მარგარიტა ანთიძე, "როიტერი"
კვირას, საქართველოს დედაქალაქში, თბილისში, მილიარდერისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის პირველ საჯარო შეკრებაზე დასასწრებად, რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა.
ივანიშვილმა, რომლის ქონებაც ჟურნალ Forbes-ის მიერ 5,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თავისი პოლიტიკური ამბიციების შესახებ ოქტომბერში განაცხადა და 2003 წლის საქართველოს „ვარდების რევოლუციის“ პრო-დასავლელ ლიდერ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა.
„ქართული ოცნების“ სახელით ცნობილი სახალხო მოძრაობის კონგრესი დედაქალაქის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მას როგორც ქართული კულტურის, ხელოვნების და სპორტის ვარსკვლავები, ასევე ყოფილი მინისტრები და ოპოზიციური პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.
ივანიშვილის ვაჟმა ბერამ ღონისძიება თავისი რეპ კომპოზიციის „ქართული ოცნების“ წარმოდგენით გახსნა.
„ქვეყნის ხელმძღვანელობამ თავი მთლიანად ამოწურა… და საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარების მთავარ დაბრკოლებად იქცა“, – განაცხადა გამოსვლისას 55 წლის ივანიშვილმა.
„დროა ყველამ გავიღვიძოთ და ავიხდინოთ ქართული ოცნება“, – თქვა მან.
43 წლის სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის ქუჩის დემონსტრაციების ტალღაზე მოვიდა, მას შემდეგ მისი მმართველობის წინააღმდეგ გამართულ სახალხო გამოსვლებს გაუმკლავდა. ოპონენტები მას ამ კავკასიურ სახელმწიფოში (რომელიც კასპიის ზღვისა და დასავლეთის ნავთობკავშირების გზაჯვარედინზეა) თავისუფლებების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილი მთავრობისთვის რეალური საფრთხეა, როგორც თავისი უზარმაზარი ფინანსური რესურსების, ასევე იმის გამოც, რომ მისი რეპუტაცია წარსულის პოლიტიკური მაქინაციებისგან სუფთაა.
ბიზნესმენი, რომლის საბანკო თუ საბითუმო სავაჭრო ინტერესები დიდწილად რუსეთშია, საქართველოს მთავრობამ „კრემლის მარიონეტად“ გამოაცხადა და საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.
ახლახანს, იუსტიციის სამინისტრომ დაადგინა, რომ ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობა „ავტომატურად გაუქმდა“ მას შემდეგ, რაც მან საფრანგეთის პასპორტი მიიღო. ეს გადაწყვეტილება მას ოფიციალური პოლიტიკური პარტიის დაფინანსებას უკრძალავს.
პირველად, მას საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პრეზიდენტის განკარგულებით მიანიჭეს, როდესაც საქართველოში რუსეთიდან დაბრუნდა. საქართველოს კანონმდებლობა მულტიმოქალაქეობას კრძალავს.
ბიზნესმენს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, მაგრამ აცხადებს, რომ მზადაა უარი თქვას მასზე, ისევე როგორც იმ ბიზნესზე, რომელიც რუსეთში აქვს, მათ შორის რუსეთის აფთიაქების ქსელსა და მოსკოვის უძრავ ქონებაზე.
ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ივანისვილის ბანკის შემოწმება დაიწყო; პოლიციამ ფულის გათეთრების ბრალდებით მისი ბანკიდან მილიონობით დოლარის კონფისკაცია მოახდინა.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანმა კახი კალაძემ, რომელიც კვირას გამართულ კონგრესს ფეხბურთის უკრაინელ ვარსკვლავთან ანდრეი შევჩენკოსთან ერთად ესწრებოდა, განაცხადა, რომ ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების დატოვება გადაწყვიტა.
foreignpress.ge
677
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85