ერასტი კიწმარიშვილის დანაშაულებრივი დოსიე

ერასტი კიწმარიშვილის დანაშაულებრივი დოსიე


“ბატონმა კიწმარიშვილმა გადაწყვიტა, თავისუფალი სიტყვა მოეპარა და შემდეგ, დიდ ფულში გაეცვალა. ეროსის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება გა-მორ-ჩე-ნა, მატერიალური სიკეთეების მოხვეჭა. ეს არის ფული, ფული, ფული!” - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი.

- ბატონო გიორგი, რა სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ “მაესტროში” განვითარებულ მოვლენებს და სახელდობრ ერასტი კიწმარიშვილის ნამოქმედარს?

- შთაბეჭდილება, რაც ამ ადამიანის ღობეზე აძრომას და კერძო სამაუწყებლო კომპანიის ტერიტორიაზე შეჭრას მოჰყვა, ცალსახად უმძიმესი და უარყოფითია - ნამდვილად ავადსანახავი მოვლენაა ღობეზე შემომჯდარი 50 წლის მამაკაცი. ბატონმა კიწმარიშვილმა გადაწყვიტა, თავისუფალი სიტყვა მოეპარა და შემდეგ, დიდ ფულში გაეცვალა. არახალია, რომ ეს ადამიანი მთელი ერთი თვე კონტრაქტით მკაცრად გაწერილ პირობებს არღვევდა და ამის გამო “მაესტროდან” იღებდა წერილობით მითითებებს. ეტყობა, ამან აიძულა, ღობეზე გადამძვრალიყო და ცელქი ბავშვივით შეჭრილიყო ტელეკომპანიის ტერიტორიაზე.

- კონტრაქტის პირობების დარღვევაში რას გულისხმობთ?

- მმართველ კომპანიასა და “მაესტროს” დამფუძნებლებს შორის დადებული კონტრაქტით, მკაცრად იყო რეგლამენტირებული, თუ რა უნდა შეესრულებინა მმართველ კომპანიას, როგორ უნდა მოეზიდა “მაესტროს” დაფინანსებისთვის აუცილებელი სახსრები, როგორ უნდა გაესტუმრებინა ვალები, რომლებიც ტელეკომპანიას წარმოეშობოდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. ასევე, მკაცრად იყო გაწერილი, რომ მმართველ კომპანიას არ ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის უფლება. ყველა ეს პირობა ბატონმა კიწმარიშვილმა, ფაქტობრივად, დაარღვია და დაგროვდა ვალები ბევრი მიმართულებით. ბოლოს, როგორც გაირკვა, იგი აპირებდა “მაესტროს” შემადგენლობის დაშლას - თანამშრომელთა ნახევარის გაშვებას, ნახევრისთვის კი, ხელფასის განახევრებას. “მაესტრო” მალე ახალ პავილიონში გადასვლას აპირებდა - ბატონ კიწმარიშვილს ნაქირავები ჰქონდა შესაბამისი ფართი, რომელიც გარემონტდა, მოეწყო სტუდიები, თუმცა ეს დიდი ტერიტორიაც ჩუმად იყო დაბრუნებული მესაკუთრისთვის, ანუ ბატონ კიწმარიშვილს ყველა მიმართულებით წარმოეშვა ფინანსური თუ სხვა სახის სიძნელეები “მაესტროსთან” მიმართებაში და სწორედ ამას მოჰყვა გაფრთხილებების თუ წერილების კასკადი, ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე რომ უგზავნიდნენ ტელეკომპანიის ვექილები. ბატონი ეროსი ხვდებოდა, რომ კონტრაქტი მოიშლებოდა. “მაესტროს” პოზიციები მყარია, თუმცა როცა პარტნიორად კიწმარიშვილისნაირი ავანტიურისტი გყავს, რომელიც 50 წლის ასაკში ღობებზე დაძვრება და ეს საამაყოდ მიაჩნია, უნდა იცოდე, რომ ყველაფერი შეიძლება, ასე დამთავრდეს. დაზღვეული, რა თქმა უნდა, არავინ არაფრისგან არაა, მაგრამ კარგად ვნახეთ, თუ ვინ იყო კიწმარიშვილი, როცა “რუსთავი-2”-ს ხელმძღვანელობდა - თუკი ეს ტელეკომპანია დღეს მახინჯი სახითაა წარმოდგენილი, ეროსის დამსახურებაა.

- “რუსთავი-2”-ისა და “მაესტროს” მოვლენები ერთმანეთს რითი ჰგავს?

