პოლონეთმა არაორდინარული მოწოდებით მიმართა გერმანიას. ვარშავა ბერლინს სთხოვს ყველაფერი გააკეთოს ევროს მოქმედების ზონის გადასარჩენად და დასძენს, მხოლოდ გერმანიას შეუძლია ამ ამოცანის შესრულება და, მისი ისტორიიდან გამომდინარე, მას „განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“ ეკისრებაო.
28 ნოემბერს, საღამოს, ბერლინში წარმოთქმულ სიტყვაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ გერმანიას უმოქმედობისთვის უსაყვედურა იმ ფონზე, როცა, გავრცელებული შეხედულებით, დიდწილად ევროზონის მომავალი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ხელშია.
„მე ალბათ პოლონეთის ისტორიაში პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ, ვინც ამას იტყვის, მაგრამ მაინც ვამბობ: გერმანიის ძალის იმდენად არ მეშინია, რამდენადაც მეწყება შიში გერმანიის უმოქმედობისა. თქვენ ევროპის შეუცვლელი ქვეყანა გახდით“, - განაცხადა შიკორსკიმ.
ეს სიტყვები, თავისი პირდაპირობით, უპრეცედენტოა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს ან არ უნდა გააკეთოს გერმანიამ, მაგრამ პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამაზე ღიად ალაპარაკდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა გერმანიაში გავრცელებულ შეხედულებას თუ დისკურსს, რომელიც აქებს გერმანიის საბიუჯეტო დისციპლინას, სამხრეთ ქვეყნების უყაირათო ხარჯვითი პრაქტიკის კრიტიკის ფონზე, და ვითარებას ისე წარმოაჩენს, რომ ევროს მოქმედების ზონის დავალიანების გადანაწილებით გერმანელ გადასახადების გადამხდელებს ზედმეტი ტვირთი დააწვებათ.
„გერმანიას ვთხოვთ აღიაროს, რომ ამჟამინდელ ვითარებაში ის ყველაზე დიდ მოგებას ნახულობს და, შესაბამისად, მას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ ეს მოგება მდგრადი გახადოს“, - განაცხადა შიკორსკიმ და დასძინა, იმის გამო, რომ ინვესტორები უფრო სარისკო ქვეყნებს თავს არიდებენ, ბერლინისთვის სესხზე დაწესებული განაკვეთები იმაზე დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ ვითარებაში იქნებოდაო.
ამასთან, შიკორსკიმ იმ ასპექტსაც გაუსვა ხაზი, რომ გერმანია ყოველთვის არ გამოირჩეოდა იმ საბიუჯეტო დისციპლინით, რომლის შესახებაც ახლა სხვა ქვეყნებს აძლევს რჩევებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სადეფიციტო წესები ბერლინსაც დაურღვევია, გერმანიის ბანკებს კი წარსულში თავზეხელაღებული ნაბიჯები აქვთ გადადგმული, სარისკო ობლიგაციების შეძენითო.
განცხადებაში, რომელსაც განსაკუთრებულ ძალას ორ ქვეყანას შორის მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ისტორია მატებს, შიკორსკიმ თქვა, გერმანიას ევროპაში „მშვიდობისა და დემოკრატიის შენარჩუნებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭებაო“.
შიკორსკის გამოსვლის ფონია ევროზონის კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება. გასულ კვირაში გერმანიის დამოუკიდებელ ობლიგაციათა აუქციონზე მიღწეული დაბალი მაჩვენებელი აჩენს შიშს, რომ შესაძლოა დავალიანების პრობლემები ევროკავშირის ამ ძლიერ ქვეყანასაც დაემუქროს.
იტალიის ეკონომიკური პრობლემები მწვავდება
ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ეკონომიკის კრიზისის კონტექსტში სულ უფრო მეტად ექცევა ყურადღების ცენტრში, იტალიაა. სამშაბათს - 29 ნოემბერს - ამ ქვეყნისთვის სესხზე დაწესებულმა განაკვეთმა ევროს მოქმედების ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალ ზღვარს - თითქმის 8 პროცენტს - მიაღწია. ეს უკვე აჭარბებს იმ ნიშნულებს, რომელთა გამოც საბერძნეთს, ირლანდიას და პორტუგალიას საერთაშორისო დახმარების მოთხოვნა მოუწიათ - საბიუჯეტო მომჭირნეობის პოლიტიკის გატარების სანაცვლოდ.
გასული კვირის ბოლოს იტალიის პრესაში გავრცელდა ცნობები, რომ ამ ქვეყნის გადასარჩენად მულტიმილიარდობით ევროსგან შემდგარ პაკეტს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამზადებს. თავად ფონდი ამ ცნობებს უარყოფს, ისევე როგორც ოფიციალური რომი და ვაშინგტონი. თუმცა იტალიის ყოველდღიური გაზეთის, „სტამპას“ ცნობით, საუბარია 600 მილიარდი ევროსგან შემდგარ პაკეტზე, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი იტალიას მკაცრი ხელმომჭირნეობის პოლიტიკისა და სტრუქტურული ცვლილებების გატარების სანაცვლოდ გამოუყოფს.
იტალიის ვალი ამჟამად 1.9 ტრილიონ ევროს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 120 პროცენტს უტოლდება.
საკუთრივ ევროზონის შიგნით შექმნილ დახმარების ფონდს - ევროპის ფინანსური სტაბილურობის სტრუქტურას - 440 მილიარდ ევრომდე თანხა შეუძლია განაგოს, საიდანაც 230 მილიარდი საბერძნეთის გადასარჩენად არის გადადებული.
როგორც ევროკავშირის პოლიტიკაზე სპეციალიზებული საინტერნეტო გამოცემა EU Observer-ი იუწყება, ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, იტალიის ბანკებმა მოქალაქეების პატრიოტულ განცდებზე გააკეთეს გათვლა. ისინი დანაზოგის მქონე თავიანთ კლიენტებს მოუწოდებენ შეავსონ ბაზრის მიერ გაჩენილი სიცარიელე და შეიძინონ სახელმწიფო ობლიგაციები. ინიშნება საგანგებო დღეები, როცა ბანკები ობლიგაციების მყიდველს საკომისიო გადასახადს მოუხსნიან.
მოწოდებას შეუერთდნენ ქვეყნის ყველაზე ცნობილი და ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელები, რომლებიც აცხადებენ, რომ შეიძენენ ობლიგაციებს.
867
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85