”ლაზიკა” - სააკაშვილის ოცნების ქალაქი...

”ლაზიკა” - სააკაშვილის ოცნების ქალაქი... "


"გაზაფხულზე ახალი დიდი ქართული ქალაქის "ლაზიკას" მშენებლობა იწყება. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაცხადებული "თავზეხელაღებული" გეგმის განმხორციელებელი პირველი ინვესტორიც უკვე გამოჩნდა - როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, "ლაზიკას" მშენებლობაში სერიოზულ ინვესტიციებს თავად ლაზები განახორციელებენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით არქიტექტორები სააკაშვილის ოცნების ქალაქის შესახებ / "ოსტაპ ბენდერი რომ ვასიუკის აშენებას ჰპირდება სოფლის ხალხს, ამაზე დიდი აფიორასთან გვაქვს ახლა საქმე".

"აქეთ 3 კილომეტრი, იქით კიდევ - 3, 7-მდეც შეიძლება. ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ანაკლიის გაგრძელებაზე, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც "ლაზიკას" დავარქმევთ. ახალ ქალაქში 10 წელიწადში მინიმუმ ნახევარი მილიონი მცხოვრები იქნება და ეს იქნება სიდიდით საქართველოს მეორე ქალაქი თბილისის შემდეგ, მთავარი სავაჭრო ეკონომიკური და კომერციული ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე. მინდა მოვუწოდო საქართველოდან წასულ ხალხს, აფხაზეთიდან წასულ დევნილ ხალხს, დაბრუნდნენ და ჩვენთან ერთად ააშენონ ახალი ქალაქი, ჩვენ წინ გვაქვს დიდი მშენებლობები და ჩვენ წინ გვაქვს ძალიან თავზეხელაღებული გეგმები", - განაცხადა სააკაშვილმა. მხატვარ-არქიტეტქტორთა ნაწილი პრეზიდენტის ამ გეგმას სკეპტიკურად უყურებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ძალდატანებით ყველაფრის გაკეთება შეიძლება, მაგრამ თუკი ნორმალურად ვიფიქრებთ და გავიაზრებთ - წარმოუდგენელია. დღეს ცივილურ სამყაროში ქვეყნის განსახლების პროექტისა და მასზე დამყარებული გენგეგმის გარეშე რამე სერიოზული მშენებლობა არ კეთდება", - აცხადებს არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი. მხატვარ თემურ გოშაძის თქმით, ეს გეგმა სრული აბსურდია და ამის დასამტკიცებლად ბევრი არგუმენტი არსებობს. "ნახევარმილიონიანი ქალაქის მშენებლობას, მინიმუმ ნახევარი საუკუნე სჭირდება. თანაც ნახევარმილიონიან ქალაქს რითი აშენებ? ან იქ დასასახლებელი 500 000 ადამიანი საიდან მოგყავს ან სად ატევ იმ ტერიტორიაზე ამდენ ადამიანს. ჯერ ერთი, არ შეიძლება ერთმა თაობამ, გარკვეულმა ერთმა ჯგუფმა ქალაქი ააშენოს - ქალაქი სახლების და სასტუმროების ერთობლიობა არ არის. ქალაქს იმ ტერიტორიაზე ადამიანთა ცხოვრების გარკვეული დრო სჭირდება", - ამბობს გოშაძე, რომლის თქმით, ასე ხელოვნურად რამდენიმე ქალაქი შექმნილა და ისიც მხოლოდ დედაქალაქები - ბრაზილია და ასტანა, ხოლო ასტანას დაახლოებით კიდევ საუკუნე სჭირდება, რომ ქალაქს დაემსგავსოს", - დასძენს გამოცემა.

