ხელისუფლება და ქდმ თავის დამშვიდებას ცდილობენ

ხელისუფლება და ქდმ თავის დამშვიდებას ცდილობენ

ხელისუფლება და „ქრისტიან-დემოკრატები“ თავის დამშვიდებას იმ კვლევების შედეგებით ცდილობენ, რომლის ოფიციალური ვერსია ჯერ არ გამოქვეყნებულა და ორი კვირის განმავლობაში არც გამოქვეყნდება.

მიუხედავად ამისა, მედიაში მაინც გაჟონა კვლევის შედეგებმა და თუკი, გამოქვეყნებული მონაცემებით ვიმსჯელებთ, ადვილი მისახვედრი იქნება, ვისი მეშვეობით გავრცელდა არაოფიციალური შედეგები.

IRI-ის თბილისის ოფისში აცხადებენ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით ბოლო პოლიტიკური კვლევა IPM-მა და „გელაპმა“ ჩაატარეს.

არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა 27 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე ჩატარდა. გამოიკითხა 4 ათასი რესპონდენტი 18 წელს ზემოთ.

„კვლევა ჩვენ დავუკვეთეთ, შემსრულებლები კი IPM და „გელაპი“ იყვნენ. გამოკითხვა რამდენიმე თემას მოიცავს, მათ შორის პოლიტიკას, ეკონომიკას, ნატო-ს, ევროკავშირს. ჩვენ კვლევის პრეზენტაციას მხოლოდ პარტიებისთვის გავმართავთ, მედიისთვის კი, ვაშინგტონში ჩვენი სათაო ოფისი, დაახლოებით ორ კვირაში გამოაქვეყნებს“, - აცხადებენ IRI -ში. 

ქართულმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გუშინ დილით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მათთვის ცნობილი გახდა ამ კვლევების შედეგები. მათი ინფორმაციით, ამ კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ სამი პოლიტიკური სუბიექტი ახერხებს - „ნაციონალური მოძრაობა“, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბლოკი და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. 

კითხვაზე, „ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი - 32%, ბიძინა ივანიშვილის -27%, გიორგი თარგამაძე - 10%, 2-2% შალვა ნათელაშვილი და ირაკლი ალასანია.

კითხვაზე, „ვინ არის ყველაზე სანდო ოპოზიციონერი ლიდერი, პასუხები ასეთია: გიორგი თარგამაძე - 22%, ბიძინა ივანიშვილი 21%, შალვა ნათელაშვილი - 4%, ირაკლი ალასანია - 3%. 

მოგვიანებით ინფორმაცია სახელისუფლებო ტელევიზიებმაც გაავრცელეს, სადაც უკვე სხვა შედეგები გამოქვეყნდა.

მათი ინფორმაციის თანახმად, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ -42%, ბიძინა ივანიშვილის პარტია - 18%, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - 8%. 

ტელევიზიების ინფორმაციით, გამოკითხვის მიხედვით პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში მიხეილ სააკაშვილი 74%-ით ლიდერობს. 

საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI ) კვლევების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ნდობის რეიტინგი 70%-ის ფარგლებშია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლების მთლიანი რაოდენობიდან 42% უჭერს მხარს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ IRI -ს კვლევების დღევანდელი შედეგები დიდად არ განსხვავდება წინა შედეგებისაგან და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ლიდერობს.

მისივე თქმით, კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. გაბაშვილის განცხადებით, სხვა პარტიების რეიტინგებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

ასევე, გაბაშვილის ინფორმაციით, IRI -ს კვლევების შედეგით, საქართველოს მოქალაქეებს არსებულ პრობლემებს შორის პირველ ადგილზე კვლავ უმუშევრობა მიაჩნია და მოსახლეობის პრიორიტეტები ხელისუფლებისას ემთხვევა.

აღსანიშნავია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემაც კი გააკეთა.

როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ რეიტინგებში „ნაციონალური მოძრაობის ჰიპოტეტური კანდიდატიც კი უსწრებს ოპოზიციის რეალურ კანდიდატებს“. 

დავით ბაქრაძის განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ კვლევის ამ ნაწილში საუბარია ჰიპოთეტურ კანდიდატზე, როგორსაც არასოდეს არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორიც კონკრეტულს. თუმცა, ბაქრაძესთვის ბუნებრივი და სრულიად გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი კანდიდატიც კი, ოპოზიის ყველა კანდიდატს ასწრებს. 

„ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ კი IRI -ის კვლევებში ბევრი სიმპტომატური და გასათვალისწინებელი სიახლე დაინახა. 

როგორც ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, კვლევებიდან ჩანს, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად სამი სუბიექტი დარჩა, რომელსაც შანსი აქვს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერი გადალახოს - „ნაციონალური მოძრაობა“, ბიძინა ივანიშვილი და „ქრისტიან-დემოკრატები“. 

გიორგი ახვლედიანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა პოლიტიკური სპექტრის პოლარიზებას და მან ეს მართალც მოახდინა. თუმცა, ახვლედიანის შეფასებით, ეს მოხდა ოპოზიციური პარტიებში შესრუტვის ხარჯზე. ამ „შესრუტულ პოლიტიკურ“ პარტიებში კი გიორგი ახვლედიანმა ის პარტიები დაასახელა, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილთან არიან გაერთიანებული. 

