25 ნოემბერს ამერიკაში ტრადიციული “შავი პარასკევი” (Black Friday) ჩატარდა, რომელიც მადლირების დღეს მოჰყვება და საშობაო-საახალწლო ფასდაკლებების დასაწყისად ითვლება. როგორც ყოველთვის, ხელსაყრელი შენაძენებისადმი ლტოლვას არც ამჯერად ჩაუვლია კურიოზებისა და სიგიჟეების გარეშე. თუმცა, წლევანდელი “შავი პარასკევი” იმით იყო გამორჩეული, რომ გაყიდვების მოცულობამ აქამდე არნახულ, სარეკორდო ნიშნულს მიაღწია.
გამოთქმა “შავი პარასკევი” თავდაპირველად გასული საუკუნის 60-იან წლებში ფილადელფიაში გაჩნდა და იმ საცობებს უკავშირდებოდა, რომლებიც ქალაქის ქუჩებში მადლიერების დღის შემდეგ ჩნდებოდა. 70-იან წლებში ტერმინის გამოყენება სხვა ქალაქებშიც დაიწეს, მოგვიანებით კი სხვა დატვირთვა შეიძინა. “შავი პარასკევის” განმავლობაში ამა თუ იმ საქონელზე აჟიოტაჟური მოთხოვნილების გამო კომპანიებს შეუძლიათ წითელი (წამგებიანი) ციფრები შავი (მომგებიანი) ციფრებით შეცვალონ.
მართალია, “შავი პარასკევი” დასვენების დღე არ არის, მაგრამ ბევრი არასავაჭრო ფირმა თავის თანამშრომლებს – პოტენციურ მყიდველებს მაინც სიამოვნებით ასვენებს. თავად რიტეილერები კი კლიენტთა მოზიდვის მიზნით ყოველწლიურად მაღაზიებს სულ უფრო და უფრო ადრე აღებენ. წელს უკვე ვაჭრობა არა დილის 6, ან 5 საათზე, არამედ ხუთშაბათს საღამოს დაიწყეს.
ჯერ კიდევ წლევანდელი “შავი პარასკევის” დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე სარეკორდო შემოსავლების პროგნოზირება დაიწყეს. მაგალითად, საცალო ვაჭრობის ეროვნულმა ფედერაციამ განაცხადა, რომ “შავ პარასკევს” შენაძენს 152 მილიონი ადამიანი გააკეთებდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 10,1 პროცენტით აღემატება.
როგორც საბოლოოდ გაირკვა, ეს პროგნოზი ერთობ მოკრძალებული აღმოჩნდა. წლევანდელი “შავი პარასკევის” შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ამერიკულ მაღაზიებს 226 მილიონი ადამიანი ეწვია. ეს კი, მართლაც რომ სუპერსარეკორდო მაჩვენებელია.
თითოეულმა მყიდველმა, საშუალოდ, “შავ პარასკევს” 398,62 დოლარი დახარჯა. სულ კი ამერიკელებმა 52,4 მილიარდი დოლარი დატოვეს. გარდა ამისა, ერთობ აქტიურად მიმდინარეობდა ინტერნეტ-ვაჭრობა. სულ ამ სერვისით 28,7 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, შარშან კი 22,2 მილიონმა. სულ, ინტრენეტ-შესყიდვებისას წელს სარეკორდო 4,32 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, რაც შარშანდელს 37,8 პროცენტით აღემატება. ანუ, გამოდის, რომ სულ ამერიკელებმა წლევანდელ “შავ პარასკევს” 56,72 მილიარდი დოლარი საქონელი შეიძინეს.
საინტერესოა, რომ გაყიდვების მკვეთრი ზრდა აქამდე 2007 წელს, ანუ, ჯერ კიდევ კრიზისამდე აღინიშნა, როცა წინა, 2006 წელთან შედარებით, “შავ პარასკევს” გაყიდვების მოცულობამ 8,3 პროცენტით მოიმატა. გამოდის, რომ ამერიკა გარკვეულწილად კრიზისამდელ მდგომარეობას უბრუნდება, რაც ძალიან სასიამოვნოა.
“შავი პარასკევის” განმავლობაში ამერიკელებმა იყიდეს ყველაფერი – აქსესუარებითა და ტანსაცმლით დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული. ყველაზე ძვირიანი შენაძენი სკანდალურად განთქმული პერის ჰილტონის ანგარიშზეა, რომელმაც 2012 წლის California Spyder Ferrari-ში 300 ათასი დოლარი გადაიხადა.
როგორც ყოველთვის, “შავ პარასკევს” არც ამჯერად ჩაუვლია ექსცესების გარეშე. მაგალითად, ლოს ანჯელესის Wal-Mart-ის ერთ-ერთ მაღაზიაში დიდი რიგით უკმაყოფილო ქალბატონმა ამ რიგის გასაფანტად ცრემლსადენი გაზი გაუშვა. შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა, თავად ეს ქალბატონი კი შენაძენების გარეშე გაუჩინარდა, რომ თავი ვირის აბანოში არ ამოეყო. დასავლეთ ვირჯინიაში, სამხრეთ ჩარლსტონის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში კი ხანდაზმულმა მამაკაცმა, რომელიც საშობაო მოსართავებს ყიდულობდა, გონება დაკარგა. მას არავინ ყურადღება არ მიაქცია და ზედ გადაუარეს. საბოლოოდ, მამაკაცი გვიან გამოძახებულმა სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში ძალიან მძიმე მდგომარეობაშო მყოფი მიიყვანა, სადაც იგი გარდაიცვალა.
თუმცა, თუ ამ რამდენიმე არასასიამოვნო ეპიზოდს არ ჩავთვლით, “შავმა პარასკევმა”, როგორც აღვნიშნეთ, წარმატებით და უხვად ჩაიარა. ამან კი ამერიკის ეკონომიკის მომავალზე ანალიტიკოსებს საკმაოდ იმედიანი განწყობა შეუქმნა.
864
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85