რა შეუთვალა ზურაბ ადეიშვილმა ივანიშვილს?

რა შეუთვალა ზურაბ ადეიშვილმა ივანიშვილს?


ყოფილი პროკურორის, ლაური ჯანაშიას ოჯახში ზონდერების მივარდნისა და ყაჩაღობის ინსცენირების თემა პრესითა და ტელევიზიებით, პრაქტიკულად, არ გაშუქებულა, თუმცა უკვე მეორე კვირაა, რაც მთელი ქალაქი ჩურჩულით ამ ინციდენტზე ლაპარაკობს. 

საქმე ის გახლავთ, რომ ლაური (ლავრენტი) ჯანაშია დედაქალაში საკმაოდ კოლორიტულ ფიგურად ითვლება, მას ყველა, დიდი თუ პატარა იცნობს და შეუძლებელია, რომ მის ოჯახში ნიღბიანების ვიზიტს, კონდახების ტრიალსა და ნეკნების მტვრევას, ფართო რეზონანსი არ მოჰყოლოდა. 

"ახალი თაობის" კომპეტენტურმა წყარომ, რომელიც ქალაქური ისტორიების ერთგვარი მემატიანეა, გულისტკივილით აღნიშნა, რომ თურმე, ლაური ჯანაშია პირველად არ გამხდარა შეიარაღებული ხალხის მხრიდან ფიზიკური ტერორის მსხვერპლი. 

ჯერ კიდევ შორეულ და ხიფათიან 1992 წელს, "ზეიკიძის ბიჭებს", ე.წ. "სვარშიკებს" გაუტაცებიათ თბილისის ზღვაზე და უწმოყალოდ უცემიათ, რადგან ეჭვი შეჰპარვიათ, რომ იგი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბაქრაძის პასუხისმგებლობიდან დაძვრენას ცდილობდა, რადგან დამნაშავის მამა თავად პოლიციის მაღალჩინოსანი და ნაძალადევის რაიონის მაშინდელი პროკურორის - ლაურ ჯანაშიას მეგობარი იყო. 

90-იანი წლების განგსტერული ისტორიებით ახლა ვერავის გააკვირვებ, რადგან მაშინ, რომ "ბნელი და უკუნი" იყო, ამაზე დღეს არავინ დავობს, მაგრამ დღევანდელ თბილისში, როდესაც ორგანიზებული დანაშაული ხერხემალშია გადატეხილი, კრიმინოგენული სიტუაცია კი იმგვარად გამოსწორებული, რომ ავტომანქანის "უგონი" და "ვაზვრატიც" კი - სხვა, წინა ცხოვრების მწარე მოგონებადღა შემოგვრჩა, - შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფის ქალაქში გადაადგილება და ბაგებში მდებარე სახლზე დაუსჯელად თავდასხმა, ძალიან დიდ ეჭვებს იწვევს. 

მარჩიელობას რომ თავი დავანებოთ, ამ ამბავს ერთი ისეთი პიკანტური დეტალი ახლავს თან, რომ ძნელია, ეს ინციდენტი ბანალური ყაჩაღობის რანგში გაიყვანო. 

საქმე ის გახლავთ, რომ ლაური ჯანაშია თბილისის საკრებულოს წევრის, ნაციონალი მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ჯანაშიას მამაა. გიორგი ჯანაშია კი, რომელსაც სახელისუფლებო იურისტთა წრეში "სინგაპურას" მეტსახელით იცნობენ, საქართველოს იუსტიციის ყოვლისშემძლე მინისტრის - ზურაბ ადეიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია, წლების განმავლობაში მის მოადგილედ მუშაობდა და, როგორც ამბობენ, სახელისუფლებო ინტერესებს წარმოადგენდა კიდეც არაბულ "რაკიინში". 

ეს კი, სწორედ ის "რაკიინია", ფოთის პორტი და ტელეკომპანია "იმედი" რომ ვითომ იყიდა (მერე გაყიდა) და, რომლის კუთვნილი, თუმცა კი დაუმთავრებელი ჰიპერმარკეტი გახსნა სააკაშვილმა ვარდების რევოლუციის მე-8 წლისთავზე. 

