"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"11 დეკემბერს ფილარმონიაში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" დაარსდება, რომელსაც სათავეში ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველი ბევრია, მაგრამ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი მხოლოდ 2000 ადამიანს იტევს, სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ორგანიზატორები, ეს პრეზენტაცია სპორტის სასახლეში გამართულიყო, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი მიზეზების გამო, ეს არ მოხერხდა. "ყველაფერი კეთდება, რომ ადამიანები, რომლებიც 11 დეკემბერს "ქართული ოცნების~ დაფუძნებაზე მოვლენ, უყურადღებოდ არ დარჩნენ და იქცნენ ამ პროცესის მონაწილედ. ვინც ვერ მოახერხებს შესვლას დარბაზში, მათაც ექნებათ საშუალება, თვალყური ადევნონ დარბაზში მიმდინარე პროცესებს. რამდენიმე საათით ადრე დაიწყება საზოგადოებრივი მოძრაობის მხარდამჭერთა რეგისტრაცია, რაც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს, გახდეს მოძრაობის უშუალო მონაწილე", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი, ზურაბ ბიგვავა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მათ უკვე აქვთ გეგმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომლის განხორციელებასაც მალე დაიწყებენ".
"ვინ იქნებიან ახალი ორგანიზაციის გამგეობაში დაზუსტებით ამის თქმა ახლა არ შემიძლია. გპირდებით, რომ იქნება ძალიან ბევრი ახალი სახე, იქნებიან ახალგაზრდები, პროფესიონალები. საზოგადოებრივ მოძრაობაში შეიქმნება დარგობრივი ჯგუფები, რომლებსაც დიდწილად საექსპერტო დატვირთვა ექნებათ და იმუშავებენ სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მომავალი განვითარების სტრატეგიაზე. ამ ჯგუფებს ეყოლებათ კოორდინატორები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში მუშაობა და ამ პროცესში მთელი ქვეყნის ჩართვა. "ქართულ ოცნებაში" ორი მიმართულებაა, ეს არის ის თემატური ჯგუფები, რომლებზეც უკვე გესაუბრეთ და საორგანიზაციო ჯგუფები, რომლებიც შეიქმნება რეგიონებში და იმუშავებს ძირითადად რეგიონის პრობლემების წარმოჩენასა და მათი გადაწყვეტის გზებზე. მესმის მათი, ვისაც ჩვენი ტემპი არ აკმაყოფილებს. საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, თანაც იმედოვნებენ, რომ ეს ცვლილებები მათ პრობლემებსაც გადაწყვეტს. ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა, ამიტომაც სურთ, ბევრი რამ სწრაფად შეიცვალოს, მაგრამ ყველა პროცესს აქვს თავისი განვითარების ლოგიკა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.
"ორი თვეც არ არის, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შესვლის შესახებ განაცხადა და უამრავი საქმე, წვრილ-წვრილი საკითხია მოსაგვარებელი. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ჩამოყალიბებულია გუნდი, სტრუქტურა, რომელიც ამ პროცესს დაიწყებს და ბოლომდე გაუძღვება. ყველაფერი ლოგიკურად მიდის, სასწრაფო არაფერია. ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება იურიდიული საკითხია. იმის მიუხედავად, აღუდგენენ თუ არა მოქალაქეობას, ის მაინც აპირებს დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. მოვლენები შეიძლება სულ სხვა გზით განვითარდეს, ვიდრე ჩვენ ველით, სწორედ პროცესში გამოჩნდება, რომელი იქნება ყველაზე ოპტიმალური გზა შექმნილ სიტუაციაში", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ბიძინა ივანიშვილი ამბობს ერთ რამეს: მოდით, ჩავატაროთ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებსო. "ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ მათი მიზანია 2012 წელს ჩატარდეს გამჭვირვალე და ობიექტური არჩევნები. გამოდის, ერთნაირი თვალსაზრისი გვქონია. რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა ვიღაც ტვინგახურებულს არ მოუვიდეს აზრად ისეთი ქმედების განხორციელება, რამაც შეიძლება სერიოზული დაპირისპირება გამოიწვიოს. თუმცა იმედს მაძლევს ხელისუფლების წარმომადგენელთა აგრესიამინავლებული ტონი. სააკაშვილმა განაცხადა, კარგიც არის ივანიშვილის გამოჩენა, ეს ფორმაში გვამყოფებსო. ეს მაფიქრებინებს, რომ სააკაშვილი ყურადღებას აქცევს საერთაშორისო ორგანიზაციების, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და, ზოგადად, ცივილიზებული სამყაროს პოზიციას. დღეს ისინი საქართველოს გამადიდებელი შუშით უყურებენ", - ამბობს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი.
"არაერთხელ ითქვა, რომ მომავალი არჩევნები იქნება ტესტი იმისა, როგორ არის მზად საქართველო დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისი ადგილის დასაკავებლად. სააკაშვილს სხვა გამოსავალი არ აქვს, უნდა ეცადოს, იმის ილუზია მაინც შექმნას, რომ მზად არის ობიექტური და ცივილიზებული არჩევნების ჩასატარებლად. თუმცა, სავარაუდოდ, ყველა ძველ მეთოდსა და რესურსს გამოიყენებენ არჩევნების გასაყალბებლად. ასევე, ეცდებიან ამ ახალი ძალის დისკრედიტაციას, რასაც აკეთებენ კიდეც ყოველდღიურად. როგორც ჩანს, მათ უკვე აქვთ გარკვეული გეგმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომლის აქტიურად განხორციელებასაც მალე დაიწყებენ", - მიიჩნევს ზურაბ ბიგვავა.
"რაც შეეხება "მაესტროს", ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს ეროსი კიწმარიშვილის ვიწრო კერძო ინტერესებთან, სწორი და ობიექტური თუ არის ეს ინტერესები, სასამართლო გაარკვევს. სრულიად ნათელია, რომ მთელი ეს აჟიოტაჟი იყო დიდი საჩუქარი ხელისუფლებისთვის. ამან გადაფარა მზადება ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, როგორიც არის "ქართული ოცნების" დაფუძნება" - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "ამ მოვლენებამდე მართლა აპირებდა ბიძინა ივანიშვილი "მაესტროს" შეძენას და ითხოვდა იქიდან ეროსი კიწმარიშვილის კომპანიის წასვლას?"- პასუხობს:
"კიწმარიშვილმა აქტიურად სცადა მოერგო ივანიშვილთან დაპირისპირებული ადამიანის როლი, თუმცა, თუ ატყობთ, ბატონი ბიძინა არ პასუხობს მის განცხადებებს. ის, რომ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი საკუთარი მოქმედებით ხელისუფლებას ასარგებლებს, ან დიდი შეცდომაა, ან დანაშაული".
798
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85