ან - ომი, ან - ინაუგურაცია

ან - ომი, ან - ინაუგურაცია


უკვე სამი დღეა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ემისარი სერგეი ვინოკუროვი მოლაპარაკებებს კოკოით-ჯიოევას მხარეებთან მართავს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. დღეს კომპრომისის მიღწევის ბოლო ვადაა - თუ შეთანხმება ვერ შედგა, ჯიოევას 10 დეკემბერს საკუთარი "ინაუგურაცია" აქვს დაგეგმილი.

ოთხშაბათს ოპოზიციის ლიდერ ალა ჯიოევას და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი ვინოკუროვს შორის მოლაპარაკებების შემდეგ კომპრომისის მოძებნის შანსი იყო. მოლაპარაკებიდან გამოსულმა ჯიოევამ მომხრეებს განუცხადა, რომ "პირველად გამოვიდა კარგი განწყობით" - მათ მოუსმინეს, კოკოითის მხარისათვის გადასაცემი მოთხოვნები ჩაიწერეს და მის მხარდასჭერად აქციაზე შეკრებილები დააიმედა, რომ ხვალ (ხუთშაბათს) სასიამოვნო ახალ ამბავს გაიგებდნენ.ამავე მოლაპარაკების შემდეგ ჯიოევამ, რომელიც მანამდე ღიად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის კანდიდატურის მხარდამჭერი "სახალხო ფრონტის" შექმნა გამოაცხადა.

გუშინ კი ჯიოევას მომხრეები აღნიშნავდნენ, რომ მოლაპარაკებები ისევ ჩიხში შევიდა.

ჯიოევას მომხრეთა მოთხოვნები ასეთია: კოკოითი უნდა გადადგეს, ჯიოევა "პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნოს და 25 მარტს ახალი "საპრეზიდენტო არჩევნები" გაიმართოს. კრემლის ემისარისათვის, როგორც გუშინ საბოლოოდ გაირკვა, ეს კატეგორიულად მიუღებელია. მისი აზრით, ჯიოევა უნდა შეეგუოს არჩევნების შედეგების გაუქმებას, კოკოითი კი 25 მარტამდე დარჩეს "პრეზიდენტად". ერთადერთი "დათმობა", რომელიც ვინოკუროვმა ჯიოევასა და მის მომხრეებს შესთავაზა, დე ფაქტო გენერალური პროკურორის გადადგომაა, რომელმაც პრაქტიკულად ერთპიროვნულად გააუქმა "არჩევნებში" ჯიოევას გამარჯვება.

კოკოითმა გუშინვე განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს.

"მე არსად ვაპირებ წასვლას მომავალი წლის 25 მარტამდე, ვიდრე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნები არ გაიმართება. ხელისუფლებას მხოლოდ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს გადავცემ. თანამდებობიდან იქამდე არ გადავდგები, ვიდრე ჩემს რესპუბლიკაში "ნარინჯისფერი რევოლუციის" ყველა წამონაზარდს არ ამოვძირკვავ", - აცხადებს კოკოითი.

კოკოითის მიერ საკუთარი "პრეზიდენტობის" გახანგრძლივებას მისივე ჩინოვნიკებიც შეეწირა. როგორც კოკითი აცხადებს, მან თანამდებობიდან ის თანამდებობის პირები გაუშვა, "რომელთა მიმართაც მოსახლეობამ სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვა".

გათავისუფლებულია განათლებისა და მეცნიერების, ასევე ჯანდაცვის "მინისტრები"; ინფორმაციის, კავშირისა და მასობრივი კომუნიკაციების "სახელმწიფო კომიტეტის" თავმჯდომარე, ცხინვალის ადმინისტრაციის, ზნაურის რაიონის ადმინისტრაციის და კვაისას დე ფაქტო ხელმძღვანელები.

ცხინვალის ოპოზიციური ნაწილი კი კრემლს სთხოვს კოკოითზე ზეგავლენის მოხდენას. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მირა ცხოვრებოვას განცხადებით, თუკი მოსკოვი კოკოითზე გავლენას არ მოახდენს და უახლოეს დღეებში არ მოაგვარებს კონფლიქტს, სამხრეთ ოსეთში შესაძლოა ომი დაიწყოს.

"პარლამენტის" მეორე ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითმა გუშინ მკაცრი განცხადება გააკეთა - "ხელისუფლებამ ორი უკანონო მოქმედება ჩაიდინა: ერთი, რომ უარყო სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანის უფლება და მეორეც, საკუთარი უფლებამოსილება მინიმუმ 4 თვით გაიხანგრძლივა".

ის და სამხრეთ ოსეთის "პარლამენტართა" ნაწილი დე ფაქტო კონსტიტუციის მოშველიებით კოკოითის გადადგომის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად "პრემიერ-მინისტრ" ეროვნებით რუსს, ვლადიმერ ბროვცევს ასახელებენ.

იური ძიცოითმა "პარლამენტში" კრიზისიდან თავის დასახსნელად ორი ვარიანტი გააჟღერა - პირველი, არჩევნების შედეგის აღიარება უნდა მოხდეს და თუკი ეს მაინც შეუძლებლია, მაშინ ედუარდ კოკოითი ყველანაირ ვარიანტში თანამდებობიდან უნდა წავიდეს, რადგან მისი უფლებამოსილების ვადა უკვე ამოიწურა.

როგორც ძიცოითი განმატავს, მართალია, ის ბიბილოვის მომხრე იყო, მაგრამ "არჩევნებში" გამარჯვება ყველანაირი დარღვევების გარეშე ალა ჯიოევამ მოიპოვა და ეს უნდა აღიარონ.

