პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ივანიშვილი თავად არის პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკურ ჯგუფებს პოლიტიკურ საქმიანობაში მხოლოდ ხელს უწყობს

პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ივანიშვილი თავად არის პოლიტიკოსი, თუ პოლიტიკურ ჯგუფებს პოლიტიკურ საქმიანობაში მხოლოდ ხელს უწყობს

ბიძინა ივანიშვილზე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ბრიტანულ პრესაში გაკეთებულ პირველ განცხადებაზე, აგრეთვე - ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები, "ინტერპრესნიუსი" ფონდ "ალპეს" პროგრამების დირექტორს, მერაბ ბასილაიას ესაუბრა. 

- ბატონო მერაბ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან თვენახევრის შემდეგ დუმილი დაარღვია და ბრიტანულ "ეკონომისტს" განუცხადა - "ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს". ხელისუფლების მხრიდან ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის, მისი ბანკის საინკასაციო მანქანისთვის ფულის ჩამორთმევის, ტელევიზიების საშუალებით მის წინააღმდეგ რბილად რომ ვთქვათ, შავი პიარის წარმოების შემდეგ, რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის შესახებ სააკაშვილის მოზომილი და გარკვეულწილად ფრთხილი კომენტარი? 

- არ ვიცი, რატომ არის ფრთხილი სააკაშვილის განცხადება ან რა შეიძლება სხვა ეთქვა. პრაქტიკულად მან თქვა - კარგია, რომ ივანიშვილი იჩენს პოლიტიკურ აქტივობას. პირადად მე, ზოგადად ნებისმიერი ადამინის პოლიტიკურ აქტივობას დადებითად ვუყურებ. თუ ივანიშვილთან დაკავშირებით ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ჯერჯერობით ვერ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლას. ვხედავ მხოლოდ მისი ფულის შემოსვლის პერსპექტივას და ამ პერსპექტივის ირგვლივ დარაზმულ ძველ პოლიტიკურ სახეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს. კარგია ეს თუ ცუდი? ეს არც კარგია და არც ცუდი, ეს არის სასტარტო მოცემულობა. არიან ბევრჯერ ნანახი და ბევრჯერ გამოცდილი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც ფინანსური რესურსის ახალი მოტივაცია და იმედი გაუჩნდათ. მაგრამ, გაუგებარი რჩება, თავად ივანიშვილის სახე ამ პროცესებში. ეს მას ეს ჯერ არ გამოუკვეთია. ვფიქრობ, ეს დროის ამბავია. თუ ის არის ადამიანი, რომელიც აერთიანებს არსებულ პოლიტიკურ სპექტრს, მაშინ გამოდის, რომ თავად არ არის პოლიტიკური სუბიექტი, ვინაიდან არის არსებულის გამაერთიანებელი. ამის პარალელურად ის აცხადებს, რომ მისი პარტნიორები არიან "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები", მაგრამ ასევე აცხადებს, რომ ითანამშრომლებს ყველასთან, მათ შორის - ნინო ბურჯანაძესთან. როგორც ჩანს, ჯერჯერობით ივანიშვილი თავის თავს წარმოიდგენს, როგორც ზეპარტიულ ადამიანს, რომელიც გარკვეულ პროცესს ხელს უწყობს. მაგრამ, სად არის მისი სახე ამ პროცესში, ჩემთვის გაურკვეველია. ანუ, ივანიშვილის როლი განსაზღრულია, მაგრამ ივანიშვილის პოლიტიკური სახე არ ჩანს. სხვაგვარადაც შეიძლევა ითქვას, იგი ამბობს – აგერ ჩემი ფინანსური რესურსი, აგერ თქვენ! მაგრამ, თავად ვინ არის და ჰყავს თუ არა თავად მას თანამოაზრეთა ჯგუფი, ჩემთვის ესეც ჯერ გაურკვეველი რჩება. 

- ივანიშვილზე სააკაშვილის პირველ განცხადებას რომ დავუბრუნდეთ, პრეზიდენტი ივანიშვილის თემაზე დიდხანს დუმდა, საზოგადოება ელოდა კიდეც მის განცხადებას. ივანიშვილზე სააკაშვილის მცირე, მაგრამ მაინც მრავლისმეტყველი კომენტარი ხომ არ ნიშნავს პრეზიდენტის მხრიდან ივანიშვილის ანგარისგასაწევ პოლიტიკურ ძალად აღიარაებას? 

- როგორ შეიძლება არ იყოს ანგარიშგასაწევი ძალა ადამიანი, რომელსაც საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს. ამ მხრივ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა ჩათვალა იმ ფაქტორად, რომ თავად მეტი ენერგია ჩადოს შიდაპოლიტიკურ დიალოგში.

- თქვენი აზრით, ივანიშვილზე პირველი განცხადებისთვის სააკაშვილმა ბრიტანული პრესა რატომ შეარჩია? თუ უბრალოდ, ეს ის შემთხვევაა, როცა ბრიტანელი ჟურნალისტის კითხავას უპასუხოდ ვერ დატოვებდა? უცნაური ისაა, რომ შიდა პოლიტიკაზე პრეზიდენტის აზრს ბრიტანული პრესიდან ვიგებთ . . . 

- არ ვიცი, ეს რას შეიძლება უკავშირდებოდეს. თქვენ რომ გეთქვათ, ქართველმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს და მან კითხვა უპასუხოდ დატოვა, სხვა სურათი იქნებოდა. არ ვიცი, როგორ რეალიზდება პრეზიდენტის პრესასთან ურთიერთობის ორგანიზება, ამიტომ ვერ გეტყვით, რატომ ვერ შეძლეს ქართველმა ჟურნალისტებმა პრეზიდენტისათვის ამ კითხვის დასმა. 

- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილზე პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლები ივანიშვილზე საუბრისას ისეთივე მოზომილნი იქნებიან, როგორც პრეზიდენტი, თუ მმართველ გუნდში როლები ისეა განაწილებული, ზოგმა უნდა იღრინოს, ზოგმა იფურთხოს და ზოგმა ევროპული ყაიდის პოლიტიკოსის როლი შეასრულოს? და კიდევ, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილზე პრეზიდენტის ცივილიზიბული პასუხი მხოლოდ დასავლეთის გასაგონად იყო გაკეთებული და არა - შიდამოხმარებისთვის? 

- რაც პრეზიდენტმა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენასთან დაკავშირებით თქვა, აბსოლუტურად მისაღები და ნორმალურია. ყველას აქვს პოლიტიკური აქტიურობის უფლება. ივანიშვილზე სახელისუფლო გუნდის წარმომადგენლებიდან მე არ მომისმენია არც ერთი კომენტარი, რომლშიც ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილს არა აქვს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება. მოვისმინე დეპუტატთა მხრიდან გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები, მაგრამ ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. არავის არ უთქვამს, რომ ივანიშვილს პოლიტიკური აქტიურობის უფლება არ ჰქონდა. 

- დეპუტატი აკაკი მინაშვილი მიესალმა ივანიშვილზე სააკაშვილის განცხადებას და იქვე დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ყველა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა "შეთანხმდებოდა ქვეყანაში დემოკრატიის აუცილებლობასა და საქართველოს ევროპულ არჩევანზე." ამ განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ბატონ მინაშვილს ივანიშვილის პროდასავლურობაში გარკვეულწილად ეჭვი ეპარება. თქვენც იზიარებთ ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ის "კრემლის პროექტია"?

- ეჭვის არც საფუძველი მაქვს და არც უსაფუძვლობა. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს თავისი პოლიტიკური სახე არ გამოუკვეთია. ჯერ მან მხოლოდ პოლიტიკურ ასპარეზზე თავისი გააქტიურება დაგვანახა. იგი პოლიტიკაში შემოვიდა, როგორც გარკვეული პოლიტიკური პროცესის დამფინანსებელი. მან პოლიტიკური სპექტრიდან გამოკვეთა პარტნიორები "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" სახით და განაცხადა, რომ მსოფმხედველობის თვალსაზრისით ამ პოლიტიკური ჯგუფებისაგან განსხვავებულ ძალებთანაც ითანამშრომლებს. 
პირადად ჩემთვის პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, ივანიშვილი თავად არის პოლიტიკოსი, თუ იგი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს პოლიტიკურ საქმიანობაში მხოლოდ ხელს უწყობს. პირადად მე, ივანიშვილს, როგორც პოლიტიკურ სუბიექტს, ჯერ ვერ ვხედავ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ჯერ არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვისაუბროთ პოლიტიკოს ივანიშვილის პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. არც ერთი ის ინტერვიუ, რომლის წაკითხვის ანაც ნახვის საშუალება ჩვენ გვქონდა, არ იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას თემაზე - ივანიშვილი მკაფიოდ გამოკვეთილი პროდასავლური ანაც მკაფიოდ გამოკვეთილი პრორუსული პოლიტიკოსია. ჩვენ არც ის ვიცით, ივანიშვილი მემარჯვენე თუ მემარცხენე შეხედულებებს იზიარებს. ჯერჯერობით ჩვენ მასზე ის ვიცით, რომ მზად არის, ითანამშრომლოს საკმაოდ ბევრ და ერთმანეთისგან განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი თითქმის ორი თვეა, ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდა, სამწუხაროდ, მისი პოლიტიკური სახე ჯერჯერობით ვერ დავინახე. 

- სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები? 

- ივანიშვილის ფინანსურმა სახსრებმა ახალი დინამიკა შესძინა პოლიტიკურ პროცესს. ფინანსური პერსპექტივის მოლოდინში პოლიტიკური ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ ჯერ ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლივად საზოგადოებისათვის პოლიტიკური თეორიის და თუნდაც პრაქტიკული თვალსაზრისით ახალი არაფერი შეუთავაზებიათ. თუ რა მოხდება, ამას დრო გვიჩვენებს. 

ჯერ მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში არსებული პოლიტიკური სპექტრი მნიშვნელოვნად გააქტიურდა, მაგრამ მათ თავისი და ახალი ჯერ არც პოლიტიკური პრიორიტეტები და პოლიტიკური გეგმები არ გამოუკვეთიათ. "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატები", ბურჯანაძის ჯგუფი, "ლეობორისტები", გუბაზ სანიკიძის "ფორუმი" როგორც იყვნენ, ისევ არიან, საგრძნობლად კი გააქტიურდნენ, მაგრამ პოლიტიკური პროგრამის სახით რაიმე ახალი ჩვენ მათგან არ მოგვისმენია. პოლიტიკურ ძალთა გადაჯგუფება ხდება, მაგრამ გაუგებარია, რა სახეს მიიღებს. პოლიტიკური თეორიის თვალსაზრისით სიახლე ჩვენ არც ივანიშვილისაგან მოგვისმენია. ჯერ არ არის გამოკვეთილი, ვინ ამბობს და რას ამბობს. ანუ, გამოკვეთილი არაა პოლიტიკური სუბიექტი და განსაზღრული არაა ის, თუ რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი. ისინი აცხადებენ, რომ ემზადებიან მოძრაობის დასაფუძნებლად და ახალი კონფიგურაციით საზოგადოების წინაშე წარსადგომად. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მოვლენათა განვითარებას დაველოდოთ.