ზაზა ფირალიშვილი:

ზაზა ფირალიშვილი: "საქართველოში ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ლაგდება"


"მივიღეთ სიტუაცია, რომელიც ვერა და ვერ იქნა მიღწეული 2007-2010 წლების განმავლობაში - ხელისუფალი ცდილობს წართმეული ინიციატივის დაბრუნებას, იგი გრძნობს, რომ ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც მაგნიტივით იზიდავს ადამიანთა ყურადრებას და სიმპათიას. მას თითქოს ხელიდან ეცლება ყველაფერი ის, რითაც აქამდე ახერხებდა ზედაპირზე ყოფნას, რადგან ქართულ ოცნებას, როგორც იდეას, ახალი განმასახიერებელი გამოუჩნდა იმ ადამიანის სახით, რომლის საქმიან თვისებებშიც, ვფიქრობ, თავად მის მტრებსაც არ ეპარებათ ეჭვი და რომლის უკანაც მისი ბიოგრაფიაა", აცხადებს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა ფირალიშვილი: "საქართველოში ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ლაგდება" / ახალი ლიდერი გაწონასწორებული რეალისტი უნდა იყოს.

"ვფიქრობ, საქმე ის კი არ არის, რომ დაძაბულობა განელდა, არამედ ის, რომ ამ 2 თვის წინანდელი იმპულსის შედეგად ქართული პოლიტიკური რელიეფის კარდინალური შეცვლა დაიწყო. პირველ დღეებში სიტუაციამ ისეთ დაძაბულობას მიაღწია, რომლის შენარჩუნებაც ძნელი იქნებოდა და არც უნდა გვეზრუნა. ამგვარი დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდა შეუძლებელია - თუ შეეცდები, მიიღებ იმას, რაც არავის გვინდა - რევოლუციას, მისი თანამდევი გულგატეხილობითა და უიმედობით. დღეს ვართ ეტაპზე, როდესაც საქართველლოში ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ლაგდება და ცხადია, ეს ვერ იქნება იოლი პროცესი. პოლიტიკური ძალების ის განლაგება, რომელიც გვქონდა ივანიშვილის განცხადებებამდე, მხოლოდ სააკაშვილისთვის თუ იქნებოდა ხელსაყრელი. ამგვარი განლაგება - მრავალ პოლიტიკურ ცენტრში დაფანტული რესურსებით, მხოლოდ ამაოდ ნთქავდა ჩვენს რესურსებსა და ენერგიას. დღეს ჩვენი საზოგადოება ნაკლებად თუ შეიძლება დაიყოს ხელისუფლების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

"პირველთა ხვედრითი წილი ძალზე მცირეა და ამ უკანასკნელებმაც დიდწილად დაკარგეს სიმართლის გრძნობა. გაცილებით მეტნი არიან ადამიანები, ვინც ხელისუფლებისადმი ლოიალობით მოიპოვეს რაღაც მდგომარეობა. ცხადია, არის რაღაც ნაწილიც, რომელსაც თავისი პოზიცია ვერ გაურკვევია, მაგრამ ხელისუფლება რომ თავს საზოგადოების ნაწილად ვეღარ განიცდის და მის მიმართ არაადექვატურია, თუნდაც "ლაზიკის" იდეიდან ჩანს. ეს კი ნიშნავს, რომ ლოგიკურად იგი უკვე დამარცხებულია, ხოლო ის, თუ როდის მოხდება ეს ისტორიულად, უახლოეს დროში გამოჩნდება. ჩვენ ახლა გზაგასაყარზე ვართ - გველის ან ჩამოყალიბებული და გულახდილი ავტორიტარიზმი თავისი ჰიპერტროფიული პიარით, ან ადამიანების უდიდესი ნაწილისთვის უცხო სხეულად ქცეული ხელისუფლების წასვლა ასპარეზიდან. ასე ნათლად საკითხი არასოდეს დასმულა ჩვენს წინაშე. ხელისუფლების მიმართ ნდობის კრედიტი ყველა კრიტიკულ ნიშნულს ჩასცდა და რაც მთავარია, გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ცენტრი", - მიიჩნევს ფილოსოფოსი.