მისივე თქმით, არა რუსეთი, არამედ კოკოითი უშლის ხელს ჯიოევას ინაუგურაციას.

"სამხრეთ ოსეთში ორი ფაქტი მოხდა: ერთი, რომ კანონიერად გამარჯვებულ პრეზიდენტს საშუალება არ ეძლევა შეუდგეს საქმიანობას და მეორე, კოკოითმა გაიხანგრძლივა საკუთარი უფლებამოსილება. ხალხმა ხმა ჯიოევას მისცა და კანონის მიხედვით ის უნდა იყოს პრეზიდეტი, მაგრამ პრეცედენტი შეიქმნა და დღეს ეს შეუძლებელია.

"ჩვენ პოლიტიკურ კრიზისში აღმოვჩნდით. რადგან ჯიოევას გაპრეზიდენტება არ ხდება, კოკოითი უნდა გადადგეს. არ შეიძლება კოკოითმა საკუთარ თავს დაუმატოს უფლებამოსლების კიდევ 4 თვე. ეს ძალიან შემაშფოთებელი პრეცედენტია, მან შეიძლება კიდევ 4 თვე დაიმატოს და ამას უნდა შევებრძოლოთ", - ამბობს ძიცოითი.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებით, ცხინვალში ბრძოლა სამ სუბიექტს - რუსეთს, კოკოითსა და ოსურ საზოგადოებას შორის მიმდინარეობდა და ჯერჯერობით გამარჯვებული მხოლოდ კოკოითია. მან ამ პროვოკაციული სივრცის შექმნით სამაგიერო გადაუხადა ოფიციალურ მოსკოვს იმისთვის, რომ მას არ მოელაპარაკნენ და გარანტიები არ მისცეს.

მამუკა არეშიძე: "ცხინვალში ძალიან საინტერეო კონფიგურაციააა. ადგილობრივი კონსტიტუციით, კოკოითს "პრეზიდენტობის" ვადა ამოეწურა. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მომავალ პრეზიდენტს უნდა გადააბაროს ძალაუფლება, რადგან მომავალი პრეზიდენტი ჯერ არ არსებობს, სახელისუფლებო ვაკუუმი არსებობს.

"კონსტიტუციურად პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პრემიერ-მინისტრს შეუძლია. იმ რეგიონის პრემიერი კი ვადიმ ბროვცევია, რომელიც ჯერ ერთი, რომ ეთნიკურად რუსია, და მეორეც, ის სამხრეთ ოსეთის მოქალაქე არ არის.

"პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქაური პარლამენტის თავჯდომარეც შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ სტანისლავ კოჩიევი გადააყენეს, იმიტომ, რომ ის კოკოითს არ უჭერდა მხარს. პარლამენტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელი ამჟამად ზურა კოკოევია. პარლამენტის თავჯდომარეობის შემსრულებელი ხომ ვერ გახდება პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი?

"როგორც ვიცი, კოკოითი აპირებდა გადამდგარიყო, მოსახლეობისთვის ბროვცევი შეეტოვებინა. პრაქტიკულად გამოუვიდოდა, რომ თანამდებობაზე ტოვებდა არა ოსს და არა ოსეთის მოქალაქეს და ეს ადგილობრივ მოსახლეობას უფრო გააგიჟებდა. კოკოითმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროვოკაციული სივრცე შეექმნა და ეს ავანტიურისტული სვლები გააკეთა. კოკოითმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში რუსეთის დისკრედიტაცია მოეხდინა. სამაგიერო გადაუხადა ოფიციალურ მოსკოვს იმისთვის, რომ მას არ მოელაპარაკნენ და გარანტიები არ მისცეს.

"მოსკოვში მარტივად მიხვდნენ, რომ თუ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სათავეში ბროვცევი აღმოჩნდებოდა, სიტუაცია უფრო გამწვავდებოდა, თან მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებელი არავინ იქნებოდა. ამიტომაც გუშინ კრემლის ემისარ რუს ჩინოვნიკს ლამის სახვეწარი გაუხდა, რომ კოკოითი თანამდებობაზე დარჩენილიყო.

"გუშინ კოკოითმა რუსებთან წარმატებით ივაჭრა და დღეს გამოაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვრჩებიო", - ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, "კოკოითი რუსეთთან ვაჭრობით მიღებულ მიღწევას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. გამორიცხული არ არის, კოკოითი რაღაც ფორმით მოელაპარაკოს ჯიოევას და ინაუგრაცია არ მოხდეს, ვაჭრობა მოხდეს და ჯიოევამ რაღაც თანამდებობა მიიღოს, იმისთვის, რომ რეგიონის ოფიციალურ პოლიტიკაში დარჩეს".

გარდა ამისა, არეშიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ძალების რესურსი იწურება. სამშაბათს და ოთხშაბათს ცხინვალის მოედანზე ჯიოევას სულ 100 მხარდამჭერი იყო და გადაწყვეტს თუ არა ჯიოევა ინაუგურაციას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იქნება დღეს და ხვალ მომიტინგეებს შორის.

"თუ ჯიოევას მხარდასაჭერად ქუჩაში ხალხი არ გამოვიდა, არ გამორიცხავს, ეს ამბავი ისე ჩამთავრდეს, რომ მხოლოდ ერთი კაცი - კოკოითი დარჩეს გამარჯვებული, ხოლო თუ მიტინგზე ბევრი ხალხი მივიდა, სამოქალაქო დაპირისპირებაც არ არის გამორიცხული".