პოლიტიკურ-ფსიქიატრიული ექსპერიმენტი

პოლიტიკურ-ფსიქიატრიული ექსპერიმენტი

...დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდა, სავარაუდოდ, ისევე კრახით დასრულდება, როგორც - ქვეყანაში ერთიანი ოპოზიციის ჩამოყალიბების მრავალწლიანი სურვილი. 

ვიდრე ამ ვარაუდს საბოლოოდ დაადგება ნათელი, დავიწყოთ იმით, რაც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე 6 დეკემბრის დებატებს მოჰყვა. 

ჯონდი ბაღათურიამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატთა რაოდენობის 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს, კიდევ ერთხელ, პარლამენტის ტრიბუნიდან შეაფასეს უკანონობად და საპარლამენტო უმცირესობას "გონს მოგებისკენ" მოუწოდეს.

"სანამ დროა, გონს მოეგეთ, რადგან ძალიან დიდია ის ტვირთი პასუხისმგებლობისა, რომელსაც საზოგადოება უკვე თქვენ გაკისრებთ", – მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს დიმიტრი ლორთქიფანიძემ. გონს მოგებამდე კი, მიკროფონის გარეშე, ერთმანეთს დიმიტრი ლორთქიფანიძე და მის მიერ შერისხული უმცირესობის წევრი ნუგზარ ერგემლიძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ლორთქიფანიძეს, ასევე მიკროფონის გარეშე, ლევან ვეფხვაძე შეეპასუხა, ამ დროს კი ლორთქიფანიძეს, მისივე თანაფრაქციელი, უმრავლესობის ყოფილი წევრი თამაზ დიასამიძე გამოექომაგა. სიტყვაძუნწად ცნობილი თამაზ დიასამიძის "ხმის ამოღებას" კი, ლევან ვეფხვაძის წამოხტომა და, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ კორექტული შეძახილები მოჰყვა.

ამ დროს კი, უმრავლესობა მშვიდად ქილიკობდა. "არა გრცხვენიათ, ბიჭო? რა გაჩხუბებთ?", პედაგოგიური ტონით ამბობდა დეპუტატი კახა სუხიშვილი.

ჩხუბი და ერთმანეთის "აქეთ-იქეთ გაშვება" იმით დასრულდა, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" გაცხარდნენ, თან ისე, რომ უახლოეს იუმორისტულ შოუებს თემა "შეუგდეს". "მათ ჰყავთ ახალი ლიდერი, რომელიც ატარებს ექსპერიმენტებს თვითგადარჩენის ინსტიქტზე და კარგი ეგზემპლარები არიან ამ ექსპერიმენტებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი აქაური ჩემი კოლეგა, კარგი მასალაა ამისთვის", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ, თუმცა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია – პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენებას, რატომღაც ერიდებიან და მასზე მხოლოდ მიანიშნებენ-ხოლმე.

ლევან ვეფხვაძესთვის გაუგებარია, რატომ არ ესმის ოპოზიციის ნაწილს, რომ მომავალ პარლამენტში დეპუტატების 190-მდე გაზრდა, ისევ ოპოზიციისთვის არის კარგი; რომ ეს გადაწყვეტილება მომავალ პარლამენტში პარტიების მოხვედრის შანსის გასაზრდელად არის მიღებული და ამ ინიციატივას, თავის დროზე, "ისინიც იზიარებდნენ, ვინც ახლა აკრიტიკებს". 

"არ გინდათ და ნუ გინდას" პრინციპით, "ქრისტიან-დემოკრატები საკითხის განხილვის შეჩერების ინიციატივით გამოვიდნენ. ჯიუტობის და "ერთი ადგილის არ ქონის" (ეს უკვე გიორგი ახვლედიანის გამოსვლიდანაა) გამო მომავალ პარლამენტს გარეთ დარჩენილ "პატარა პარტიებს" კი, "მათივე ლიდერის" – ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების ეგზემპლარებად ქცევა უწინასწარმეტყველეს. 

თუმცა, ასეთი წინასწარმეტყველების ადრესატი გიორგი ცაგარეიშვილი, ექსპერიმენტზე, უკვე როგორც შემდგარ ფაქტზე ალაპარაკდა - "თუკი ვინმე ვინმეს არა თუ ფსიქოლოგიურ, არამედ ფსიქიატრიულ ანალიზს უკეთებდა, ეს პირველ რიგში "ქრისტიან-დემოკრატები" იყვნენ მათი შექმნის დღიდან", – განაცხადა საპასუხოდ სიტყვით გამოსვლისას ცაგარეიშვილმა და "ქრისტიან-დემოკრატების" მაექსპერიმენტარებლად "ნაციონალები" დაასახელა.
არადა, პარლამენტში მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მართლა ჰყავთ – ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ექიმი ნევროპათოლოგი ოთარ თოიძე და ვიცე-სპიკერი, ნევროლოგი გიგი წერეთელი, თუმცა ისინი მათემატიკოს ლევან ვეფხვაძისა და იურისტ გიორგი ცაგარეიშვილის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ურთიერთდავაში, არ ჩარეულან. . . 

მთელი ამ ექსპერიმენტების შედეგი ის იყო, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დეპუტატების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვის სურვილი, "ოპოზიციის შემხედვარემ", ოფიციალურად გაახმოვანა.
ამ ყველაფერში კი, ცუდი ის იყო, რომ დეპუტატების რაოდენობის გაზრდა ხელისუფლებას რომ აღარ სურდა და მის გადაფიქრებას აპირებდა, გასული თვის მიწურულს გახდა ცნობილი. ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ბიძინა ივანიშვილის გამო გადაიფიქრაო, ხელისუფლებას მომავალ პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის 150–მდე დატოვება სურს, რომელთა შორის 83 მაჟორიტარი იქნება, 67 კი პროპორციული სისტემით არჩეულიო. . . რაიონებში ტრადიციულად, როგორც წესი, მაჟორიტარებად სახელისუფლო კანდიდატს აქვს შანსი, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილება-აზროვნებისა. მაჟორიტარების გაყვანის შემთხვევაში კი, პროპორციული სისტემით "ნაციონალურმა" მოძრაობამ სასურველი შედეგიც რომ ვერ მიიღოს, მომავალ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების გარანტიას იქმნის. მერე რა, რომ მომავალ პარლამენტში ასე უფრო მეტი იქნება იმ დეპუტატების რაოდენობა, "მთელი წელი რომ ხმა არ ამოუღიათ". 

მთელ ამ ყველაფერში კი მთავარი ის არის, რომ გაუგებარია, ვინ ვის ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, იყო თუ არა ეს ექსპერიმენტი და ვინ ვის თუ რის ეგზემპლარად გააგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას 2012 წლის შემოდგომიდან. . .