დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება”

დაფუძნდა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება”


11 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა პრეზენტაცია საზოგადოებრივი მოძრაობისა ”ქართული ოცნება”, რომელსაც სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა. „მოძრაობის“ დაფუძნების ცერემონიას, ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრების გარდა, ფილარმონიასთან შეკრებილი ხალხი იქვე დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნებდა თვალს. „მოძრაობის“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის გეგმავს პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას.

მოძრაობა ”ქართული ოცნების” საზოგადოებისათვის პრეზენტაცია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა. სავსე იყო დარბაზი, სავსე იყო ფილარმონიის წინ მიმდებარე ტერიტორიაც. იქ შეკრებილი ხალხი დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს პრეზენტაციას. სცენაზე იდგა დიდი მონიტორი, რომელზეც ეწერა ”ქართული ოცნება”. პრეზენტაცია გაიხსნა ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, მომღერალ ბერას სიმღერით. ”ქართული ოცნების” დაფუძნების ცერემონიაზე გამომსვლელებს შორის არ ყოფილა არც ერთი პოლიტიკოსი. თავად ბიძინა ივანიშვილის გარდა, სიტყვით გამოვიდნენ პოეტი რატი ამაღლობელი, „კავკასიური სახლის“ დირექტორი მწერალი ნაირა გელაშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი მანანა კობახიძე, ფეხბურთელი კახა კალაძე და სოხუმელი მწერალი გურამ ოდიშარია.

თავად ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც დღევანდელ პრეზენტაციაზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაახლოებით შვიდი წუთით ადრე გამოჩნდა, ილაპარაკა „მოძრაობის“ გეგმებზე ზოგადად, რომ დღეიდან დაიწყება რეგიონალური ორგანიზაციების დაფუძნება და კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე მუშაობა, გააკეთა რამდნიმე აქცენტი დღეს საქართველოში შექმნილ ვითარებასა და სირთულეებზე და მთავარი სათქმელი, შეიძლება ითქვას, თავისი გამოსვლის ფინალისათვის მოიტოვა:

”დღეიდან ჩვენი მიზანია ისეთი ქვეყნის აშენება, სადაც თითოეული მოქალაქის და მთელი ქვეყნის საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი, ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ღირსეული შემოსავლის უზრუნველყოფა, სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენს თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება, დასავლური ღირებულებების დამკვიდრება, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია და არა ევროპისაკენ სვლის იმიტაცია.“

​​”ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების - ეს ქვეყანა ჩვენიცაა, ჩვეულებრივი ადამიანების”, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ახლა უკვე ყოფილმა კაპიტანმა კახა კალაძემ, რომელმაც მოძრაობა „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე ამცნო საზოგადოებას ნაკრებიდან წასვლის შესახებ და, ამავე დროს, საკუთარი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის “მოძრაობისადმი” კიდევ ერთხელ დაადასტურა:

”დღევანდელ ხელისუფლებას ჰგონია, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, მხოლოდ მოვალეობა გვაქვს იმისა, რომ მას ჯარიმები ვუხადოთ და გადასახადები. სინამდვილეში კი მოვალეობასთან ერთად ჩვენ უფლებებიც გაგვაჩნია. ამ დროს კი ქვეყანაში მძიმე სოციალური პირობებია შექმნილი: არ არსებობს სამართლიანი სასამართლო, ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე გადახვეწილია სხვა ქვეყანაში, დარჩენილებს კი უმუშევრობა ემუქრებათ, დაკარგულია ტერიტორიები... დროა ერთად დავდგეთ და კონსტიტუციით დაშვებული ყველა ფორმით ავისრულოთ ქართული ოცნება.

ნაირა გელაშვილის გამოსვლა კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. მან თქვა, რომ რუსეთთან კონფრონტაციის პირობებში ძალიან რთული იქნება ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება. გურამ ოდიშარიამ კი აღნიშნა, რომ ვერასოდეს დავიბრუნებთ ვერც აფხაზეთს და ვერც ოსეთს, თუ ვიგულისხმებთ მხოლოდ მიწას და არ ვიფიქრებთ აფხაზ და ოს ხალხთან ნდობის აღდგენის გზებზე.

ადვოკატმა მანანა კობახიძემ კი თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რასაც ის ხშირად იმეორებს ხოლმე მედიასთან საუბრის დროსაც, რომ დღეს რაიმეს მიღწევა საქართველოში სამართლიანი გზებით არის რთული. მისი მოტივაცია კი შეუერთდეს ამ “მოძრაობას” სწორედ ისაა, რომ სამოქალაქო სექტორს შეუძლია შეცვალოს ეს ვითარება. მან შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა რა სამართლებრივი რეალობა არსებობს საქართველოში:

”გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის დღე იყო. სიმბოლურია, მაგრამ ჩვენ არაფერი მისალოცი ამ დღეს არ გვაქვს ერთმანეთისთვის. გუშინ შედგა პოლიტპატიმრების სია და მათი რაოდენობა 87-ია, შესაძლოა - მეტიც. 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე მხოლოდ 3,7 % -ია გამამართლებელი განაჩენებისა. ოფიციალურად 25 000 პატიმარი გვყავს, მაგრამ არაოფიციალურად, ვიცით, რომ მათი რიცხვი მეტია. რა, კრიმინალურ ერად გადავიქეცით 2003 წლის შემდეგ? გაუგებარია... მე აქ დღეს იმიტომ მოვედი, რომ მჯერა, სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია ეს ვითარება უკეთესობისკენ შეცვალოს.”

პრეზენტაცია დასრულდა ბერას კიდევ ერთი ახალი კლიპით, რომელიც ასევე „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. მანამდე კი მომღერალმა „ქართულ ხმებთან“ ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

„ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მისული ადამიანები ამბობდნენ, რომ მათ აქვთ იგივე მოლოდინი, რაც ბიძინა ივანიშვილის გამოჩენისას გაუჩნდათ, თუმცა ფიქრობენ, რომ გამოწვევებს ის მარტო ვერ გაუმკლავდება და ყველა ადამიანმა საკუთარი ბრძოლა უნდა მოიგოს:

”ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი იქნება ეს თუ სხვა, ვერაფერს იზამს, თუკი საზოგადოებამ თავისი პატარა ბრძოლა არ მოიგო.”