"ჩვენი რიგითი ადამიანის პოლიტიკური კულტურა დღეს გაჯერებულია ორი პოსტულატით: ყველა პოლიტიკოსი იმთავითვეა ეჭვმიტანილი და რომ მისი უკონტროლოდ მიშვება შეუძლებელია - ეს ის გამოცდილებაა, რომელსაც სააკაშვილი ეპოქა გვიტოვებს. ნებისმიერ პოლიტიკოსს, როგორ მაღალი რეიტინგისაც არ უნდა იყოს იგი, მოუწევს ამის გათვალსიწინება. დღევანდელმა ხელისუფალმა თავად შემოგვთავაზა თავი სასწაულთმოქმედად და მასმედიის დატყვევებით, ჰიპერაქტიურობითა და ყოველდღიურად ახალ-ახალი ობიექტების გახსნით ცდილობდა ამ როლის გამყარებას. ცხადია `განჯადოებაც~ იოლად დადგა - როგორც კი მან 2007-2008 წლებში იგრძნო ამგვარი განჯადოების საფრთხე, მოხდა ის, რაც კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა - 2008 წლის აგვისტოს ვგულისხმობ. ეს იყო სასოწარკვეთილი მცდელობა, როგორმე კვლავ დაებრუნებინა ჯადოსნის როლი - ამიტომაც წამოეგო ასეთი ენთუზიაზმით იმ პროვოკაციას, რომელსაც რუსეთი გულმოდგინედ ამზადებდა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ახლა კიდევ რომ გადავხედე მაშინდელ მასალებს, აღმოვაჩინე, რომ მაშინდელი მდგომარეობა თითქმის არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, რაც წინა წლებში იყო. ახლაც ერთი რიგითი მახე დაგვიგეს და მისი ამოცნობა არ უნდა ყოფილიყო ძნელი. მაგრამ ახლა უკვე სხვა მდგომარეობა იყო. 2008 წლის აგვისტოს წინ საზოგადოებრივი მღელვარება და თბილისში წაგებული საპრეზიდენტო არჩევნები უძღოდა - ამიტომაც იქცა ბანალური მახე ტრაგედიად ათასობით ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის", - დასძენს ზაზა ფირალიშვილი.

"დიალექტიკა გვკარნახობს, ახალი ლიდერი გაწონასწირებული რაციონალისტი იქნება, დღეს ამგვარი ლიდერის მოთხოვნაა. ეს იქნება, თუ შეიძლება ასე ითქვას განჯადოებული ლიდერი და მას ნაკლებად დააწვება ის მითოლოგიური ტვირთი, რომელსაც, საბოლოო ჯამში ვერც ერთმა საქართველოს პრეზიდენტმა ვერ გაუძლო. ჩვენი საზოგადოების სიმწიფე საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და დღეს იგი არ მიიღებს რევოლუციური ტიპის ლიდერს, დღევანდელი ხელისუფლების მსგავსად ახალი ადამიანისა და ახალი საზოგადოების შექმნას რომ მოინდომებს. დღევანდელი ქართველი კაცი ვერ დაუშვებს, რომ მას კვლავ "ამჟამად უკვე კარგ" ზვიადად ან მიშად მოევლინონ და ახალი ადამიანის იდეებით აღჭურვილი იაკობინელები მართავდნენ", - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი და შეკითხვას - "მესმის, რომ კითხვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, ძალზე ჰგავს ყბადაღებულ "გვეშველება რამეს", მაგრამ მაინც უნდა დაგისვათ..." - პასუხობს:

"წინასწარმეტყველებას არ დავიწყებ. მხოლოდ პროცესების განვითარების ტენდენციებს შეიძლება შევეხო. დღეს არის მთავარი საზოგადოების ნება, თუ შეიძლება ითქვას რიგითი მოქალაქის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში რაღაც ძირეულად შეიცვალოს, რასაც ყველა გამოკითხვა გვაჩვენებს და არსებობს ცენტრი, რომლის ირგვლივაც ხდება ამ ნების მობილიზება - ესაა ძირითადი ვექტორი. ამის შემდგომ ან არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა, რაც, იმედია, ერთხელ და სამუდამოდ ამოგვაგდებს გულუბრყვილო რევოლუციური რომანტიზმის მდგომარეობიდან ან დაუფარავი ავტორატირიზმი, რომელსაც ხელისუფლება დასავლეთის წინაშე რუსული ფაქტორით, ქართული საზოგადოების ქაოსისადმი მიდრეკილებით და მსგავსი არგუმენტებით გაამართლებს... შეიძლება იდეალისტურად ჟღერდეს, მაგრამ მეორე ვარიანტის ალბათობა, ჩემი აზრით, დაბალია თუნდაც იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებაში საკმაოდ ბევრნი არიან 2003 წლის იდეალების ერთგული ადამიანები და დარწმუნებული ვარ, ისინი კარგა ხანია ნათლად ხედავენ თუ საით მიდის სიტუაცია. თუ ისინი ინიციატივის აღებას შეძლებენ, მეტია ალბათობა ცვლილებები მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში წარიმართოს".