სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის ინფორმაციით, ევროპას სერიული დეფოლტი ემუქრება. კერძოდ, სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, ევროს ზონის რამდენიმე ქვეყანა ერთი-მეორის მიყოლებით დეფოლტის წინაშე აღმოჩნდება. ყველაზე ცუდი კი ის არის, როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, პოლიტიკოსები ბოლო წუთამდე დაიცდიან და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ მოქმედებას, როცა სიტუაცია მთლად დაიძაბება.
ერთობ არადამაიმედებელი პროგნოზის მიხედვით, ფინანსურ ბაზარზე მძლავრი შოკი კონტინენტის რამდენიმე ქვეყანას საბაზრო დაფინანსების წყაროს დაუხშობს. შედეგად, დაეცემა მათი საკრედიტო რეიტინგი და ლიკვიდურობის დეფიციტის მძაფრი პრობლემა დადგება.
Moody's-ის ანალიტიკოსთა აზრით, ევროს ზონა სწრაფად უახლოვდება სახიფათო ზღურბლს, რომლის შემდეგაც მის დაშლამდე აღარაფერი დარჩება. ბოლო კვირეების განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, რეცესია ძლიერდება, ხოლო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, ევროს ზონის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტი კი არ იქნება, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ, არამედ 0,2 პროცენტი, ანუ, თითქმის არაფერი.
ორგანიზაციიის მთავარი ეკონომისტის პიერ კარლო პადოიანის განცხადებით, სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება და თუ ევროპელი ლიდერები სასწრაფოდ სერიოზულ ზომებს არ მიმართავენ, რეცესია ძალიან ღრმა იქნება და 2013-2014 წლებშიც გაგრძელდება. თავისთავად ცხადია, ევროპის ეგზომ არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩენა მნიშვნელოვნად გააუარესებს სიტუაციას მთელს მსოფლიო ეკონომიკაში.
ანალიტიკოსთა განცხადებით, აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ევროპა უდიდესი რისკის წინაშე დგას, მაგრამ მთავარი საფრთხე ის არის, რომ ქვეყნების მთავრობები კრიზისის ტალღების უკან ფართხალებენ იმის ნაცვლად, რომ მოვლენებს წინ გაუსწრონ და სასწრაფო და მძლავრი ზომები მიიღონ. მხოლოდ ამგვარად არის შესაძლებელი მსოფლიო კრიზისის ახალი ხანძრის დასაწყისის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლა.
ამავდროულად, ევროს ზონის ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის მაჩვენებელი რეკორდს ხსნის. ეს ნიშნავს, რომ ზონის ძლიერი წევრები თანდათანობით უახლოვდებიან იმ მომენტს, როცა სუსტებისათვის დახმარების გასაწევად საჭირო რეზერვები უბრალოდ აღარ ექნებათ. მართალია, ევროპული ქვეყნების ლიდერები ლამის ყოველდღიურად ხმამაღლა აცხადებენ, რომ კრიზისთან ბრძოლის ახალი, უფრო ეფექტური გეგმა შეიმუშავეს, მაგრამ მათი სულ უფრო ცოტას სჯერა.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, ევროპის ეკონომიკაში არათუ შემცირდება დავალიანებების ზეწოლა, არამედ პირიქით, გაძლიერდება იგი. კერძოდ, ევროს ზონის ქვეყნების სახელმწიფო ვალი შიდა პროდუქტის მოცულობის ამჟამინდელი 95,6 პროცენტიდან, 2012 წლისათვის 97,9 პროცენტამდე, 2013 წლისათვის კი 98,2 პროცენტამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ევროს ზონაში კრიზისის ესკალაცია რეცესიაში ჩაითრევს ამერიკის ეკონომიკასაც. ამასთან, ეს ცუდ გავლენას მოახდენს აზიაზეც. საერთოდ, ევროპაში არსებული სიტუაცია განაპირობებს განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადინების პროვოცირებას.
ანუ, გამოდის, რომ თუ ანალიტიკოსთა უიმედო პროგნოზი გამართლდა და ევროპის ქვეყნები ერთი-მეორის მიყოლებით დეფოლტის პირას აღმოჩნდა, ეს სრულიად მსოფლიო ეკონომიკისათვის უდიდესი პრობლემების მომტანი იქნება. შესაძლოა, 2008 წლის გლობალურ კრიზისზე გაცილებით ცუდი ვითარებაც კი შეიქმნას.
874
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85