ოფიციალური ბაქო დავით - გარეჯის ალბანური წარმომავლობის დასადგენად მასალებს აგროვებს

ოფიციალური ბაქო დავით - გარეჯის ალბანური წარმომავლობის დასადგენად მასალებს აგროვებს


„საქართველო - აზერბაიჯანის საზღვარზე უძველესი ალბანური კულტურული ნიმუშების კუთვნილება უნდა დადასტურდეს და ამას შესაბამისი სტრუქტურები ადგენენ“, - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ - პოლიტიკური განყოფილების უფროსი ალი ჰასანოვი. 

მისივე ცნობით, ოფიციალური ბაქო დავით-გარეჯის ალბანური წარმომავლობის დადგენასთან „დაკავშირებულ საკითხზე კულტურისა და ტურიზმის სამინისტროები მუშაობენ. ამ თემას მსგავსი რაკურსით ქართველ მეცნიერებთან და ისტორიკოსებთან ვიკვლევთ და გვჯერა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება“.

ოფიციალური თბილისი აზერბაიჯანთან ეთობლივ სამეცნიერო და სამთავრობო დიალოგის წარმოებას უარყოფს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებით, გარეჯის მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ამა თუ იმ ძეგლთა კულტურული მეკვიდრეობის დადგენა მათ კომპეტენციაში არ შედის. „მუშაობა დაწყებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ ჩართულები არ ვართ, რადგან აქ საუბარი კულტურულ ძეგლზე მიმდინარეობს. ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგებთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებზე ვსაუბრობთ. უფრო კომპეტენტური ვაჩეიშვილის უწყებაა. ისინი არიან ჩართულნი ძეგლის დაცვაზე, მით უმეტეს, თუკი ისტორიკოსები და ეთნოგრაფები არიან ჩართულნი, ინფორმაცია მათ ექნებათ“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ „აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები და ზოგადად, თანამშრომლობა, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე გარეჯის თემა დღის წესრიგში არ დგას“.

აღმოჩნდა, რომ არც ქართველი ეთნოგრაფები და ისტორიკოსები აწარმოებენ რაიმე პოლემიკას აზერბაიჯანელ კოლეგებთან.

ოფიციალური ბაქო კი დავით-გარეჯის ალბანური წარმომავლობის დასადგენად ძალებს არ იშურებს და როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ალი ჰასანოვი საინფორმაციო სააგენტო „აპა“-სთან ამბობს, „საზღვარზე არსებულ ალბანურ ძეგლების კვლევა საბჭოთა დროს სუსტი იყო, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ამ ძეგლების დაცვაც არ იყო მძლავი და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ცდილობდა ამ ალბანურ ძეგლებს დაპატრონებოდა. ალბანურ ძეგლებთან დაკავშირებით არსებობდა პოლიტიკა, რომ ამ ძეგლების რაღაც ნაწილი მართლმადიდებელ და სხვა რელიგიების კულტურულ ძეგლებთან გაეერთიანებინათ. რაღაც თვალსაზრისით და რიგ ადგილებში ეს შეძლეს კიდეც“.

ჰასანოვის თქმით, დღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო იცავს და ინახავს ნაციონალურ კულტურას, ტრადიციას, ისტორიას და ასევე იცავს აზერბაიჯანში განლაგებულ კავკასიის ალბანეთის კულტურულ ძეგლებს. თანაც, იკვლევს, სწავლობს, აახლებს და პროპაგანდირებას უწევს მას. „მსგავსი რაკურსით ქართველ მეცნიერებთან და ისტორიკოსებთან ჩვენ ამ საკითხს ვიკვლევთ და გვჯერა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება“, - განმარტავს აზერბაიჯანის ოფიციალური პირი.

დავით-გარეჯის თემაზე მომუშავე ისტრიკოსები და ეთნოგრაფები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი კოლეგები, როგორც წესი მხოლოდ ზედაპირული განცხადებებით შემოიფარგლებიან - დავით გარეჯის ტერიტორია კავკასიელი ალბანური ტომებით იყო დასახლებული და ე.ი. ძეგლიც ალბუნურია, ქართული წარმომავლობის დასადასტურებლად კი ქართულ მხარეს საკმაოდ დიდი და დასაბუთებული არგუმენტები აქვს.

ისტორიკოსი დავით მუსხელიშვილი ამბობს, რომ შარშან მას რადიოხიდი ჰქონდა აზერბაიჯანელ ისტორიკოსებთან, სადაც დავით-გარეჯის წარმომავლობაზე ჰქონდათ დებატები.