მოკლედ, "სინგაპურას" მამის დატერორების ერთადერთი და უტყუარი მიზეზი, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილსა და მის პოლიტიკაში შემოსვლას უკავშირდება თურმე. 

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალები კატეგორიულად ამტკიცებენ, ივანიშვილი ვერაფერს დაგვაკლებს და ვერც ვერანაირ რყევებს ვერ გამოიწვევს გუნდშიო, როგორც ჩანს, არც მთლად ასეა საქმე: 

წყაროს ინფორმაციით, მერაბიშვილის ყურამდე მიუღწევია უტყუარ ცნობებს, რომ ზურაბ ადეიშვილი ბიძინა ივანიშვლთან მისასვლელ გზებს ეძებს და ასეთ დელიკატურ საქმეში, სხვას რომ ვერავის ენდო, "სინგაპურას" თბილისურ ოჯახზე შეაჩერა არჩევანიო. 

უფრო მეტიც, სწორედ ლაური ჯანაშიას პირით შეუთვლია ადეიშვილს ივანიშვილისთვის, არ სთხოვო სააკაშვილს მოქალაქეობის მინიჭება, სასამართლოს მოგაგებინებ და ისე აღგიდგენ მოქალაქეობასო. 
შეუტყვია ეს ამბავი მერაბიშვილს, მაგრამ ადეიშვილთან პირდაპირ და უშუალო კონფლიქტს მორიდებია, შემოვლითი გზა აურჩევია და ლაური ჯანაშიასთან ზონდერების მიგზავნით, გამაფრთხილებელი მესიჯი გაუგზავნია ადეიშვილისთვის - ყველაფერი ვიცი, ყველაფერს ვაკონტროლებ და იცოდე, არ დაგინდობო. 

"ახალი თაობა" ზონდერების მიერ ნაცემ-ნაბეგვ ლაური ჯანაშიას დაუკავშირდა, რომელმაც თავდასხმის ფაქტი დაადასტურა. 

ლაური ჯანაშია: 

- დიახ, საქმე აღძრულია, ვაკის პირველ ქვეგანყოფილებას აქვს. რა ეტაპზეა გამოძიება და რა ხდება, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ჩამი-ჩუმი არ ისმის, მათ ჰკითხეთ. ძალიან ვარ დაზარალებული, დალეწილი ვარ. ივანიშვილს თუ ვის, ან რას უკავშირდება ეს, არ ვიცი, ფაქტია, დალეწილი ვარ. 

როგორც ხედავ, დაზარალებულმა, თუ ვინ და რატომ დაესხა თავს, არ იცის, ჩვენი წყაროს თქმით კი, ეს ფაქტი ივანიშვილს უკავშირდება, თუმცა, ვინ იცის... 

გამოგიტყდებით, არც მერაბიშვილის "გზავნილების" და არც შეთქმულების თეორიების, მაინცდამაინც, არ გვჯერა, მაგრამ ჩვენი ინტერესი ამ, ერთი შეხედვით დაუჯერებელმა, ისტორიამ იმით მიიპყრო, რომ უკვე თვე ხდება, რაც ივანიშვილის ადვოკატებმა გამოაცხადეს, დღე-დღეზე მივმართავთ პრეზიდენტს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნითო, მაგრამ დღემდე საეჭვოდ ითრევენ ფეხს. 

როგორც შევიტყვეთ, არც ვაკის პოლიცია ცდილობს მაინცდამაინც საქმის გახსნას. 
მოკლედ, ჩვენც და მკითხველსაც ისღა დაგვრჩენია, ყურადღებით ვადევნოთ თვალი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თუ მოქალაქეობის აღდგენის იურიდიულ პერიპეტიებს, სასამართლო იქნება ეს თუ სხვა ინსტანციები და თავად გამოვიტანოთ მოვლენებიდან სათანადო დასკვნები. 

დავაკვირდეთ, მოითხოვს თუ არა ივანიშვილი მოქალაქეობის მინიჭებას სააკაშვილისგან და სასამართლოს ვერდიქტსაც დაველოდოთ - ფაქტები თვითონვე გასცემენ პასუხს ყველანაირ ეჭვს და ვერსიას. 

წინ საინტერესო ამბები გველის, ეს კი ნამდვილად უდავო ჭეშმარიტებაა.