- არც შეიძლება, არ ჰგავდეს იმიტომ, რომ ამ ადამიანს სხვანაირად არ უცხოვრია და არც შეუძლია. ეს არის პოლიტიკური ავანტიურისტი, კომბინატორი... მართალია, მას ოსტაპ ბენდერამდე ბევრი უკლია, მაგრამ მაინც ბენდერია. ეროსის ახალი მოვლინება ქართულ პოლიტიკაში, “ქართული პარტიის” სახით, კრახით და მარაზმით დამთავრდა. მათ ყველაფერი დაიწყეს ფილარმონიით - დიდი ყრილობით და ბოლოს, ყველაფერი დასრულდა გენერალური მდივნით, რომელიც შოშიასავით ღობეზეა შემომჯდარი. ყველა ვხედავთ, რომ ამ პარტიას, ფაქტობრივად, მხოლოდ თბილისში დარჩა ღობეზე შემომჯდარი კიწმარიშვილი, პარიზში გადახვეწილი თავმჯდომარე და აწ უკვე ყოფილი თანათავმჯდომარე. რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში სად იყო და რას აკეთებდა, თვითონ პარტიის ხელმძღვანელებმაც არ იციან... უშნო ჩალიჩი, რომელიც ბატონმა კიწმარიშვილმა დაიწყო პოლიტიკაში, სრული კრახით და კატასტროფით დასრულდა.

- ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი კიწმარიშვილს ერისა და ქვეყნის წინაშე?

- დანაშაული, რომელსაც კიწმარიშვილი ვერასდროს გამოისყიდის (პირველ რიგში, ამ დანაშაულის მორალურ-ზნეობრივ მხარეზე ვსაუბრობ) ისაა, რომ მიიღო სახელისუფლებო გადატრიალებაში უაქტიურესი მონაწილეობა და ყველაფერი გააკეთა, რომ მიხეილ სააკაშვილი, სხვა ავანტიურისტებსა და მოძალადეებთან ერთად, ხელისუფლების სათავეში მოეყვანა. ის რომ, თავის დროზე ბატონი ერასტი გუნდიდან მოკვეთეს, დიდი ფინანსური ნაკადების გადანაწილების შედეგი იყო, რომელიც მიმდინარეობდა რამდენიმე სახელისუფლებო გუნდს შორის. იგი, უბრალოდ, ამ სცენარში ვერ ჩაეტია - მავრმა გააკეთა თავისი საქმე და ის უნდა წასულიყო. პირველი მავრი, რომელიც წავიდა რევოლუციური გუნდიდან, სწორედ კიწმარიშვილი იყო, რომელიც, უბრალოდ, მოიშორეს, “გადააგდეს”. მერე, ამას რაც მოჰყვა, იცით - ამ გუნდიდან ზოგი გარდაიცვალა თუ მოკლეს (ჟვანიას ვგულისხმობ), ზოგი იმიტომ, რომ სიაში არ ჩაწერეს, ოპოზიციაში წავიდა და რევოლუციონერი გახდა (ქალბატონ ბურჯანაძეს ვგულისხმობ), ზოგი ემიგრაციაში გაიქცა თუ გააძევეს (ვგულისხმობ ოქრუაშვილს). ნოღაიდელი ისე დაიკარგა თვალსაწიერიდან, წითელი ცირკულარით რომ გამოაცხადოთ ძებნა, ვერ იპოვით. ყველაზე დიდი ავსული კი, სააკაშვილის სახით, ისევ შემორჩა ძალაუფლებას თავის ამფსონებთან ერთად... “ქართული პარტია” იყო კიწმარიშვილის და არა მარტო მისი რევანში. კიწმარიშვილისნაირი მოძალადეები არც ქართულ პოლიტიკაში და არც - მედიასივრცეში არ უნდა იყვნენ!

- მამუკა ღლონტმა ბევრჯერ თქვა, ციხეშია კიწმარიშვილის ადგილიო. თქვენი აზრით, რატომ არ იჭერენ?

- ის, რაც მან ჩაიდინა - ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა, სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამისი თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ პატრული, რომელიც იქ იყო, შეხმატკბილებული მუშაობდა ეროსის მოთარეშეების რაზმთან. წარმოიდგინეთ, არხის გენერალურ დირექტორ ბაჩო კიკაბიძესაც კი აღარ უშვებდნენ ტელევიზიის ტერიტორიაზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო გააზრებული და შეთანხმებული. “კავკასიის” ჟურნალისტებმა ბატონი შოთა უტიაშვილი რომ შენიშნეს “მაესტროს” ალაყაფთან, მანქანაში მჯდომი, ესეც მრავლისმეტყველია. ასე რომ, მგონი, წრეა შეკრული.

