"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ფეისბუკში" ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე საგანგებოდ გახსნილ ფორუმში სოციალური ქსელის მომხმარებლები კითხვებს ტოვებენ. უკვე ასობით კითხვაა დაგროვებული და ბიძინა ივანიშვილმაც მათზე პასუხების გაცემა დაიწყო. თუმცა საეჭვოა, ყოველ მათგანზე შეძლოს საკუთარი მოსაზრების გამოქვეყნება, ეს ფიზიკურადაა შეუძლებელი. როგორც ჩანს, ივანიშვილმა და მისმა თანაშემწეებმა შეკითხვების კლასიფიკაცია მოახდინეს და იმ ძირითად საკითხებს, რაც დღეს მოსახლეობას აღელვებს, ეტაპობრივად გაეცემა პასუხები. დღეს მწვავე პრობლემებად ქვეყანაში სოციალური საკითხები, გაჭირვება და უმუშევრობა რჩება. შესაბამისად, ივანიშვილმა თავის მომავალ ამომრჩეველთან საუბარი ამ თემებით დაიწყო. საინტერესოა, რა კითხვები აქვს ხალხს და რას პასუხობს მათ ბიძინა ივანიშვილი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით: ”ბიძინა ივანიშვილი: "ბავშვებს უფასო უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას მივცემთ" / ივანიშვილმა "ფეისბუქში" დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო.
"კითხვაზე - "ბიზნესი ითხოვს 35 წლამდე ინგლისურის მცოდნეებს, რა ქნან უფროსი ასაკის ადამიანებმა, პროფესიონალებმა და ქართულის მცოდნეებმა?" - ივანიშვილი პასუხობს: "ინგლისურის ცოდნა უდავოდ კარგი საქმეა. ყველა ასაკის ადამიანი უნდა სრულყოფდეს უცხო ენის ცოდნას ყოველდღიურად. თუმცა სახელმწიფო ენის ცოდნა საქართველოში საკმარისი უნდა იყოს, რათა კომპეტენტურმა ადამიანებმა და კარგმა პროფესიონალებმა შესაფერისი სამსახური იშოვონ და დასაქმდნენ. ვფიქრობ, სამუშაო ადგილის დასაკავებლად ასაკს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა - მთავარი ყურადღება უნდა ექცეოდეს პიროვნების კვალიფიკაციასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს. ჩემთვის ხელისუფლების დღევანდელი მიდგომა ამ საკითხისადმი ფაქტობრივად დისკრიმინაციაა, რომელსაც ჩვენი მთავრობა არ დაუშვებს". ხოლო კითხვაზე - "რა ეშველება ახალგაზრდობას, რომელსაც პატრონი არ ჰყავს, სად დასაქმდნენ" - პასუხობს: "პატრონის ძიება უნდა დამთავრდეს. საქართფელოს ჰყავს ერთი პატრონი - ხალხი. ახალგაზრდობა ხალხის ნაწილია. დღეს ახალგაზრდობას აწუხებს ორი პრობლემა - ხელმისაწვდომი, ხარისხიანი განათლება და დასაქმება. სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი გეგმაა. ეს ადგილები შეიქმნება ყველასთვის", - აღნიშნავს გამოცემა.
"რამდენიმე კითხვაზე უმუშევრობის კომპენსაციის, პენსია-დახმარებებისა და გადასახადების შესახებ ივანიშვილი პასუხობს: "კომპენსაცია უმუშევრობისთვის აუცილებლად უნდა არსებობდეს, მაგრამ განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ ასეთი კომპენსაცია უნდა შეწყდეს და რაც მთავარია - უნდა წავახალისოთ უმუშევარი ადამიანის მისწრაფება, იშოვოს სამუშაო. დასაქმდეს თუნდაც სეზონურ ან დროებით სამუშაოებზე. ხოლო ასეთ შესაძლებლობას შრომის მოქნილი ბაზრის მეშვეობით მას სახელმწიფო უნდა აძლევდეს... მარჩენალდაკარგულთა პენსია 65 ლარი, რა თქმა უნდა, ცოტაა. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, მაგრამ რა - სპეციალისტებს უნდა მოვეთათბიროთ და იმაზე ვიფიქროთ, რის საშუალებასაც მოგვცემს ქვეყნის ბიუჯეტი. აქვე შევნიშნავ: ყველა სახის პენსიის, დახმარების თუ შემწეობის დანიშვნისას უნდა გავითვალისწინოთ საარსებო მინიმუმთან მისი შესაბამისობის საკითხი, სასურველია, სულ ცოტა, ის არ იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი... გადასახადები უნდა იყოს ადეკვატური და ოჯახებს უნდა შეეძლოთ მათი გადახდა. გადასახადები, რა თქმა უნდა, გადაიხედება და მათი ოდენობა ექსპერტების მიერ მიზანშეწონილობის დასაბუთებისა და რეალური დანახარჯების მიხედვით დადგინდება. ეს საკითხი, ისევე როგორც დაბალი პენსიების პრობლემა, მოგვარდება ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების რეალური შემოსავლების ზრდის კვალდაკვალ", - დასძენს გამოცემა.
"კითხვაზე - "სახელმწიფო დაფინანსების საშუალო სკოლები თუ შენარჩუნდება და როგორი იქნება კონცეფცია განათლების სისტემისადმი", პასუხობს: "მიმაჩნია, რომ განათლების მიღების შესაძლებლობა ჩვენი ბავშვების კონსტიტუციური უფლებაა. სახელმწიფოს დაფინანსებით განათლების მიღება, ჩემი აზრით, არა მარტო ბავშვებს უნდა შეეძლოთ საჯარო სკოლებში, არამედ ახალგაზრდებსაც უმაღლეს სასწავლებლებში. უსწავლელი, გაუნათლებელი ადამიანი საზოგადოების პრობლემაა. ამიტომ განათლების შესაძლებლობა, მათ შორის მაღალი დონის ე.წ "უფასო" განათლების მიღების უფლება ბავშვებს უნდა ჰქონდეთ", - წერს სტატიის ავტორი.
"კითხვაზე - "უნდა ფლობდეს თუ არა უცხოელი მოქალაქე ან კომპანია საკონტროლო პაკეტს საქართველოს ტერიტორიაზე სტრატეგიულ ან არასტრატეგიულ კომპანიებში?" - პასუხობს: "რაც შეეხება "სტრატეგიულ ობიექტებს" - ასეთ ცნებას დღევანდელი ქართული კანონმდებლობა არ იცნობს. ჩვენ ჯერ უნდა გავარკვიოთ - აღვადგინოთ, ან შემოვიღოთ თუ არა "სტრატეგიული ობიექტის" ცნება და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ, შეიძლება თუ არა სტრატეგიული ობიექტების საკონტროლო პაკეტებს ფლობდნენ უცხოელი მოქალაქეები, ან გნებავთ, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები. დღეს ქართულ კანონმდებლობაში გვაქვს მხოლოდ ჩამონათვალი იმ ობიექტებისა, რომელთა გაყიდვაც არ შეიძლება - წიაღი, წყლის რესურსები, ტყის ფონდი, სახელმწიფო ნაკრძალები, განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუზეუმო კოლექციები და ფონდები, განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, საძოვრები, პირუტყვის გადასარეკი ტრასები, ისტორიული ძეგლები და სხვა, თუმცა მათი გასხვისება ხდება გრძელვადიანი იჯარის ან სხვა შემოვლითი გზებით. ეს საკითხიც უნდა დარეგულირდეს ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად", - დასძენს სტატიის ავტორი.
1007
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85