ახვლედიანმა მნიშვნელოვანი უწოდა ნდობის რეიტინგსაც და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ოპოზიცურ ლიდერებს შორის ნდობის რეიტინგში პირველ ადგილზე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძეა. 

„ეს შედეგი სერიოზულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს, პირველი და მეორე არჩევანის ჯამი 27%-ია, რაც იმის მანიშნებელია, რომ „ქრისტიან-დემოკრატებს“ სერიოზული რესურსი აქვთ მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა ახვლედიანმა. 

ამასთან, მას არც ის უკვირს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში პირველი ადგილი „ნაციონალების“ ლიდერმა დაიკავა.

როგორც იგი აღნიშნავს, „სრულიად ნათელია, როგორ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება მთელი საქართველო, აქვე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ თბილისში ეს რეიტინგი ასე არ არის“.

გიორგი ახველდიანს მნიშვნელოვან გარემოებად მიაჩნია ის ფაქტიც, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 75% აპირებს მისვლას. მისი თქმით, ეს ციფრი სერიოზულად გაზრდილია წინა კვლევებთან განსხვავებით, რაც ნიშნავს, რომ ხალხი ცვილელების ცივილური გზით მომხრეა და ნაკლებად ფიქრობს კომბალზე, ნაჯახსა და რევოლუციაზე. 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია კი ამ კვლევებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ „საქართველოში კვლევის შედეგების გაყალბება ისევე, როგორც არჩევნების გაყალბება, ტრადიციად იქცა“. 

როგორც ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, გარკვეული  ორგანიზაციები კვლევებს მართლაც ატარებენ, თუმცა შემდეგ ციფრებით მანიპულირება, „კაბინეტებში“ ხდება. 

მისი თქმით, ხელისუფლება როგორც წესი, მათდამი ლოიალურ კანდიდატურებს უმატებს ხოლმე მაჩვენებლებს, რეალურად დაპირისპირებულების მიწასთან გასწორებას ცდილობს. ბაღათურიამ რეიტინგების შედეგები სკოლის ურთიერთობებსაც შეადარა. 

„დირექტორის პროტეჟეებს ნიშანს უმატებენ ხოლმე, ასე ხდება სკოლებში ჩამორჩენილ მოსწავლეებთან მიმართებაში“, -განაცხადა ბაღათურიამ და ხაზი გაუსვა, რომ შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ისეთი იყოს, როგორც ამ კვლევებიდან ჩანს. 

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი „ქრისტიან-დემოკრატებს“ „ამორალური საქციელის ჩადენაში“ ადანაშაულებს.

„იმდენად არასანდოა ხოლმე ასეთი კვლევების გამოჩენა, რომ უკვე სანდოობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. სამწუხაროა ის, რომ კვლევის ჩამტარებლებმა ვერაფრით ვერ შეძლეს, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევების კონფიდენციალურობა შეენარჩუნებინათ. ანუ, აქ ხდება შემდეგი რამ - დაინტერესებული პარტიები სათავისოდ გაცხრილულ შედეგებს აწვდიან საინფორმაციო საშუალებებს და შემდეგ ხდება ამ შედეგების ტირაჟირება.

როგორც იცით, გუშინ გამოქვეყნდა ბატონი კაჭკაჭიშვილის და კიდევ სხვა ექსპერტების მიერ დაფუძნებული ინსტიტუტის კვლევები. ეს კვლევა იყო სამიათას–კაციანი და ასახავს იმ პოლიტიკურ მოლოდინებს, რაც ქვეყანაში არის გაჩენილი ბატონი ივანიშვილის შემდეგ. მაგრამ ესენი თავის კვლევას თავად გამოაქვეყნებენ.

ამ შემთხვევაში კი კვლევის გამომქვეყნებელი არის ან ხელისუფლება ან „ქრისტიან-დემოკრატები“. მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს ქდმ-ს გამოგდებულია, თუ გავითვალისწინებთ გუშინდელ პარლამენტის სხდომას, სადაც უმრავლესობის ლიდერმა დაადასტურა ის მოსაზრება, რომ ქდმ მათ ესაუბრება მთელი საზოგადოების და მთელი ოპოზიციის ზურგს უკან დეპუტატების გაზრდასთან დაკავშირებით.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს კვლევებიც მათი გამოდგებულია, რომლის აბსურდულობაშიც დარწმუნდება ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას თვალს გადაავლებს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ამის დამადასტურებლად ცაგარეიშვილი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ზოგან „ქრისტიან-დემოკრატების“ შედეგები პროცენტულად არ ფიქსირდება და ზოგან დაფიქსირებულია, თანაც ეს მაჩვენებლები ერთმანეთს არ ემთხვევა.

„მარტივი მისახვედრია, - თუ ადამიანი მხარს უჭერს რომელიმე პარტიას ან პოლიტიკურ ძალას, ეს ხომ ნიშნავს, რომ მას ენდობა? აქ კი ურთიერთგამომრიცხავი მაჩვენებლებია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს კითხვები კონტექსტიდან ამოგლეჯილია. კვლევა არის საკმაოდ რთული სოციოლოგიური მოვლენა და ასე კონტექსტიდან ამოგლეჯილად საუბარი არ შეიძლება. ეს არის ძალიან ამორალური საქციელი და ვინ არის ამის ჩამდენი? რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში აწყობდათ „ქრისტიან-დემოკრატებს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.