"ნახევარმილიონიან ქალაქს რითი აშენებ? ასტანა რომ აშენდა, ყაზახეთი უმდიდრესი ქვეყანაა, ასევე უმდიდრესი ქვეყანაა ბრაზილია, ამ ქვეყნებს ჰქონდათ თანხების გადადებისა და მოზიდვის შესაძლებლობები. "ლაზიკას" რომ აშენებ, საიდან მოგყავს ან სად ატევ ამ ტერიტორიაზე ამდენ ადამიანს? ეს არის ბოდვა. ადამიანმა, რომელსაც ხელში ძალაუფლება უჭირავს, წარმოიდგინა, რომ არქიტექტორობაც შეუძლია და რაც მოუნდება, ყველაფერს გააკეთებს. ქუთაისის ფართობი 70 კვ კმ-ია და 192 500 მოსახლეა. ბათუმის ფართობი 19 კვ კმ-ია და მოსახლეობა 124 000. აჭარის მთელ რეგიონში 390 600 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო სამეგრელოს მთელი რეგიონი 4 400 კვ კმ-ია და 447 100 მცხოვრებია. ნებისმიერი ქალაქი ბევრად მეტია, ვიდრე 3 კმ 3 კმ-ზე ან თუნდაც 7-ზე ასაშენებელი ნახევარმილიონიანი ლაზიკა. თანაც მრავალსართულიანი შენობების გათვლა იმ ზონაში, რომელიც რისკების ზონაა, როცა საუბარია დაბლობზე და ჭაობის ამოშრობაზე, წყალდიდობებს რომ ვისმენთ, კავკასიონზე რომ თოვლის დნობა დაიწყება, იმის შემჩერებელი ვინმე იქნება? სამეგრელოს ნახევარი დღესაც ჭაობია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ გოშაძე.

"ასე ხელაღებით არ შენდება ქალაქები. ამას გამოკვლევები სჭირდება, უამრავი ადამიანის ჩართვა, ცალკე გეოდეზისტები, ცალკე კლიმატის სპეციალისტები. ასეთი აბსურდი ისტორიაში ცნობილია 1937-ში, ხალხი რომ იხვრიტებოდა ბოლშევიკების დროს - ციმბირში ყველგან, სადაც დიდი ელექტროსადგურები შენდებოდა, ყველას ახალი ქალაქები უნდა ჰქონოდა მიბმული, დღეს ასეთი არც ერთი ქალაქი არ არსებობს და ვერც იარსებებს. ასეთი აუცილებლობა დროს მოაქვს - სვეტიცხოვლამდე მცხეთის ტერიტორიაზე სამი ეკლესია აშენდა, მაგრამ როგორც ქალაქი საუკუნეები შენდებოდა. ბოლშევიკებს ასეთი ტაქტიკა ჰქონდათ - რაც შეიძლება დიდი აბსურდი უნდა მოეგონებინათ და მსგავს ტაქტიკასთან გვაქვს საქმე. ვერანაირი ილფისა და პეტროვის გონება ვერ მოიფიქრებდა მსგავს რამეს, "12 სკამში" ოსტაპ ბენდერი რომ ვასიუკის აშენებას ჰპირდება სოფლის ხალხს, იმაზე დიდ აფიორასთან გვაქვს საქმე ახლა", - მიიჩნევს თემურ გოშაძე.

"არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის განცხადებით, კონცეპტუალური პროექტი უნდა არსებობდეს. ნებისმიერ მსგავს წამოწყებას წინ ქვეყნის განსახლების პროექტი უნდა უძღოდეს. ეს ნიშნავს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ როგორც ბუნებრივ, ისე საწარმოო ძალთა რესურსების გადანაწილებას. განსახლების პროექტი საფუძვლად ედება ქალაქების დაგეგმარებას, რეკონსტრუქციას თუ სხვა ყველა ღონისძიებას, რასაც ქალაქის კონსტიტუციას ვეძახით. ამას გარკვეული დრო და ძალიან სერიოზული გააზრება სჭირდება და ეს ერთი კაცის გააზრების შედეგი ვერ იქნება. რაც კი ქვეყნის სახალხო მეურნეობაში არსებობს, ყველა იმ სფეროს თანამონაწილეობით ხდება მსგავსი გეგმების განხორციელება და ყოველივეს აკონტროლებს არქიტექტურა და ეკოლოგია. გადაწყვეტილების მიღება კი ხდება ღრმა ანალიზის შემდეგ - რა სიმძლავრის უნდა იყოს ახალი დასახლება, რით უნდა იარსებოს, რა ძალთა გადანაწილება უნდა მოხდეს დანარჩენ ქვეყანაში, მაშინ როცა მთელი რიგი რეგიონები მოსახლეობისგან არის დაცლილი", - წერს სტატიის ავტორი.