- გინდათ თქვათ, რომ ყველაფერი ხელისუფლების მიერ იყო ინსპირირებული? ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, სცენარი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში დაიწერა, კიწმარიშვილი შსს-ს რეზიდენტიაო...

- ეს მოვლენა ხელისუფლების მიერ რომაა ინსპირირებული, ამაში დარწმუნებული ვარ. არ ვიცი, ვანოს კაბინეტში თუ გრიშასი, მაგრამ ოპერაცია რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირის კაბინეტშია დაგეგმილი, ამაში ეჭვიც არ მეპარება. არ გამოვრიცხავ, თვით მიხეილ სააკაშვილსაც. მათ, უბრალოდ, კიწმარიშვილს მიმართულება მიცეს, უნდოდათ, მისი ხელით გაენადგურებინათ “მაესტრო”, რომელიც ბოლო თვენახევრის განმავლობაში განსაკუთრებით გამოირჩევა ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების, მის ზრახვების მკვეთრი და ობიექტური კრიტიკით. აქვე, ხაზი უნდა გავუსვა, რომ “მაესტრო” ძალიან ხშირად მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციასაც აკრიტიკებს. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გაიზრდება “მაესტროს” აუდიტორია. “მაესტრომ”, პოლიტიკური პროცესების ობიექტურად გაშუქების თვალსაზრისით, წამყვანი ადგილი დაიკავა - ხალხი სატელიტურ თეფშებს მხოლოდ იმიტომ ყიდულობდა, რომ “მაესტროსთვის” ეყურებინა. ამიტომ, მისმა მესვეურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მაუწყებლობა სატელიტზე. ეს ტელეკომპანია ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი ხელისუფლებისთვის იმიტომაა, რომ დამოუკიდებელი მედია, თავისუფალი სიტყვა დამოკლეს მახვილია სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” კისერზე - თუ იქნება დამოუკიდებელი მედია, სააკაშვილს შანსი არ რჩება, რომ არჩევნები სამართლიან და პატიოსან ბრძოლაში მოიგოს.

- ბატონო გიორგი, იმასაც ამბობენ, რომ ეროსის სახით ხელისუფლება ივანიშვილის საპირწონე ძალას ქმნის - ფაქტია, დღეს მთელი ყურადღება ამ მოვლენებზეა გადატანილი...

- როგორ გითხრათ, აბა, სად ეროსი და სად - ბიძინა.

- კიწმარიშვილი ერთი თვის წინ 1 ლარად ყიდდა “მაესტროს”, ახლა კი, 4,5 მილიონს ითხოვს...

- ეს ერთი კერძო ბიზნესის კაპიტალიზაციის უნიკალური გაზრდის მაგალითია. “მაესტროს” ფასი, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, უზომოდაა გაზრდილი მოახლოებული არჩევნების წინ. უბრალოდ, ბატონმა კიწმარიშვილმა ვეღარ მოახდინა ფულადი საშუალების მობილიზება და ვეღარ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამას ძალინ კარგად ხვდებოდა - ყველაფერი მიდიოდა კონტრაქტის გაწყვეტამდე. ამას არ მალავდნენ “მაესტროს” დამფუძნებლები და უცებ, კიწმარიშვილი დგამს ავანტურისტულ ნაბიჯს: ან ყველაფერი, ან - არაფერი. მაინც, ვფიქრობ, რომ აქ უმთავრესი როლი ითამაშა იმ ერთიანმა სულისკვეთებამ, რაც გამეფებული იყო ჟურნალისტებში. მივხვდი, რომ ვერავითარი ძალა ამ ხალხს ვერ დაამარცხებს: ვერც - კიწმარიშვილი, ვერც - სააკაშვილი და ვერც - ვერავინ. კიწმარიშვილს ერთი რამ ეშლება - ადამიანის ისეთ ღირებულებებზე ძალადობს, როგორიცაა პატივი, ღირსება, თავისუფლება და მრწამსი. ჰგონია, რომ ძალდობით შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს. “მაესტროს” კოლექტივი ერთსულოვანია, რომ არ უნდა, კიწმარიშვილისნაირ ადამიანთან ურთიერთობა, აღარ სურს ამის გაკეთება და შეიძლება, ეს თავზე ძალით მოახვიო?

ისე, “მაესტროს” მოვლენებისთვის რომ დაესწრო და კონტრაქტის შეუსრულებელი პირობების შესრულების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა, კიწმარიშვილი, ალბათ, ღობეზე ვეღარ გადაძვრებოდა.

- და თუ სასამართლოს ნდობის ხარისხი დაბალია? 

