"კვირის პალიტრის" მასალების მიხედვით
"ვფიქრობ, ხელისუფლება მიხვდა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ თითიდან გამოწოვილი და დაუსაბუთებელი რიტორიკით ბრძოლა ბუმერანგივით უბრუნდება და მასვე აზარალებს. პოლიტიკურ ავანსცენაზე ივანიშვილის მოულოდნელი გამოჩენით ხელისუფლება დიდხანს იყო შოკში და ცდილობდა, გამოსავალი აგრესიის გზით მოეძებნა. ეს, რბილად რომ ვთქვათ, ინფანტილური რეაქცია იყო. როგორც ჩანს, ხელისუფლება და პირადად სააკაშვილი თანდათან გამოდიან ინფანტილური როლიდან და იწყებენ პოლიტიკაში ზრდასრულთათვის დამახასიათებელ სოციალიზაციას. ეს საკმაოდ რთული გზა იქნება. დარწმუნებული ვარ "ცივი შხაპი", რომლის ქვეშაც ივანიშვილმა ხელისუფლება დააყენა, სასარგებლო იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის", - "აცხადებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ცივი შხაპი საქართველოს ხელისუფლებისთვის" / "ივანიშვილმა შეუტია ნაციონალური მოძრაობის ელექტორატსაც"
"უკვე ჩატარდა სოციოლოგიური კვლევები და შესაძლებელია, ემპირიულ მონაცემებზე დაყრდნობით, რეალურ ტენდენციებზე ვისაუბროთ. პოლიტიკურ ძალთა განაწილების არსებული სურათი მოწმობს, რომ პოლიტიკურ ავანსცენაზე ორი პარტიული გუნდი დომინირებს: "ნაციონალური მოძრაობა" და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა. ისმის კითხვა: რომელი ელექტორატის მობილიზების ხარჯზე ახერხებს ბიძინა ივანიშვილის პარტია საკუთარი რეიტინგის დიზაინს? ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური რეიტინგი იქმნება ოპოზიციური ელექტორატის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელსაც ბოლო წლებში გული გაუტეხეს ოპოზიციურმა პარტიებმა და თავისი პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ აღარ დაუკავშირა რომელიმე კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიას; შესაბამისად, პროტესტს არაფორმალურ გარემოში (ოჯახში, მეგობრების წრეში და სხვ.) გამოხატავდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იაგო კაჭკაჭიშვილი.
"ამომრჩეველთა ეს ნაწილი შეკითხვაზე - "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერთ მხარს? - ასეთ პოზიციას აფიქსირებდა: "მიჭირს პასუხის გაცემა" ან "არც ერთს". ივანიშვილის გამოჩენამდე, 2009-10-11 წლებში ჩატარებული კვლევები სტაბილურად აჩვენებდა, რომ ასეთი ფრუსტრირებული ამომრჩევლების ხვედრითი წილი არასოდეს ყოფილა 25%-ზე ნაკლები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკურმა ძალამ პირველ რიგში სწორედ ეს ოპოზიციური ამომრჩეველი მიიზიდა და მოახდინა მათი ხმების ფორმალური ინსტიტუციონალიზაცია. მეორეც, როგორც ირკვევა, ივანიშვილის ფიგურამ იმ ოპოზიციური ელექტორატის გადმობირებაც დაიწყო, რომელიც ივანიშვილის გამოჩენამდე სიმპათიას სხვადასხვა ოპოზიურ პარტიას უნაწილებდა. ახალმა პოლიტიკურმა ძალამ მხარდამჭერების გარკვეული რაოდენობა "წაართვა" ისეთ მეტ-ნაკლებად რეიტინგულ პარტიებს, როგორებიცაა: "ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა", ლეიბორისტული პარტია და "ეროვნული ფორუმი", - განაგრძობს სოციოლოგი.
"ივანიშვილმა შეუტია "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატსაც. აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალა აღმოჩნდა სინერგიული (კრებითი): ის მიმზიდველი ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის ამომრჩევლებისთვის. ისეთი იდეოლოგიები, როგორებიცაა - მემარჯვენეობა/მემარცხენეობა, ლიბერალიზმი/კონსერვატიზმი და ა.შ. ან კარგავს გავლენას ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისთვის, ან ეს ძალა საზრდოს აწვდის ყველა ყაიდის ამომრჩეველს. მეტიც: უკვე აღარ შეიძლება იმის დაბეჯითებით თქმა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ძალის ამომრჩეველი მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია. ეს ძალა აჩენს პირველ სერიოზულ იარას მმართველი პარტიის მონოლითური ამომრჩევლის სხეულზე", - დასძენს იაგო კაჭკაჭიშვილი.
826
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85