1-ლი დეკემბრიდან ფიქსირებული ქსელის სააბონენტო ნომრის პორტირება დაიწყო. ფიქსირებული ქსელის აბონენტებს ამიერიდან სატელეფონო მომსახურების ოპერატორის შეცვლა ნომრის უცვლელად შეუძლიათ. კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი გაამძაფრებს კონკურენციას და მალე მომსახურეობა მინიმუმ 15%-ით გაიაფდება.
პორტირებისთვის მომხმარებელი იმ ოპერატორის სერვის-ცენტრში უნდა მივიდეს, რომლის მომსახურებით სარგებლობაც სურს და შესაბამისი განაცხადი შეავსოს. მარეგულირებლის კომისიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე პორტირების განხორცილებას 2 კვირა დასჭირდება, თუმცა ამ პერიოდში სატელეფონო მომსახურება, კომისიის ცნობით, არ შეიზღუდება. მხოლოდ პორტირების დღეს ტელეფონი 2-3 საათით გაითიშება.
“მოგვიანებით, როგორც ეს მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების დროს იყო, უკვე პორტირების მომსახურებას მხოლოდ სამი დღე დასჭირდება. დაწვრილებითი ინფორმაციისთის, აბონენტები სატელეფონო მომსახურების ოპერატორებს უნდა დაუკავშირდნენ”, - აცხადებენ მარეგულირებელში.
რაც შეეხება ბაზარზე ტარიფების შემცირებას, კომისიაში განმარტავენ, რომ პორტირების შედეგად კომპანიებს შორის კონკურენცია გაიზრდება. ეს კი, მომსახურებას მინიმუმ 15%-ით გააიაფებს.
ამ ინფორმაციას “სილქნეტის” წარმომადგენლები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე პორტირება ბაზარზე ტარიფების შემცირებას ვერ გამოიწვევს. კომპანიაში განმარტავენ, რომ “სილქნეტი” ამ დროისთვის მომხმარებელს კონკურენტულ ფასებს სთავაზობს, რის გამოც, მომსახურების გაიაფება, ჯერჯერობით, მოსალოდნელი არ არის.
“მაგთიკომი” კი ფიქსირებული ტელეფონების პორტირების სისტემას ასაჩივრებს. საქმე ისაა, რომ თუმცა, “მაგთი ფიქსს” მხოლოდ იმ აბონენტების პორტირება შეეძლება, რომლებიც უსადენო ფიქსირებულ ქსელს იყენებენ.
“მაგთიკომის” წარმომადგენელი ამ გადაწყვეტილებას კომპანიისთვის წამგებიანად აფასებს და აცხადებს, რომ “მაგთი ფიქსისთვის” არეალის შემცირება ხელოვნურად მოხდა. კომპანიის წარმომადგენლის ირაკლი ლობჟანიძის განმარტებით, პორტირებაზე დებულება 1 წლის წინათ მიიღეს, მასში ჩადებული იყო ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი, ანუ პორტირებაში მონაწილეობა სადენიან და უსადენო ქსელებს თანაბრად შეეძლოთ. თუმცა, მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინათ ნეიტრალიტეტის ცნება დებულებიდან ამოიღეს. შედეგად, “მაგთის” პორტირება 880 ათასი ევრო დაუჯდება და მხოლოდ 60 ათასი აბონენტის პორტირება შეეძლება.
ერთი სიტყვით, ფიქსირებული ოპერატორების პორტირებაც ისევე ხმაურით დაიწყო, როგორც ეს ფიჭური კავშირგაბმულობის სისტემაში მოხდა. მაშინაც და დღესაც კომპანიები პორტირებას დიდი სიხალისით არ შეხვედრიან. სიმართლეა ისიც, რომ მობილურ ოპერატორებთან ერთი ქსელიდან მეორეში გადასვლას დიდი ბუმი არ მოჰყოლია მომხმარებელში. პირველ ეტაპზე შედარებითი აქტიურობის შემდეგ, აბონენტებს მოსწყინდათ ქსელიდან ქსელზე “გადახტომა”. შესაბამისად, ამ ეტაპზე ფიჭური კავშირგაბმულობით მოსარგებლე მომხმარებლების მხოლოდ 3%-მა თუ ისარგებლა პორტირებით.
თუმცა, კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტავს, რომ სააბონენტო ნომრის პორტირების ტექნოლოგიის დანერგვის წარმატება იზომება არა პორტირებული აბონენტების სტატისტიკის სიდიდით, არამედ ოპერატორებს შორის მძაფრი კონკურენციის გაღვივების ხელშეწყობით.
“კონკურენციის გამძაფრება, თავის მხრივ, პირდაპირპროპორციულად აისახება სატელეფონო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორების სატარიფო პოლიტიკაზე”, - აღნიშნავენ მარეგულირებელ კომისიაში.
961
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85