„ქართული ოცნების“ დაფუძნებამ პარლამენტარები დაადუმა

„ქართული ოცნების“ დაფუძნებამ პარლამენტარები დაადუმა

პარლამენტმა რეგლამენტი დაარღვია, რადგან მისთვის „ყოველი ორშაბათი“ ყოველ ორშაბათს არ ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში, რეგლამენტში, რომელსაც კანონის ძალა აქვს და აქ არსებული ნორმების  შესრულება სავალდებულოა, წერია, რომ „პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება ყოველ ორშაბათს, 15:00 საათზე, ხოლო არასასესიო პერიოდში – საჭიროებისამებრ“.

საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება. ამის შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, იმართება რიგგარეშე სესიები.

მიუხედავად იმისა, რომ საშემოდგომო სესია არ დამთავრებულა და ბიურო ყოველ ორშაბათს უნდა ტარდებოდეს, დღევანდელი ბიურო არ ჩატარდა. ამის მიზეზად კი პარლამენტის საორგანიზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ის ფაქტი დაასახელა, რომ მიმდინარე კვირა არ არის სასესიო და სესიის ოფიციალური დასრულებისთვის საჭიროა, პლენარული სხდომის ან ბიურის გამართვა.

შესაბამისად, პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეთერ სვიანაიძის განმარტებით, ბიუროს სხდომა პარასკევს გაიმართება, სადაც მოხდება სესიის ოფიციალური დახურვა.

არადა, პარლამენტის რეგლამენტის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ ბიურო სესიის განმავლობაში ყოველ ორშაბათს უნდა გაიმართოს. ამასთან, აქამდე არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ ბიუროს სხდომა კვირაში ორჯერ და სამჯერაც კი გამართულა. მაგალითად, წინა კვირის ბიუროს სხდომა ორშაბათსაც გაიმართა, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტი ითხოვს და პარასკევს უკვე ბიროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

ამიტომაც ძალიან მარტივი მისახვედრია, რომ პარასკევს რიგგარეშე ბიუროს ჩატარება არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, სადაც ოფიციალურად მოხდებოდა საშემოდგომო სესიის დახურვა. მით უმეტეს, რომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ბოლო ბიუროზე განაცხადა, პარლამენტს ახალ წლამდე რამდენიმე რიგგარეშე სხდომის ჩატარება მოუწევს, რადგან განსახილველი და მისაღები კანონპროექტებია დარჩენილი. მათ შორის უნდა დაიწყოს „საარჩევნო კოდექსის“ პროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურაც.  

სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ბიუროს არჩატარების რეალური მიზეზი სხვა იყო. მაგრამ რა, ამაზე არავინ საუბრობს.

თუმცა, გუშინ გამართული „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის მეორე დღეს პარლამენტართა არგამოჩენა ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლებას ამ თემაზე საუბარი არ სურს. ყოველ შემთხვევაში, გუშინდელი დღის შემდეგ, სადაც კარგად გამოჩნდა, რომ ივანიშვილს იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ხელისუფლება სააკაშვილთან გასამართ შეხვედრებზე ხალხს ყვითელი ავტობუსებით ატარებს, მხოლოდ იმის თქმა, რომ „ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს“ და „შევარდნაძის დროს უბრუნდება“, უბრალოდ სასაცილოა და ნაკლებად დასაჯერებელი.