" (კვერცხებიანად, რა თქმა უნდა) გადატანა გადაწყვიტეს.

კვერცხებზე დადებული "შლოპანცების" ავტორს, ლილი ფანტოცის, თურმე კვერცხებზე კედების შემოდება ჰქონდა განზრახული, მაგრამ ჩვენმა დამკვეთებმა შეუცვალეს. ეტყობა, იფიქრეს, ბათუმში კედებში ცხელა და ბათუმს "შლოპანცი" უფრო შეეფერებაო(?!). მონუმენტის იდეა კი კედის კომფორტულობაზე იყო აგებული, - კედი იმდენად სასიამოვნო და მსუბუქია, კვერცხებზეც რომ დადგე, არ დაიმტვრევაო. ამ იდეის მიხედვით ეს მონუმენტი კედების ფაბრიკის წინ რომ დაედგათ, ხმას არავინ ამოიღებდა, მაგრამ რა შუაშია ბათუმის ბულვარი, ვერავინ გაიგო, მაგრამ ვიდრე კვერცხებისა და "შლოპანცების" იდეას გაშიფრავდა ჩვენი საზოგადოება, ბათუმის მერიამ კვერცხებს, როგორც აჭარლები ამბობენ, გორიალი აუტეხა. მთავარი ისაა, ამ გორიალ-გორიალში არ დაიმტვრეს და უკვერცხოდ არ დავრჩეთ!

კვერცხების ამბავი ამით არ მთავრდება, თურმე ნუ იტყვით და, ყველა სიკეთესთან ერთად თორმეტივე კვერცხი თავისი "შლოპანციანად" უკანონოდ დადგმულიც ყოფილა. ეს "შედევრი" სკვერში ისე აღმოჩნდა, რომ არა მარტო ბათუმელების უმრავლესობისთვის, საკრებულოს წევრებისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა.
თავის დროზე ბათუმელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ საკრებულოს წევრებს "ნაციონალური მოძრაობიდან" კარგად ახსოვდათ საკრებულოს ის სხდომა, რომელზედაც ქანდაკებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს მისცეს ხმა. მაგრამ ვერ იხსენებენ დღეს, როცა უცხოელი ხელოვანის უკვე გაკეთებული ქანდაკების დადგმის განკარგულება მიიღეს. ბათუმის საკრებულოს თურმე მისი განთავსების განკარგულება არ გაუცია. 2011 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხა - 32.820 ლარი კი, რომელიც ამ ქანდაკების გაკეთებისთვის არის დახარჯული, ასევე უკანონოდ დაუხარჯავთ(!). ბათუმის მერიას კი იმავე საქმისთვის 160.000 ლარი დამატებით გამოუყვია.

როგორც ბათუმის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელი ირინა შერვაშიძე ირწმუნება, ქანდაკება (არ ჰგავს ქანდაკებას, მაგრამ მაინც!) თურმე დროებით იდგა "რედისონის" წინ. თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ახალ ბულვარში დაიდგმებოდა. ის მოდერნისტული ქანდაკებების სერიას შეუერთდება და ახალ ბულვარსა და ზღვის ხედს ძალიან მოუხდება". საინტერესოა, თუ ქანდაკების დადგმა თავიდანვე ბულვარში იყო დაგეგმილი, რა საჭირო იყო მისი სხვა ადგილას წამოყუდება და ამ სამუშაოში დამატებითი ხარჯების გაღება?

მოკლედ, უკანონო კვერცხების უკანონო ხარჯები ცალკე თემაა და მონუმენტ-ძეგლების ასე უბოდიშოდ გაგორება-გამოგორებასაც ლაყე კვერცხის სუნი უდის.

"რასაც უნდა აკეთებდე, იფიქრე დასასრულზე!"
ისო ზირაქი