- ეს იურიდიული კაზუისტიკაა და ნიუანსები დაცვის მხარეს ეცოდინება, არ ვარ ღრმად ჩახედული. ვხედავ, რომ დაცვის მხარე მიდიოდა ნაბიჯ-ნაბიჯ სასამართლოსკენ, ან ეს ყველაფერი დასრულდებოდა საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ბატონი კიწმარიშვილი სულ იმას გაიძახის, არ ვენდობი სასამართლოსო. აქ ნაკლებად შეიძლება ენდო სასამართლოს, მაგრამ იგივე ეჭვი შეიძლება ჰქონდეს მეორე მხარეს - “მაესტროსაც”. ამიტომ, თუ მხარეები ქართულ სასამართლოს არ ენდობიან, არის საარბიტრაჟო სასამართლო და იქ მიბრძანდნენ.

- ეროსის ერთ-ერთი ბრალდება ისიც იყო, “მაესტრო” ივანიშვილის “ფანკლუბად” გადაიქცაო...

- ეტყობა, ბატონი ერასტი თავისი გადასახედიდან აფასებს “მაესტროს” ჟურნალისტებისA და კოლექტივის ქმედებებს. მე ასეთი შთაბეჭდილება ნამდვილად არ მრჩებოდა. იქ იყო მწვავე კრიტიკა სხვადასხვა ოპოზიციური ლიდერის, მათ შორის, ჩვენც - “თავისუფალ დემოკრატებს” არ გვაკლებდნენ კრიტიკას. სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი მათგანი უსამართლოდ მეჩვენებოდა, მაგრამ ეს ჩვენი ყოფა-ცხოვრებაA და როდესაც მოდიხარ პოლიტიკაში, უსამართლო კრიტიკასაც უნდა გაუძლო. კიწმარიშვილი პოლიტიკაშიც ისევე იქცევა, როგორც “რუსთავი-2”-ის დირექტორობის დროს იქცეოდა და ამაშია მისი პიროვნული ტრაგედია. როცა მედიასაშუალების მეპატრონეობასა და პოლიტიკოსობას შორის ზღვარი იშლება, მაშინ შეიძლება, მძიმე შედეგები მივიღოთ. მაგალითისთვის გამოდგება იტალია, სადაც ბატონი ბერლუსკონი ფლობდა უამრავ მედია-საშუალებას და მათ თავისი პარტიის კეთილდღეობისთვის იყენებდა. ამან იტალია სადამდე მიიყვანა და რა კრიზისშია, ნათელია. შენ თუ გაქვს ამ სფეროში ბიზნესი, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე და ხელს არ უნდა აფათურებდე მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაში. მას შემდეგ, რაც ღობეზე შემოჯდა, რატომღა უნდა ჰქონდეს კიწმარიშვილს პრეტენზია, რომ იმუშაოს იმავე კოლექტივში, რომელსაც თავზე წამოაჯდა?

ეს ყველაფერი გაკეთებული იმისათვის იყო, რომ რაიმე დათმობაზე წამოეყვანა მეპატრონეები და გარკვეული გამორჩენა მიეღო ამ სიტუაციიდან. რა წუთიდანაც ღობეზე შემოჯდა, იგი უკვე თვლიდა, რომ იქ მისი ადგილი არ არის, მაგრამ მაშინვე დაიწყო ვაჭრობა “მაესტროს” მეპატრონეებთან, რას მომცემთ, რას დამითმობთ, რომ მოგშორდეთო. ტელევიზიის მეპატრონეებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მორიგება შემდგარიყო და მხარეები ისე დაშორებოდნენ, ერთმანეთისთვის თავპირი არ დაელეწათ, მაგრამ კიწმარიშვილმა ოთხჯერ შეცვალა პირობა - ოთხჯერ მოითხოვა შესვენება, ყოველ ჯერზე გადიოდა და ელაპარაკებოდა გაურკვეველ პიროვნებებს, მათ შორის,  “სკაიპითაც”.

- ითქვა, რომ  ირაკლი ოქრუაშვილს უთანხმებდა ყველა წინადადებას... 

- დანამდვილებით არ ვიცი, ოქრუაშვილს ელაპარაკებოდა თუ სააკაშვილს, ტყუილს ვერ ვიტყვი. სხვათა შორის, არაა აკრძალული შენს პარტნიორს, მაგალითად, ოქრუაშვილს ელაპარაკო, თუ ის შეგიამხანაგდა ავანტურაში.

- მაინც, რა მიზანი აქვს “ავანტიურისტ” ერასტი კიწმარიშვილს?

- ეროსის მიზანი ყოველთვის იყო, არის და იქნება გა-მორ-ჩე-ნა, მატერიალური სიკეთეების მოხვეჭა. ეს არის ფული, ფული, ფული!..