"არ გამოვრიცხავ, კოკოითიმ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს დააჯახოს"


"დაახლოებით 3000 კაცია ცხინვალის ცენტრში შეკრებილი, შეიძლება ცოტა ნაკლები. "მოსამზადებელი ეტაპი" იმისთვის, რომ სახალხო დაპირიპირება დაიწყოს, ნაწილობრივ გავლილია, რადგან სროლებიც იყო უკვე, ოღონდ ჯერჯერობით ჰაერში, დემონსტრანტები არიან ნაცემი, ბრძანება აქვს მიღებული ომონს, რომ თუკი ხალხი მთავრობის სახლში შეჭრას დააპირებს, ცეცხლი გაუხსნან. სხვადასხვა ინფორმაციით, რომელიც ჯერ არ არის დაზუსტებული, "ვლადიკავკაზის" ომონიც არის ჩამოყვანილი, იმიტომ რომ თავისიანებს კოკოითი მაინცდამაინც არ ენდობა..." - აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არ გამოვრიცხავ, კოკოითიმ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს დააჯახოს". 

"როგორც მეუბნებიან, სიტუაცია ძალიან დაძაბულია. ისეთი ვითარება აქვს კოკოითს შექმნილი, მეშინია, შეიარაღებული შეტაკების პროვოცირება მართლა არ მოახდინოს და არ ვვარაუდობ მხოლოდ სამოქალაქო დაპირისპირებას - არ არის გამორიცხული, დაპირისპირება ჩვენს ტერიტორიაზე მართლაც გადმოვიდეს. ადრეც გითხარით და ახლაც ვიმეორებ, კოკოითი ყველაფერს გააკეთებს, რომ მიაღწიოს სამი ტიპის გარანტიას: ერთი არის ქონებრივი, მეორე - რომ რაღაც სახით დარჩეს ხელისუფლებაში და მესამეა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვა, რადგან ჯიოევას უკან მდგომი თედეევი კოკოითის მოსისხლე მტერია, რადგან ძმა მოუკლა. აქედან გამომდინარე, კოკოითის ყველაფერი კარგად აქვს გათვითცნობიერებული და ყველაფერზე წამსვლელია. არჩევნები საბოლოოდ ჩაიშლება თუ არა, ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ ის მაინც მოახერხა, რომ ვადა 25 მარტამდე გაიხანგრძლივა. ახლა შეეცდება გარანტიებზე აწარმოოს მოლაპარაკება, მაგრამ თუკი ვერაფერს მიაღწია, არც იმას გამოვრიცხავ, რომ კოკოითიმ რუსეთი და საქართველო ერთმანეთს დააჯახოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"რუსის ჯარზე გაცემულია ბრძანება, რომ ცხინვალში თუ შეტაკება დაიწყო, შუაში ჩადგნენ, მაგრამ ისინი არ არიან გაწვრთნილი მიტინგებისა და სამოქალაქო არეულობის გასანეიტრალებლად. ანუ, როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის. ერთი რამ კიდევ აუცილებლადაა გასათვალისწინებელი - ცხინვალში არის ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება რუსების მიმართ და ეს აშინებთ მოსკოვში, არ ელოდნენ ასეთ აგრესიას. ასე რომ, მათი ჩარევა რაში გადაიზრდება, ვერ განსაზღვრავ, ამიტომ ვშიშობ. ქალაქში, სადაც ყველა შეიარაღებულია, შეტაკება თუ დაიწყო, რა თქმა უნდა, რუსული ჯარი ბრძანების მიხედვით იმოქმედებს და ჩაერევა. ამის შემდეგ კოკოითის შეუძლია გააკეთოს ისე, რომ საბრძოლო მოქმედებები გადმოიტანოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და რა თქმა უნდა, სულ აირევა სიტუაცია" - დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვას - "ახალგორელებზე რა იცით, ვინც ჯიოევას მისცა ხმა, შეშინებული არიან, კოკოითისგან რეპრესიებს ელოდებიანო?" - პასუხობს:

"რეპრესიებამდე არ მგონია საქმე მივიდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში საინტერესოა, რომ ახალგორელმა ქართველებმა ჯერ კოკოითის კანდიდატს მისცეს ხმა, ცხინვალის ვიცე-მერს, მერე ჯიოევას. საინტერესოა ისიც, რომ საარჩევნო კომისიები იმ ადამიანების იყო დაკომპლექტებული - ქართველებითა და ოსებით, ვინც დიმიტრი სანაკოევის არჩევნები გამართა. რაც შეეხება შიშს, ამას შეიძლება აქვს საფუძველი, მაგრამ ცხინვალში სიტუაცია ისეთია, არ მგონია, ახლა ვინმეს სცხელოდეს ახალგორისთვის... ჩვენ ახლა კი ვსაუბრობთ, მაგრამ კაცმა არ იცის, უახლოეს დროში რა მოხდება".