კიწმარიშვილმა

კიწმარიშვილმა "მაესტროზე" კადრების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა


"რუსთავის მედიის მართვის კომპანია", რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი ხელმძღვანელობს, ტელეკომპანია "მაესტროში" თანამშრომლების მისაღებად კონკურსს აცხადებს. ჟურნალისტების, ოპერატორების, საპროდიუსერო ჯგუფის, მემონტაჟეების, საიტის, ტექნიკური პერსონალის და მარკეტინგის სამსახურის პოზიციებზე კადრების შერჩევა მიმდინარეობს. 

ამ ინფორმაციას კიწმარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ადასტურებს, თუმცა რას უპირებს რადიო "მაესტროდან" განხორციელებულ მაუწყებლობას, ამას არ აკონკრეტებს.

კიწმარიშვილის მიერ გამოცხადებულ კონკურსს აბსურდს უწოდებს "მაესტროს" დამფუძნებლების ადვოკატი დიმიტრი გაბუნია. როგორც გაბუნიამ "რეზონანსს" განუცხადა, კიწმარიშვილი ვერაფრით ვერ მოახერხებს "მაესტროს" სიხშირით სარგებლობას და მას ძალიან მალე სატელიტიდანაც გათიშავენ. ამასთან, "მაესტროს" დირექტორი ბაჩო კიკაბიძე და ხელმძღვანელობა კომპანია "რედიქსისგან" მიღებული უარის შემდეგ, ალტერნატიულ ფართს ეძებს.

როგორც გაბუნია ამბობს, რამდენიმე ადგილი უკვე შეარჩიეს და მომდევნო კვირაში ეს პროცესი დასრულდება და "მაესტროს" ახალი სტუდია ექნება.

კიწმარიშვილის მმართველი კომანიის მიერ გამოცხადებული კონკურსით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, სმ შემდეგ მისამართზე შტაწოწითქფუთეკწ 2პქფშდყსწქ გააგზავნონ, ან ტელეკომპანია "მაესტროს" ცენტრალურ ოფისში - ნუცუბიძის #93-ში მიიტანონ.

რაც შეეხება იმას, გამოცხადებულ კონკურსს გამოეხმაურა თუ არა უკვე ვინმე, კიწმარიშვილი ამას არ აკონკრეტებს.

"ეროსი კიწმრიშვილმა კი არ გამოაცხადა კონკურსი და სიებით კი არ დავრბივარ, მე სხვა საქმით ვარ დაკავებული, კადრების განყოფილება აკეთებს ამ ყველაფერს", - აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.

რაც შეეხება "რეზონანსის" კითხვას, რას უპირებს კიწმარიშვილი იმ მაუწყებლობას, რომელიც ახლა რადიო "მაესტროს" ეთერიდან ხორციელდება, კიწმარიშვილი პასუხობს, რომ რადიო "მაესტროდან" მაუწყებლობა ამ ეტაპზე უკანონოდ ხორციელდება.

"ის ყველაფერი, რაც ახლა ხდება რადიო "მაესტროს" ეთერიდან, უკანონოა. ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს სრულფასოვან მაუწყებლობაში", - დასძენს კიწმარიშვილი.

როგორ გადავა სხვა ფორმატში "მაესტროს" მაუწყებლობა, ამაზე კიწმარიშვილი ამბობს - "კოხტად და ლამაზად".

"თქვენ ფიზიკაში, სიხშირეების თემაში, ლიცენზიანტის, საკუთრების თემებში და სხვა ასპექტებში ექსპერტულად ერკვევით, რომ აგიხსნათ ეს ყველაფერი? როცა ვამბობ, რომ გავა, ესე იგი გავა, ტექნიკურ საკითხებს ვერ აგიხსნით ახლა", - ამბობს კიწმარიშვილი.

რაც შეეხება იმას, რომ ლიცენზია "მაესტროს" დამფუძნებლებს ეკუთვნით, ამას კიწმარიშვილიც ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ მომდევნო ერთი წელი ის მის მმართველობაშია.

"ლიცენზიის საკუთრებაზე ვინმე ამბობს, რომ ეს არ არის დამფუძნებლების საკუთრება? მე ვამბობ, რომ ყველაფერი, რაც ეკუთვნით დამფუძნებლებს, მე მაქვს სამი წლით მართვაში. შესაბამისად, აქამდე რაც ვთქვი, გავაკეთე. მე რასაც ვპირდები საზოგადოებას, ვასრულებ კიდევ", - აცხადებს კიწმარიშვილი.