დავით მუსხელიშვილი: „აზერბაიჯანლები იჩემებენ, რომ ეს ძეგლი ალბანურია. პოლიტიკური ნომენკლატურის წარმომადგენლები მეპაექრებოდნენ. იმაზე დიდი სისულელე, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ალბანურად მიიჩნიო, არც მსმენია. მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ გარდა იმისა, რომ გარეჯის უდაბნოს ნაწილი დღევანდელ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ისინი კი თავს კავკასიური ალბანეთის მემკვიდრეებად მიიჩნევენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს ძეგლები მართლმადიდებლურია, მაგრამ როგორც ტურიზმისათვის ხელსაყრელი თემა, ეშინიათ საქართველომ არ წაიღოს. ამიტომაც აცხადებენ ასე. თანაც, ალბანელები კავკასიურ წარმომავლობის ხალხი იყო და მათ დღევანდელ აზებაიჯანლებთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. ჩვენ ისტორიული და ეთნოგრაფიული მტკიცებულებები გვაქვს. არსებობს VI საუკუნეში მოღვაწე ბერი დავით გარეჯელის ცხოვრება. ის საქართველოში ქრისტიანობის გასავრცელებლად მოვიდა, ააშენა სამლოცველო, შემდგომ დიდ სამონასტრო კომპლექსი. მონასტრის არქიტექტურა ქართულია და რა კავშირი უნდა ჰქონდეს ამას ან აზერბაიჯანთან ან ალბანეთთან?! სრული აბსურდია“.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე თემურ ჯოხუა აცხადებს, რომ ეთნიკური, საეკლესიო და პოლიტიკური გეორგაფიული თვალსაზრისით, დღევანდელი გარეჯის მთელი ტერიტორია ქართული იყო და ვერც კი წარმოუდგენია, აზერბაიჯანელმა მეცნიერმა დაიწყოს იმის მტკიცება, რომ დავით-გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლია.

თემურ ჯოჯუა: „ჩვენი არგუმენტები შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს. ის, რომ დავით-გარეჯის ტერიტორია და იქ დაარსებული სამონასტრო კომპლექსი დაარსებისთანავე ქართული იყო, ამას პირველ რიგში X საუკუნიდან მოღწეული დავით გარეჯის ცხოვრების კიმენური რედაქცია ადასტურებს. ამ ცნობების მიხედვით, გარეჯის მრავალმთაში კახელმა მონადირეებმა მამა დავითის ერთ-ერთი სასწაული ნახეს და რის შემდეგ მისი პირველი მოწაფეებიც გახდნენ. გარდა ამისა, ტექსტში არის ნათქვამი, რომ არა მარტო კახელები, ქართლის სხვა, უფრო შორეული კუთხის მოსახლეებიც მოვიდნენ მამა დავითის სასწაულების სანახავად და დაემოწაფნენო. ანუ, არანაირი ალბანეთი და ალბანელები იქ ნახსენები არ არის. ცნობების მიხედვით, მამა დავითს წარმართი რუსთაველი დიდებული გაუქრისტიანებია, რომელმაც შემდგომ დავითის ლავრაში ყველაზე ძველი ეკლესიაც გამოუკვეთავს. გარდა ამისა, X საუკუნის სინურ ხელნაწერში აღწერილია ივანე ნათლისმცემლის მონასტრის წიგნები და საეკლესიო ნივთების ნუსხა, თუ რომელმა მეფემ და მთავარმა რა ნივთი შესწირა გარეჯის მონასტერს. იქ ნათქვამია, რომ VI საუკუნეში მონასტერს გარკვეულ ნივთებს ქართლის ერისთავი გვარამი სწირავს. გარდა ამისა, VI საუკუნეში დათარიღებული ძალიან კარგი ეპიგრაფიკული ძეგლი, ქვაზე ამოკვეთილი ქართული წარწერა, რომ ეს ქვაჯვარი აღუმართავს ვინმე მარვოვოსს თავისი და თავისი ოჯახის სულის მოსახსენიებლად. ასე შემიძლია VI საუკუნიდან დავიწყო და XIX საუკუნემდე ჩამოვიდე და საქართველოსთან დამაკავშირებელ არგუმენტთა რაოდენობა შეიძლება რამდენიმე ასეული იყოს, აზერბაიჯანულ მხარეს კი ამის საპირწონე ერთი არგუმენტიც არ გააჩნია“.

ჯოჯუას თქმით, აზერბაიჯანელთა არგუმენტი არის მხოლოდ ის, რომ ეს ტერიტორია ალბანურია და ე.ი. ძეგლიც ალბანური უნდა იყოს. „ყველაზე ცუდი ტყუილი ნახევრად მართალი ტყუილია. ერთ რამეში მართლები არიან - კახეთის აღმოსავლეთ პროვინციები, განსკუთრებით მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირი ვახტანგ გორგასლის დრომდე ალბანური წარმომავლობის ტომებით არის დასახლებული. V საუკუნის მეორე ნახევრიდან მათ ქართველი მეფეები იპყრობენ და ქართლის სამეფოს საზღვრების გავრცელება ხდება; ადგილობრივი მოსახლეობას, რომლებსაც ჩვენ ისტორიულად ჰერებს ვუწოდებთ, გააქართველებს, მაგრამ ამას დავით-გარეჯთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის ჰერული მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება. არანაირი ცნობა არ არსებობს, რომელიც მიგვითითებს, რომ გარეჯის ტერიტორია რაიმე სახით ისტორიულ ჰერეთთან დაკავშირებული იყოს. ამის საპირისპიროდ კი არსებობს პირდაპირი წერილობითი მითითება, საიდანაც ვიგებთ, რომ ამ ტერიტორიას სანადიროდ რუსთავისა და კახეთის მოსახლეები იყენებენ“, - ამბობს ჯოჯუა.

მისი აზრით, ეს არა სამეცნიერო, არამედ პოლიტიკური საკითხია. აზერბაიჯანს ტერიტორიები დაკარგული აქვს და ამიტომ ეს თემა მათთვის მტკივნეულია. ამიტომაც, აზერბაიჯანულ მხარეს თავისი პოზიციის დასაცავად საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია სჭირდება და დავით-გარეჯის ალბანური კულტურის ძეგლად წარმოჩენას პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად ახორციელებენ.