"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"თბილისის მერიამ "მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის" მოტივით დედაქალაქში ათასი ჯიხურის დადგმა გადაწყვიტა და ამას ჟურნალ-გაზეთების გავრცელების ჯიხურები ეწირება. აუქციონი უკვე რამდენჯერმე ჩატარდა. მართალია, მერიაში აცხადებენ, მათი ვინაობა, ვინც უკვე მოიპოვა ჯიხურის დადგმის უფლება, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იქნება საჯაროო, მაგრამ მაინც ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამარჯვებულთა შორის არიან კომპანიები: "კოდა", "კუმისი XXI", "იოლი" და ა.შ. უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას რედაქტორ მეუღლეს რომ ჰკითხოთ, პრესის გავრცელება ჯანსაღი კონკურენციის საქმეა და ამ პროცესში ხელოვნურად არავინ უნდა ჩაერიოს - და სად არის მერე ამ ქვეყანაში ეს ჯანსაღი კონკურენცია? ან რატომ არსებობენ ხელისუფლების ფავორიტი კომპანიები, რომლებთანაც საიჯარო ხელშეკრულების ვადის გაგრძელება უპრობლემოდ ხდება, სხვებისთვის კი ეს დაუშვებელია?", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით ჩერგოლეიშვილის "ტაბულა რაზა" / ანუ გიგა ბოკერიას მეუღლის ფიცი და დირე.
"გარდა ამისა, ვიღაცისთვის ჯიხურის ჩადგმა კონკრეტულად განსაზღვრულ ადგილებში არ შეიძლება, სხვებისთვის კი დასაშვებია. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების სიყვარულიც ბრმა და ყრუა, არადა, ჟურნალის რედაქტორს თვალების დახუჭვა და ყურების დაცობა, წესით, არ უნდა ეპატიებოდეს, თანაც როდესაც ამტკიცებ, ყველაზე ობიექტური და თანამედროვე სტანდარტების ჟურნალი მაქვსო. ქალბატონი ჩერგოლეიშვილი უფრო შორსაც წავიდა და "პირველი არხისა" თუ "რუსთვი2"-ის ეთერში თავგამოდებით შეეცადა დაემტკიცებინა, ჟურნალ-გაზეთების სადისტრიბუციო ბაზარზე მონოპოლისტი "ელვასერვისიაო". არადა, ფაქტები სხვაზე მეტყველებს, მაგრამ ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორს ფაქტები სულაც არ აინტერესებს. დაუჟინია, "ელვასერვისის" ჯიხურებში გამყიდველები ჩემს ჟურნალს მალავენო - არადა, ტელეგადაცემა "აქცენტებში" თავად განაცხადა, ყველაზე მეტ ჟურნალს ისევ "ელვასერვისი" მისაღებსო! მაშ, რაღა მაინცდამაინც ის სადისტრიბუციო კომპანია ეჩხირება თვალში, რომელიც ყველაზე უკეთ უვრცელებს ჟურნალს? თუ ეს უბრალოდ, თითიდან გამოწოვილი მიზეზია, ტყუილი, რომელიც უფრო სხვა მიზნითაა განპირობებული (ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილის ნათქვამ ტყუილებზე იხ. მასალა ”კვირის პალიტრის” საიტზე ”რატომ ცრუობს გიგა ბოკერიას ცოლი?"), - აღნიშნავს გამოცემა.
"მოკლედ, ჩანს, ძაღლის თავი სხვაგან უნდა იყოს დამარხული. ჟურნალ-გაზეთების გამყიდველები, რომლებიც ანაზღაურებას გაყიდული პროდუქციიდან მიღებული პროცენტით იღებენ, ამბობენ, რომ მათთვის უკეთესია, რაც მეტ ჟურნალ-გაზეთს გაყიდიან, ხოლო იმას, დახლზე რომელი გამოცემა დაიდება, პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ მკითხველის მოთხოვნა განსაზღვრავს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რამდენია ჟურნალ "ტაბულას" ტირაჟი, უბრალოდ, დავინტერესდით, ყოველდღიურად რამდენი კაცი ნახულობს მის ინტერნეტგვერდს, აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც - 2518. როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ დაწერა, რომც დავუშვათ, ყველა ეს ვიზიტორი ჟურნალის მყიდველია და ამათ გარდა კიდევ ამდენივე ადამიანი ყიდულობს, ჯამში, ჟურნალის ტირაჟი 5000 გამოდის. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, თამარ ჩერგოლეიშვილი მომავალი წლიდან "სილქნეტთან" რა პირობებით აპირებს ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია 16000 ცალ ჟურნალს შეიძენს და თავის აბონენტებს დაურიგებს, ან კიდევ, რიგით აბონენტს აღარ ეკითხებიან, უნდა კი ეს ჟურნალი? ისე, "სილქნეტი" როგორ გადაწყვეტილებებს იღებს თავისუფალი მედიის მიმართ, ტელეკომპანია "მაესტროს" მაგალითით უკვე ვნახეთ, როცა მის მაუწყებლობაზე უარი თქვა. ჰოდა, საკითხავია, ჩერგოლეიშვილის მაღალჩინოსანი მეუღლის სიყვარულის (უფრო ზუსტად _ შიში რომ შეიქმს, იმ სიყვარულის) გამო ხომ არ აპირებს "სილქნეტი" აბონენტებისთვის უფასოდ ჟურნალის ჩამორიგებას", - დასძენს გამოცემა.