"მაესტროს" ადვოკატი დიმიტრი გაბუნია განმარტავს, რომ კიწმარიშვილს "მაესტროს" სახელით განცხადებების და ქმედებების უფლება უნდა აეკრძალოს და ამისთვის ის ორშაბათს სასამართლოს მიმართავს.

დიმიტრი გაბუნია: "გუშინ ვერ შევიტანეთ კონტრსარჩელი, რადგან დღეს ჩაგვბარდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ესეც პროცედურული დარღვევით. ამიტომ ორშაბათს შევიტანთ სარჩელს და მოვითხოვთ, რომ ეროსი კიწმარიშვილს აეკრძალოს ყველანაირი განცხადებისა და ქმედების განხორციელება "მაესტროს" სახელით".

"რეზონანსი": ეროსი კიწმარიშვილმა გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტებისათვის, ოპერატორებისათვის და ა. შ. რამდენად აქვს მას ამისი კანონიერი უფლება და რისი იმედი შეიძლება, ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვინც ამ კონკურსს გამოეხმაურება?

დ. გ.: რა თქმა უნდა, მას არ აქვს კონკურსის გამოცხადების უფლება, ის თვითმარქვიაა. ასეთი ქმედებაც ადასტურებს იმას, რომ ჩვენ სასამართლოს წესით უნდა ავკრძალოთ ასეთი ქმედებები. ხომ არ მივალთ და ამ ადამიანს ხელებს ხომ არ გადავუგრეხთ? შესაბამისად, სასამართლოს სახელით უნდა ავუკრძალოთ ყველანაირი ქმედება.

"რ": ბატონი ეროსი ადასტურებს, რომ ლიცენზია ეკუთვნის დამფუძნებლებს, თუმცა დასძენს, ყველაფერი, რაც არის დამფუძნებლების, 3 წლის ვადით არის მისი, ხელშეკრულების მიხედვით სიხშირე ეკუთვნის თუ არა კიწმარიშვილს ეს სამი წელი?

დ. გ.: არა, რა თქმა უნდა, არ ეკუთვნის მას. ხელშეკრულებაში მსგავსი რამ არ წერია. მეორეც - ხელშეკრულება შეწყვეტილია და ეს ძალიან ბევრჯერ ითქვა. თუმცა, რომც არ იყოს ხელშეკრულება შეწყვეტილი, სიხშირე მაინც ვერ გადაეცემა მართვის კომპანიას, რადგან ეს ეკუთვნის დამფუძნებლებს და ამას მარეგულირებელიც ადასტურებს.

"რ": კიწმარიშვილი ამტკიცებს, რომ ის აღადგენს "მაესტროს" მაუწყებლობას, შესაბამისად, მას ამისთვის რამე სამართლებრივი მექანიზმი უნდა ჰქონდეს, ხედავთ თქვენ ამ კუთხით რამე საფრთხეს?

დ. გ.: ის თუ არ შეიჭრება რადიო "მაესტროში" და არ წაიღებს იმ გადამცემს, რომლითაც "მაესტრო" გადის ეთერში, სხვა რესურსი ფიზიკურად არ აქვს მას. სულ ცოტა ხანში მას სატელიტიც გაეთიშება. "თურქსატს" მის მიერ დაგროვილი დავალიანებაც გადავურიცხეთ უკვე და ახლა ველოდებით. მოგეხსენებათ, "თურქსატი" არის სახელმწიფო, საჯარო ორგანიზაცია, იქ ბევრი ბიუროკრატიული საკითხია, შესაბამისად, ამ საკითხის დროში გადაჭრა ცოტა გაიწელა, მაგრამ ძალიან მალე მოხდება სატელიტიდან გათიშვა.

თუმცა დავსძენ, რომ "თურქსატთანაც" რომ არ გამოვიდეს საბოლოო ჯამში მოლაპარაკება, უამრავი ალტერნატიული საშუალება არსებობს, სატელიტზე მაუწყებლობისთვის, ამდენად ჩვენ ამ შაბათ- კვირასაც დაველოდებით, ვნახავთ, რას იზამს "თურქსატი" და მერე მაინც გავალთ სატელიტზე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კიწმარიშვილს შანსი აქვს ნული, მაგრამ რაღაც ხომ უნდა გააკეთოს, რომ ყურადღება მიიქციოს?