საქართველოს მოქალაქეობა - ივანიშვილისთვის წართმეული ჯილდო

საქართველოს მოქალაქეობა - ივანიშვილისთვის წართმეული ჯილდო


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის, სარჩელს განიხილავს. მოსარჩელეები პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმებასა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას მოითხოვენ. ივანიშვილის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატთა ხუთკაციანი ჯგუფი იცავს.

2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა #602 ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს 2004 წლის 22 ივლისს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საგამონაკლისო წესით მინიჭებული საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ივანიშვილის 7 ოქტომბრის საჯარო პოლიტიკური განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენი გამოთქვამდა მზადყოფნას დაეთმო რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობა და აქტიურად ჩაბმულიყო ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზად ივანიშვილის საფრანგეთის მოქალაქეობა დაასახელა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დირექტორმა გიორგი ვაშაძემაც:

„მას ავტომატურად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მან მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა და ორგანული კანონი მოქალაქეობის შესახებ.“

თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ივანიშვილის ადვოკატები, რომელთა თქმითაც, პრეზიდენტის ბრძანებულება სამართლიანი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაბადების ან ნატურალიზაციის გზით რომ მიეღო. ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი იშველიებს 2004 წლის 6 თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კონსტიტუციამ დაუშვა საგამონაკლისო წესით სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

„საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მიღება - ეს არის ერთგვარი ჯილდო დამსახურებისათვის. შეგახსენებთ, საბჭოთა სისხლის სამართლის გარდა, არც ერთი ქვეყნის სამართალი არ აღიარებს ჯილდოს ჩამორთმევას. ჯილდო იმისთვისაა, რომ რაღაცა დაიმსახურე და მოგცეს. შემდეგ ცუდადაც რომ მოიქცე, ამისთვის შეიძლება დაგსაჯონ, მაგრამ ჯილდოს ვერ ჩამოგართმევენ“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ადვოკატის მტკიცებით, ადგილი აქვს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის 32-ე მუხლის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ინტერპრეტაციას. ამასთან, როგორც ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატი, ეკა ბესელია ამბობს, უკანონოა მოქალაქეობის შეწყვეტის მიზანიც, ანუ ხელისუფლება ისახავდა არა საჯარო ინტერესის დაცვის მართლზომიერ მიზანს, არამედ ივანიშვილისათვის საარჩევნო უფლების აღკვეთას:

„თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ჩემი მიზანი იყო სამართლიანობის აღდგენა, ჯერ უნდა ჰკითხო იმ ადამიანს, რომელმაც უკვე განაცხადა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარს არ ვიტყვიო. სამ დღეში ჩამორთმეული საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავს იმას, რომ ამ გადაწყვეტილებას სხვა ამოცანა ჰქონდა. საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილი ჩამოეშორებინა პოლიტიკური პროცესისთვის.“

ეკა ბესელიას თქმით, საერთოდ გაუგებარია რის საფუძველზე ჩამოერთვა მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას, ანუ 2004 წლის თებერვალში, უკვე ჰქონდა საფრანგეთის მოქალაქეობა. ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა, განაცხადა:

„ეს საბუთები თავის დროზე, ანუ 2004 წელს, როცა აძლევდნენ საქართველოს მოქალაქეობას, წარდგენილი უნდა ყოფილიყო სამოქალაქო რეესტრში.“

თუმცა, ადვოკატთა მტკიცებით, ეკატერინე ხვედელიძის საფრანგეთის მოქალაქეობა ცნობილი იყო საზღვრის დაცვის პოლიციისათვის, რაც დასტურდება მოქალაქეობის მიღების შემდეგ ფრანგული პასპორტით საქართველოს საზღვრის რამდენჯერმე გადაკვეთით. ადვოკატები ასევე იშველიებენ საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის გათვალისწინებით ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე ამბობს:

„ორი ქვეყნის მოქალაქე იქნები, სამი ქვეყნის მოქალაქე იქნები თუ მეტი ქვეყნის მოქალაქე იქნები, საერთაშორისო სამართლის პრაქტიკის და მეცნიერებიდან გამომდინარე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იცოდი, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქე მაინც იყო და ეს შენ არ მიიჩნიე პრობლემად, იმიტომ რომ ეს კაცი იმსახურებს საქართველოს მოქალაქეობას. ასეთ შემთხვევაში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს (არც ლოგიკისა და არც მეცნიერების თანახმად) მესამე ქვეყნის მოქალაქეობის მიღება.“

ადვოკატთა მტკიცებით, გასაჩივრებული აქტით პრეზიდენტის მიერ მიღბულია კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობამინიჭებულ პირს არ შეიძლება საერთო წესით ჩამოერთვას საქართველოს მოქალაქეობა. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო ბათილად ცნობს, მათი სიტყვებით, პრეზიდენტის კანონშეუსაბამო აქტს.