"სადისტრიბუციო კომპანია "ელვასერვისი" და, ზოგადად, "მედიაპალიტრა" უკვე მეორედ აღმოჩნდა იმ ადამიანებისა და გამოცემების შეტევის ობიექტი, რომელთა სახელიც ხელისუფლების ინტერესთან ასოცირდება. გამოცემა "პრაიმ ტაიმს" ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ფაქტებით ვუპასუხეთ, თუ რატომ არ არის და ვერც იქნება "ელვასერვისი" მონოპოლისტი და ახლაც გავიმეორებთ: საქართველოს მასშტაბით 5000-ზე მეტ ადგილას იყიდება პრესა, მათგან დაახლოებით 1000-ს შპს "ელვასერვისი" ამარაგებს. თბილისში "ელვასერვისს" მერიის პროექტის დაწყებამდე 22 ჯიხური ჰქონდა, მათგან ერთი მერიამ უკვე აიღო. ამასთანავე, სადისტრიბუციო კომპანია "მაცნე" - 42-ს (მერიის აუქციონამდე _ 54), "პლანეტა ფორტე" კი - 30 (მერიის აუქციონამდე 40) ჯიხურს ფლობს. ცალკე საკითხია ე.წ. "ვაიდ დისტრიბუშენის" 250 ჯიხური თბილისში, საქართველოში კი - 400, რომელთა ფუნქციობისთვის ადგილები ორი წლის წინ ამ კომპანიას ყოველგვარი აუქციონის და ტენდერის გარეშე გადაეცა, თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილისთვის ესეც არ არის დიდი პრობლემა, მისი განცხადებების მიხედვით, ის უფრო დაუშვებელია, "ვაიდ დისტრიბუშენის" ჯიხურებს გამომცემლებმა ბოიკოტი რომ გამოუცხადეს და გაზეთები არ შეიტანეს, ვიდრე ის, რომ ეს ჯიხურები სრულიად უკანონოდ გადაეცა კომპანიას, რომელსაც საზოგადოება ჩერგოლეიშვილის მეგობრების - უგულავა-კეზერაშვილის - საკუთრებად მიიჩნევს", - წერს სტატიის ავტორი.
"მოკლედ, ჩერგოლეიშვილი ცდილობს, ის დააბრალოს სხვას, რაც უახლოეს გარემოცვაში უნდა ეძებოს. ანუ, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი საკუთარ თვალში დირეს ვერ ამჩნევს, სამაგიეროდ, სხვისაში ადვილად პოულობს ბეწვს. და კიდევ - ცალკე საკითხია ქართველი მაღალჩინოსნების ცოლების მოღვაწეობის საკითხი სახელმწიფო უწყებებსა და მედიაში, ამაზე სტატიას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ, მანამდე კი ვიტყვით: ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ჟურნალისტი მეუღლეებისგან სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ისინი ახერხებენ და ინარჩუნებენ ობიექტურობას და რომ კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ. ფიცი კი გვწამს, ქალბატონებო, მაგრამ ბოლო?"- დასძენს სტატიის ავტორი.
კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო - რეალური მდგომარეობა მთავრობის ილუზიებისგან რადიკალურად განსხვავდება
"კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში უმუშევრობის დაძლევაზე თავმომწონედ საუბრობენ, რეალური მდგომარეობა მთავრობის ილუზიებისგან რადიკალურად განსხვავდება. ქვეყანაში დასაქმების სტრუქტურა კვლავ არამდგრადია და კონკრეტული პროექტების პერსპექტიულობა ამ მხრივ არსებული პრობლემების მოგვარებას ეჭვქეშ აყენებს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ რეალობისგან ბევრად შორს დგას ქვეყნის პირველი პირის ამბიციური განაცხადი 4 წელიწადში უმუშევრობის 4%-იან კლებასთან დაკავშირებით, რაც, სამთავრობო გათვლით, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში დასაქმების ხარჯზე მოხდება...", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო / "ზოგადად უმუშევრობის დონე სოფლად 7 პროცენტია, ქალაქად - 30 პროცენტი".
"საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის ივლის-სექტემბერში ბიზნეს-სექტორში სულ დასაქმებული იყო 360 100 ადამიანი, რაც 5 100-ით (2%-ით) ნაკლებია 2010 წლის ივლის-სექტემბრის მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ივლის-სექტემბერში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 62,1% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,7% - საშუალო ბიზნესზე, 23,1% - მცირეზე. 2011 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის მიერ გაწეულმა მთლიანმა დანახარჯმა პერსონალზე 747,3 ლარი შეადგინა, საიდანაც 75,2% მსხვილმა ბიზნესმა გაიღო, 10,8% - საშუალომ, 14% მცირე ბიზნესმა. "როცა ქვეყანაში შრომის ბირჟა არ არის, მონაცემები ყოველთვის არაზუსტია. საქმე ისაა, რომ დასაქმებულად ითვლება სოფლად თვითდასაქმებულთა კონტინგენტიც. საქართველოს სახელმწიფო სექტორში დაახლოებით 45%-ია დასაქმებული. სანამ კერძო სექტორში არანაკლებ 65-70 პროცენტი არ დასაქმდება, წარმატებაზე ვერ ვისაუბრებთ. რაც უნდა იმედისმომცემი განცხადებები კეთდებოდეს, პოზიტიური მოლოდინი არ არის", - აცხადებს ექსპერტი სტატისტიკის საკითხებში სოსო არჩვაძე. თუმცა, მისივე აზრით, დასაქმების 2-პროცენტიანი პლუს-მინუსი რეალურ მდგომარეობას ვერ ცვლის და სტატისტიკურ ცთომილებასაც შეიძლება მივაკუთვნოთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ზოგადად, უმუშევრობის დონე სოფლად 7 პროცენტია, ქალაქად - 30 პროცენტი. ეს მაშინ, როცა ხალხი სოფლიდან ქალაქში გამორბის. სხვა საკითხია, საარსებო ულუფის მისაღებად რამდენად არის სოფლად დასაქმება საკმარისი. სტატისტიკის სამსახური უმუშევრობის მაჩვენებელს საქმიანობის მიხედვით არ აქვეყნებს, რაც კონკრეტული ციფრების დაზუსტებას ართულებს. საქსტატის საქმიანობა ტრანსპარენტული რომ იყოს, მარჩიელობა არ მოგვიწევდა", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.
"პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც აცხადებენ, რომ შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი. მაგალითად, ქალაქის მერი შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაში 4000 კაცის დასაქმებაზე საუბრობს. სინამდვილეში დაახლოებით 3000 კაცი რკინიგზიდან სხვადასხვა მოტივით გათავისუფლებული ხალხია - აქედან გამომდინარე, ახალი სამუშაო ადგილები კი არ შეიქმნა, სამუშაო ადგილის ჰორიზონტალური გაცვლა მოხდა - ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა. სხვა სფეროებს თუ თვალს მივადევნებთ, მშენებლობის სექტორში დიდი გამოცოცხლება არ იგრძნობა. სახარბიელო მდგომარეობა არც სოფლის მეურნეობაშია. ხშირად სამუშაო ადგილების ჩანაცვლების მექანიზმი მოქმედებს. დასაქმების მონაცემების განსაზღვრა ჭირს იმდენად, რამდენადაც სტატისტიკურ მონაცემებზე ხელი არ მიგვიწვდება - ხელისუფლების მხრიდან თითქოს არის ხელშეწყობა, მაგრამ ეს რეალური არ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია.
"ოფიციალურად გაზრდილია რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, მაგრამ რამდენია აქედან აქტიური, ღია არც ეს ინფორმაციაა. ის მონაცემები, რასაც სტატისტიკის სამსახური გვაწვდის, არასაკმარისია და რეალურ ინფორმაციაზე არც ამ უწყებას მიუწვდება ხელი. ასეთ ფონზე დასაქმების ზუსტი მაჩვენებლის დადგენა, რა თქმა უნდა, ჭირს. მით უმეტეს, რომ არ გვაქვს შრომის ბირჟა, რომელიც დასაქმებულთა რეალურ რაოდენობას დააფიქსირებდა", - დასძენს გოჩა ალექსანდრია.
2006
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85