"ვადასტურებ, რომ გადმოსვლის მცდელობები არის... ასეთი განწყობები გამოვლენილია როგორც "ნაცმოძრაობაში", ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში"

"ბატონ წიკლაურს შევარდნაძის მინისტრი ჰყავს პრეზიდენტად, შევარდნაძის ხელისუფლებაა მის პარლამენტში, ხათუნა გოგორიშვილი ხომ არ დაავიწყდა ან ვინმე. ეს საკმაოდ არასერიოზული განცხადებაა და წიკლაურის განცხადებას კომენტარს ვერ გავუკეთებ. თუ მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის შევარდნაძის ეპოქის ხალხი აღმოჩნდა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. სტუმრების სტატუსისა და სხვა რამის ერთმანეთში არევა არ ეკადრებათ უმრავლესობის წარმომადგენლებს", - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მე ვადასტურებ, რომ გადმოსვლის მცდელობები არის... ასეთი განწყობები გამოვლენილია როგორც "ნაცმოძრაობაში", ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში". 

"ვადასტურებ, შევარდნაძის ეპოქიდან სტუმრები ნამდვილად იყვნენ - იქ დავინახე მათ შორის ჩემი მასწავლებლები, აკადემიკოსები, პოეტები, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი იქნებიან მთავარი ფიგურები ივანიშვილის გუნდში. ვფიქრობ, კარგია, როცა ხალხი ერთიანდება და მათ აქვთ საერთო მიზანი. ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სადაც საჭირო არაა, ყველას ერთნაირი პოლიტიკური წარსული ჰქონდეს, ან თუნდაც მომავალი. როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს, თუ იქ დაინახავს შევარდნაძის ყოფილ მინისტრებს ბატონი წიკლაური, მაშინ აღელდეს... კიდევ ერთხელ გეუბნებით - არ არსებობს იარლიყი - "შევარდნაძის ყოფილი მინისტრი", ვინაიდან თვით სააკაშვილი იყო შევარდნაძის მინისტრი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, შევარდნაძის წინააღმდეგ გამოსულიყო და ემოქმედა ისე, როგორც თავის დროზე ქართველ ხალხს სჭირდებოდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

"პირველად მესმის პაატა შევარდნაძის შესახებ - ჩვენ მსგავსი თემა არასდროს განგვიხილავს. ძალიან საინტერესოა, მაგრამ მას პოლიტიკურ პარტნიორად არ განვიხილავთ. ჩვენ გვყავს საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ეყოფა პრეზიდენტის კანდიდატურასაც, პრემიერის კანდიდატურასაც, იმდენი ხალხი გვყავს, რომ თითოეულ თანამდებობაზე ხუთ-ხუთი კაცის წარდგენა შეგვიძლია, რად გვინდა სხვისი ძებნა, კარგად არ გვესმის... თანამდებობებზე საუბარი ჯერ არ არის. შეგახსენებთ ივანიშვილის განცხადებას, რომ ის მზად არის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ საქართველოში არსებული კანონმდებლობით, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხდება ძირითადი თანამდებობა, ჩვენ მზად ვართ ამ პოსტზე ვიხილოთ ბიძინა ივანიშვილი. სხვა პოსტებზე ლაპარაკი ჯერ არ ყოფილა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება იმას, ეს გამარჯვება იქნება უმრავლესობით, საკონსტიტუციო უმრავლესობით თუ სხვაგვარად, ამის განხილვას ახლა განსაკუთრებული აზრი არ აქვს - გარწმუნებთ, საკმარისია უბრალო გამარჯვება. საქართველოში ტრადიციისა და გამოცდილების მიხედვით ის იქცევა კოლოსალურ საკონსტიტუციო გამარჯვებად: ათით ნულს მოვიგებთ თუ ერთით ნულს, ყველა გამარჯვებას ექნება ფასი. როცა შეიცვლება ეს ხელისუფლება, მერე გამოჩნდება, რომ ბრძოლას აზრი ჰქონია... მართალი გითხრათ, სააკაშვილის მხარეს მილიონ-ნახევარი ხმა კი არა, რაც არის, ისიც არ არის მყარად მისი და ახლა შიგნით მიმდინარეობს "ნაცმოძრაობის" რღვევის პროცესი. ეს პროცესი არის მომავალ გამარჯვებულებთან გადარბენის სურვილი", - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

"ამ თემაზე ვრცლად ისინი მოგახსენებენ, ვინც ჩვენთან გადმოირბენენ. წინასწარ არ შემიძლია გვარების დასახელება. მე მხოლოდ პროცესზე მიგითითებთ. მე ვადასტურებ, რომ გადმოსვლის მცდელობები არის, ამის შესახებ საზოგადოება გაიგებს. წინასწარი საუბრებით არ გვინდა, პროცესები შევაფერხოთ. ვადასტურებ, რომ ასეთი განწყობები გამოვლენილია როგორც "ნაცმოძრაობაში", ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეშელონების "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების წამოსვლას არ აქვს აზრი - მათ არც არავინ ელოდება. გიგა ბოკერია მიატოვებს თუ არა სააკაშვილს, ეს ჩვენი პრობლემა არ არის..." - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "მიშა მაჭავარიანზეც იმავე აზრის ხართ?" - პასუხობს:

"მიშა მაჭავარიანი პირველი ეშელონის წევრი არ არის. მიატოვებს თუ არა მიშა მაჭავარიანი "ნაციონალურ მოძრაობას", ეს მე, უბრალოდ, სახალისო ამოცანად მიმაჩნია, ვინაიდან შეიძლება "კიც" და "არაც" - არის არჩევანი და რამდენად თავისუფალია მიხეილ მაჭავარიანი თავის არჩევანში, არ ვიცი. გარწმუნებთ, ვიღაცები აუცილებლად გამოჩნდებიან, რომლებიც დატოვებენ "ნაციონალურ მოძრაობას". როცა ბრძანეთ, "ნაციონალები" გაჭირვების დროს ერთიანდებიანო - ეს არ არის სწორი, რადგან დღეს ოპოზიციაში არის ყოფილი "ნაციონალური მოძრაობის" დიდი პროცენტი - ბურჯანაძითა და ოქრუაშვილით დაწყებული, თუნდაც "ნაციონალებთან" ერთად პოლიტიკურ ბლოკში გამარჯვებული "რესპუბლიკელებითა" და "კონსერვატორებით" დამთავრებული. ისინი ერთიანები არ ყოფილან არასოდეს და ბევრი მათგანი პატიოსნად იყო შევარდნაძის "მოქკავშირში", საიდანაც ისინი წამოვიდნენ. ასე რომ, ეს პროცესები ყოველთვის იყო, არის და იქნება. შესაძლოა ეს პრობლემა რამდენიმე წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილსაც ჰქონდეს - ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია".