"ახალი თაობის", "რეზონანსისა" და "ალიას" მასალების მიხედვით
"ტელეკომპანია "მაესტროში" განვითარებული მოვლენების გამო ტელეკომპანიისა და რადიო "მაესტროს" მაუწყებლობა დროებით შეჩერდა. მაუწყებლობის ოფისთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, რომლებიც "მაესტროს" თანამშრომლებს ოფიში არ უშვებდნენ. თუმცა, მოგვიანებით შენობაში ყველა თანამშრომელი შეუშვეს. "მაესტროს" თანამშრომლების განცხადებით, თუ ეროსი კიწმარიშვილი თანხმლებ პირებთან ერთად ტელეკომპანიის შენობას არ დატოვებს, მაუწყებლობა ვერ გაგრძელდება", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით სკანდალი "მაესტროში" / მამუკა ღლონტი: "კიწმარიშვილს ჩემი მოხსნის უფლება არ აქვს"
"ეს არის სპეცოპერაცია. 2007 წლის 7 ნოემბრისგან განსხვავებით, როდესაც "იმედში" შეიჭრნენ, ახლა ნიღბების გარეშე მოვიდნენ ადამიანები. ამ სპეცრაზმის ხელმშთვანელი არის ეროსი კიწმარიშვილი. ის მუშაობს ნებისმიერ ჯგუფზე, რომელიც მას ფულს გადაუხდის. ჯერ კიდევ გუშინ უნდოდა ამ სპეცოპერაციის ჩატარება კიწმარიშვილს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი ეთერისთვის ხელი შეეშალა. საქმე გვაქვს უკანონობასთან: ერთი - ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, რაც კანონმდებლობით დასჯადია; მეორე - ტერიტორიის უკანონო დაკავება; მესამე - ის ადამიანები, რომლებიც შიგნით არიან, არიან თავისუფლებააღკვეთილები. ეს არის პოლიტიკური აქტი. ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის, დემოკრატიული სამყაროს გამოხმაურება. სააკაშვილი "მაესტროს" დახურვაზე ოცნებობს. არ არის გამორიცხული, რომ ფინანსურ დარღვევებზე ისაუბრონ, ყადაღა დაადონ. თუ დასავლეთი ამაზე თვალს დახუჭავს, ამორალური იქნება მათი მხრიდან დემოკრატიაზე საუბარი... ეს ფაქტი მიანიშნებს სააკაშვილის აგონიურ მდგომარეობაზე, არც კი იციან, როგორ იმოქმედონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
"ეს რომ გაეკეთებინა სხვა ადამიანს ეროსი კიწმარიშვილის მაგივრად, იმ სხვას დაიჭერდნენ, რადგან საქმე გვაქვს თვითნებობასთან - ის შეიჭრა სხვის საკუთრებაში, ეს არის ქონების ძალის გამოყენებით მიტაცება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება რეაგირებას გააკეთებდა, მის ადგილზე ვინც არ უნდა ყოფილიყო ციხეში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ვინაიდან ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ აკეთებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი მარტო არ მოქმედებს", - აცხადებს დევნილობაში მყოფი ვალერი გელბახიანი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით, "მე ასე ვიტყვი - "მაესტროში" მომხდარი ინციდენტი ეს იყო სასინჯი პროცესი ხელისუფლების მხრიდან, თუ როგორც იმოქმედებს ასეთ შემთხვევაში ბატონი ივანიშვილი..."
"ერთი რამ შემიძლია გითხრათ - როდესაც ადამიანებს მსხვერპლად ქცევა უწევთ, ასეთ შემთხვევაში შენ უნდა შეგეძლოს მათი დაცვა - კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი მივიდა წინა საღამოს "მაესტროს" ეთერში და მეორე დღეს ხდება ამ ტელეკომპანიის წართმევის მცდელობა. თუ შენს გამო ადამიანი ზარალდება და შენ ვერ აჩვენებ, რომ შეგიძლია ამ ადამიანების დაცვა, მაშინ შენი ავტორიტეტი ეცემა. ეჭვის და უნდობლობის ქვეშ დგება. ეს იყო სასინჯი პროცესი ხელისუფლების მხრიდან, თუ როგორ იმოქმედებს ასეთ შემთხვევაში ბატონი ივანიშვილი. ვფიქრობდი, ასეთი შესაძლებლობის კაცს უნდა ჰქონოდა იმის გათვლა, რომ დაექირავებინა საერთაშორისო ფრანგული, ბრიტანული, ამერიკული პიარ-ჯგუფები, რათა ნებისმიერი უკანონობა გაშუქებულიყო საერთაშორისო მედიით და საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მსჯელობის საგანიც გამხდარიყო. ვხედავ, მსგავსი არაფერი ხდება. მეგონა ეს საკითხები გათვლილი ექნებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. რამდენი სოლიდარობაც არ უნდა გამოუცხადოს პირადად ივანიშვილმა ჟურნალისტებს, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო სტატიას "ნიუ იურკ თაიმსში" დაბეჭდავენ ან ევროსაბჭოში დაიწყებენ მსჯელობას ამ საკითხებზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი გელბახიანი.
