მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ქვეყნები და მთელი ევროკავშირი გულმოდგინედ ცდილობს ევროს ზონის გადარჩენას, ევროპის ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ზონის დაშლაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ და თანდათანობით პოპულარული ხდება მსჯელობა თემაზე “ცხოვრება ევროს შემდეგ”. ცხადია, ჯერ არ არსებობს საერთო და ჩამოყალიბებული აზრი, თუ როგორ განვითარდება ეს პროცესი და რა მოჰყვება მას, მაგრამ სკეპტიკოსები ირწმუნებიან, რომ ევროს ზონის აღსასრული ამა თუ იმ ფორმით ახლოვდება.
რამდენიმე დღის წინ კომპანია ICAP-მა, რომელიც მსოლიოს სავალუტო ბაზარზე გარიგებათა მსხვილ სისტემას ფლობს, განაცხადა, რომ ევროს ზონიდან საბერძნეთის გასვლის შემთხვევაში დრაჰმასთან სამუშაოდ ემზადება. ამავდროულად, ევროს კრახისათვის მზადება დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ბაზრის კიდევ ერთმა მსხვილმა მოთამაშემ – ბანკმა CLS-მა.
როცა ადამიანები, რომლებიც, ფინანსური სისტემით ფულს აკეთებენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამგვარ მზადებაში არიან, აშკარად ცხადი ხდება, რომ საქმე კარგად არ მიდის. ყოველივე ეს გაცილებით სერიოზულია, ვიდრე საბირჟო ანალიტიკოსების პროგნოზები. თანაც, ევროს მომავლის შესახებ უიმედო საუბრები თანდათანობით სულ უფრო ინტერსიურ ხასიათს იძენს.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გერმანელ მეწარმეთა კავშირის ყოფილმა თავკაცმა ჰანს-ოლაფ ჰენკელმა თავისი ქვეყნის მთავრობას ევროზე უარის თქმისა და მარკის დაბრუნებისაკენ მოუწოდა. არადა, იგი თავის დროზე ევროს ზონის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრე იყო, ახლა კი იმ პოზიციას იხსენებს, როგორც ცხოვრების უდიდეს შეცდომას. თუ ჰენკელის ავტორიტეტს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ მის აზრს გერმანელ მეწარმეთა დიდი ნაწილი იზიარებს.
ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც გარკვეულწილად ინსაიდერულად შეიძლება მივიჩნიოთ. იგი გააჟღერა ფილიპ მალმგრენმა – ცნობილმა ექსპერტმა, საერთაშორისო ურთიერთობებათა საბჭოს წევრმა და ჯორჯ ბუშ უმცროსის მრჩეველმა ფინანსური ბაზრების საკითხებში. მისი თქმით, გერმანიას უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს. “მათ ახალი ვალუტაც შეუკვეთეს და მბეჭდავებიც დააჩქარეს”, - აღნიშნა მან.
ახლო წარსულში ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტუროპერატორმა TUI-იმ თავის ბერძნულ განყოფილებებს განკარგულება მისცა, რომ მზად იყვნენ დრაჰმების მისაღებად. ავიაკომპანია easyJet-მა კი ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროს კრახის შემთხვევაში სხვა ვალუტებით ანგარიშსწორებისათვის მზად იქნება.
ეს კიდევ არაფერი. ნოემბრის ბილოს თვით დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა ევროს ზონის დაშლისათვის ემზადება. მისი თქმით, ყველა აუცილებელი ღონისძიება რამდენიმე თვეში შემუშავდება.
და ბოლოს: რამდენიმე დღის წინ ფილოსოფოსმა და ეკონომისტმა ჟაკ ატალიმ, რომელსაც ბევრი გლობალიზაციის ერთ-ერთ იდეოლოგს უწოდებს, განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ევროს ზონის დაშლის ალბათობა 50 პროცენტია. მოგეხსენებათ, ევრო გლობალიზაციის ერთ-ერთი გამოხატულება და შემადგებელი ნაწილია. ატალის აზრით ერთიანი ვალუტის გადასარჩენად ერთაერთი გზა დიდი რაოდენობით ახალი ფულის დაბეჭვდვა და ცალკეული ქვეყნების სუვერენიტეტის შეზღუდვაა.
მოკლედ, სულ უფრო მეტს და მეტს საუბრობენ ევროს ზონის შესაძლო დაშლის შესახებ, არადა, რამდენიმე წლის წინ ამგვარი აზრის გამომთქმელს ერეტიკოსად შერაცხავდნენ. მაგრამ, რა მოხდება შემდეგ? აქ ერთობ განსხვავებული პროგნოზები არსებობს. მათგან სამი ტიპის სცენარის გამორჩევა შეიძლება.
პირველის მიხედვით, ევროს ზონას დატოვებს მისი ყველაზე სუსტი წევრები. შედეგად, ევრო გვარიანად გამყარდება, მაგრამ ის ინვესტორები, რომლებსაც ამ სუსტ ქვეყნებში ჰქონდათ დაბანდებები, დიდ წაგებას ნახავენ.
მეორე ვარიანტის მიხედვით, ევროს ზონას პირიქით, მისი ძლიერი წევრები დატოვებენ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროს კურსი დაეცემა, ხოლო ძლიერთა ვალუტა, პირველ ეტაპზე მაინც, ერთობ ძლიერი იქნება.
მესამე პროგნოზი კი მეორე სცენარის გაგრძელებაა. ევროს ზონაში დარჩენილი სუსტი ქვეყნები მიხვდებიან, რომ ძლიერთა გარეშე ერთიანი ვალუტით ვერ იარსებებენ და მასზე უარს იტყვიან.
თავისთავად ცხადია, ევროს ზონის მთლიანად, ან ნაწილობრივ დაშლის შემდეგ მოვლენებზე ახლა მხოლოდ მკითხაობა შეიძლება. მაგალითად, დაიწყება იურიდიული პროცესები, რომლებიც ვალების შეფასებასა და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან იქნება დაკავშირებული. ცხადია, ბევრი განაწყენებულიც გაჩნდება. გაურკვეველია, რა ელის ევროს ზონის ქვეყნების ფინანსურ სისტემებს. მოკლედ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ასეთი მასშტაბის მოვლენისადმი მნიშვნელოვნად მომზადება შეუძლებელია.
854
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85