ნინო ხარაძე, "თავისუფლება"
ტელეკომპანია „მაესტროში“ არსებული პრობლემებით დაიწყო გასული კვირა. ორშაბათს საზოგადოებას შპს სტუდია „მაესტროს“ ერთ- ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის განცხადება გააცნო სტუდია „მაესტროსა“ და მისი დამფუძნებლების ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. წერილში მაკა ასათიანი „მაესტროში“ დაწყებული პრობლემების სათავედ „რუსთავის მედიის მართვის“ კომპანიის ხელმძღვანელს ეროსი კიწმარიშვილს მიიჩნევს, რომელსაც მაკა ასათიანი განცხადებაში „მაესტროში“ ინვესტირებული თანხების გაბერვით 500 ათასი დოლარის მოპარვაში ადანაშაულებს:
”აღმოჩნდა, რომ, სისტემურად დროის გარკვეულ მონაკვეთში ინვესტირებული თანხების გაბერვით, მოპარული ჰქონდა დაახლოებით 500 ათას დოლარზე მეტი ოდენობის თანხა, რაც მან აღიარა და შეჰპირდა დამფუძნებლებს და კონკრეტულად მაკა ასათიანს, რომ ამ თანხებს დააბრუნებდა უახლოეს მომავალში.”
ეროსი კიწმარიშვილმა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას საპასუხოდ განაცხადა, რომ მას არაფერი მოუპარავს და ისიც უარყო, თითქოს მაკა ასათიანს „მაესტროში“ 3 მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჰქონდა ინვესტირებული. 8 დეკემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ, ეროსი კიწმარიშვილის მოთხოვნით, სტუდია „მაესტროს“ მთელი ქონება დააყადაღა.
მთელი კვირის განმავლობაში დაძაბული იყო ვითარება სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში. ორშაბათს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, ალა ჯიოევას მომხრეებმა დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედ პრეზიდენტს მოთხოვნები წაუყენეს. ის ალა ჯიოევას ნდობით აღჭურვილმა პირმა ანატოლი ბარანკევიჩმა წაიკითხა:
”არჩევნების შედეგების აღიარება ძირითადი და პირველი მოთხოვნაა. მეორე: ვითარების სტაბილიზაციისათვის, პოსტებიდან დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ პრეზიდენტი, გენერალური პროკურორი, მისი მოადგილეები და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე. მესამე მოთხოვნაა პოლიტპატიმრების - ანალ კოჩიევისა და სხვების - დაუყოვნებლივ გათავისუფლება და, მეოთხე, ჩვენი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დანიშვნა.”
პარასკევ საღამოს კი რუსული საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისა და ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას შორის მოლაპარაკება შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მომავალი წლის 25 მარტს ჩატარდება განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები, მანამდე კი პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი. ჯიოევას ეძლევა დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენების უფლება. მაგრამ თვით ჯიოევამ ”ინტერფაქსს” უთხრა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას კენჭისყრაში.
გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის იყო ინფორმაცია, რომელიც 6 დეკემბერს გახდა ცნობილი და რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა გადაწყვიტა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსა და მოლდავეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების გარშემო და უკვე ცნობილია, რომ პროცესი მომავალი წლის პირველ კვირებში დაიწყება.
პარასკევს, 9 დეკემბერს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კვალდაკვალ, ხელისუფლება ამზადებს საარჩევნო კოდექსის პროექტში შესატან ცვლილებებს, რომლებიც, მისი აზრით, ყველა პრინციპულ საკითხს მოიცავს. განხილვის პროცესში ჩართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აუცილებლად მიიჩნევენ დისკუსიის გაგრძელებას მთელ რიგ საკითხებზე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით,ცვლილებები ”საარჩევნო კოდექსის პროექტის ინიციატორებმა” მოამზადეს და ვენეციის კომისიის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ პირველად დასკვნაში ასახულ რეკომენდაციებს ეყრდნობა. დისკუსიის გაგრძელების აუცილებლობას ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია. მისი განმარტებით, ამ ეტაპისთვის პროექტში შესატანი ცვლილებები გვერდს უვლის მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
”ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები, ვფიქრობთ, შეეხებოდა საარჩევნო სისტემის პრობლემებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვას, აგრეთვე პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების აკრძალვას. თუმცა არ მიგვიღია ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებებით ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ლომჯარია.
10 დეკემბერს საქართველოში ადამიანის უფლებათა დღე აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. ითქვა, რომ ვითარება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით კიდევ ბევრ სამუშაოს საჭიროებს. სახალხო დამცველის შეფასებით, ყველაზე მეტი პრობლემა სასჯელაღსრულებით სისტემასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული.
კვირას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნება“ დაფუძნდა.
765
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85