"მაესტროში დაწყებული არეულობა უკავშირდება თუ არა ტელეკომპანიაში ბიძინა ივანიშვილის მისვლას - ეს კითხვა საზოგადოების წარმომადგენლებს დავუსვით", - წერს გაზეთი "რეზონანსი" ტრადიციულ რუბრიკაში გამოკითხვა.
"ეს მოვლენები ემთხვევა არა მარტო ივანიშვილის სტუმრობას, არამედ იმასაც, როგორი იყო ეს სტუმრობა. მიუხედავად იმისა რომ პრესკონფერენციაც ვიხილეთ და განცხადებებიც, "მაესტროს" ეთერით ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა გამაოგნებელი იყო - ჩვენ მისი უზარმაზარი ერუდიცია დავინახეთ. დავინახეთ თუ როგორ მუშაობს თავის თავზე, როგორი პროგრამა აქვს - ეს ამ ხელისუფლებისთვის ბოლო წვეთი იყო, რომელი მათგანი ილაპარაკებს ასე? წიკლაური თუ ჩვენი პრეზიდენტი. ისინი მიხვდნენ თუ ვისთან აქვთ საქმე. ალბათ, გადავიდნენ ჭკუიდან და ასეთი რამ მოიმოქმედეს. ახლა რამდენიც უნდა ილაპარაკოს ეროსი კიწმარიშვილმა, ცხადია, ეს საქმე შავზე თეთრითაა ნაკერი. ამათი სახე ეკა ხერხეულიძე და ნუგზარ წიკლაურია, მათ აღიზიანებთ, რომ მათ ფონზე გამოდის გაწონასწორებული ადამიანი, რომელსაც სხვადასხვა სფერო აქვს შესწავლილი. ახლა ხელისუფლებისთვის ყველაზე საშიშია ბიძინა ივანიშვილის საუბარი. ცდილობენ, ივანიშვილს მოსახლეობისთვის ხმის მიწვდენის საშუალება მოუსპონ. ამ ხელისუფლებას უნდა ხალხის ქუჩაში გამოყვანა, სურთ რომ დაარბიონ და ივანიშვილს დააბრალონ. ახლა უნდა ვიყოთ ჭკვიანად", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეჟისორი ქეთი დოლიძე.
"არ გამოვრიცხავ, რომ ეს არეულობა ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას უკავშირდებოდეს - საოცარი და საეჭვო დამთხვევაა... ძნელი გასარჩევია, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი, მაგრამ კიწმარიშვილი რომ ამბობს, საქმეში ოთხმილიონნავერი ჩავდეო, არ ეკითხებიან, საიდან ჰქონდა ეს ფული, რამდენი აქვს ბიუჯეტში შეტანილი გადასახადის სახით, ამით რატომ არავინ ინტერესდება. კიწმარიშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი ქმედება შეიძლება ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდეს - ივანიშვილის გამოსვლის მეორე დღეს კიწმარიშვილმა ისეთი ამბები დაატრიალა, გინდა-არგინდა ამგვარი ეჭვი იბადება", - დასძენს მსახიობი იმედა კახიანი.
"იმედის" შემთხვევაში სხვა ვითარება იყო, მაგრამ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ვერანაირად ვერ ჩაითვლება კანონიერ და სამართლიან ქმედებად. "იმედი" სულ სხვა თემაა, "მაესტროსთან" მიმართებაში ეს ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა, თუმცა ჰიპერბოლების გამოყენების უფლება ყველას აქვს. მე ვარაუდები არ მჭირდება - ზუსტად ვიცი, რას უკავშირდება "მაესტროში" განვითარებული მოვლენები, მაგრამ თავს შევიკავებ ამ საკითხზე სხვა კომენტარისგან. ძალიან ღრმად ვარ ჩახედული იმაში, რაც ხდება. თუმცა, ვიმეორებ, არ ვაპირებ უფრო მეტი კომენტარის გაკეთებას და შიდა სამზარეულოს გამოტანას", - აცხადებს სოზარ სუბარი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოზარ სუბარი: "ზუსტად ვიცი, რას უკავშირდება "მაესტროში" განვითარებული მოვლენები" /სუბარი "ქართული პარტიიდან" წამოსვლის მიზეზებზე არ საუბრობს.
812
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85