"ქრონიკის" მასალების მიხედვით
"ეს მოხდა 9 დეკემბერს - ხობში გაიმართა საკრებულოს სხდომა და ხობის გამგებლად დაინიშნა ცნობილი ზონდერი და კრიმინალი გოგა ღურწკაია, რომელმაც, როგორც მთელი საქართველოსთვის არის ცნობილი, 2007 წლის 27 ოქტომბერს ზუგდიდში, ოპოზიციის მიერ ჩატარებული 10-ათასკაციანი მიტინგის შემდეგ მაღაზიაში სცემა ბეჟან გუნავა, რომელსაც ცხვირწინ იარაღს უტურტურებდა. ეს ის გოგა ღუწკაიაა, რომელმაც ასევე ფიზიკური შეურაცხაყოფა მიაყენა ბიძინა გუჯაბიძეს, მის მეუღლეს, ქ-ნ მაკა სახურიას და ლაშა ჩხარტიშვილს. დარბევებსა და "ცემა-ტყეპებს", რომელსაც გოგა ღურწკაიასთანა ზონდერები ახორციელებდნენ, პირადად ხელმძღვანელობდა დღეს უკვე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, ხოლო მაშინ სამეგრელო-ზემო-სვანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა. ერთი სიტყვით, გოგა ღუწკაია ცნობილი ზონდერია, რომელიც ახლა უკვე ხობის გამგებელი გახდა", - აცხადებს "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ერთი მხრივ ცუდი რამ მოხდა - პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლამ, ფაქტობრივად ნულს გაუტოლა მთელი დანარჩენი ოპოზიციის რეიტინგი..."
"ღურწკაია ზუგდიდის საკრებულოს წევრიც იყო, რომლის სხდომებსაც საერთოდ არ დასწრებია და თუ არ ვცდები, სულ 4-ჯერ იყო შემთხვევით მისული. ეს არის წერა-კითხვის მცირედმცოდნე კაცი და როლანდ ახალაიას კადრი, დამრბევი, სხვა მაგან არაფერი არ იცის. როცა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დაინიშნა გურამ მისაბიშვილი, მან თავის მოადგილედ დანიშნა აბაშის პოლიციის ყოფილი უფროსი დარცმელიძე, რომელიც, როგორც საქვეყნოდ ცნობილია, 2007-2008 წლებში მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის მანქანების კოლონას გზაში ლურსმნებსა და რაღაც ამის მსგავს წვეტიან ლითონის საგნებს უყრიდა, რათა მანქანები მწყობრიდან გამოსულიყო. ამ ერთგული სამსახურისთვის სააკაშვილმა დარცმელიძე დააწინაურა და ზუგდიდის კუდ-ისა და პოლიციის უფროსად დანიშნა, ხოლო ახლა ის არის მისაბიშვილის მოადგილე ანუ ტენდენცია არის ასეთი - ზონდერები, ძალოვნები, ბაჩო ახალაიასა და როლანდ ახალაიას ხელის ბიჭები უკვე მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნებს, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა მიქაია.
"ბიძინა ივანიშივილის ფაქტორმა შეცვალა სიტუაცია ქვეყანაში და მათ შორის სამეგრელოში. ბოლო სოციოლოგიურ კვლევებზე თუ ვისაუბრებთ, სამეგრელოში ნაცმოძრაობის რეიტინგი 43%-ს არ აღემატება, რაც პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის არის კატასტროფა იმდენად, რამდენადაც სააკაშვილი და მისი ხროვა, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, მიჩვეულნი არიან, რომ ნაცმოძრაობამ სამეგრელოდან უნდა წამოიღოს ხმების მინიმუმ 70 პროცენტი მაინც. აქედან გამომდინარე, როდესაც სამეგრელოს მოსახლეობა არის საშინელ ტერორში და როცა ახალაიების, კოდუებისა და ღურწკაიების სათარეშო რეგიონში მოსახლეობის მხოლოდ 43% თანაუგრძნობს ნაცმოძრაობას, ეს სააკაშვილისთვის არის საგანგაშო სიგნალი. იგი გრძნობს, რომ მძიმე დღეები ელის და ამიტომ არის, რომ მიშა დაფაცურდა. არ გამოვრიცხავ, რომ თუ სააკაშვილი წინასწარ დარწმუნდა, რომ მიუხედავად თავისი რესურსის, მაინც აგებს არჩევნებს, მიშა აუცილებლად პროვოკაციაზე წავა და როგორც არაერთხელ მითხვამს, სწორედ ამ პროვოკაციის მოწყობას ემსახურება სამეგრელოში ახალი "მხედრიონის" შექმნა, - დასძენს კახა მიქაია.
1210
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85