დღეს დილით „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი და ტელეკომპანია „მაესტროს“ მმართველი კომპანიის „ფონდი 2020“-ს ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანიის შენობასთან დაცვის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად მივიდა. თუმცა, კიწმარიშვილის სტუმრობა იმდენად უსიამოვნო აღმოჩნდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისთვის, ეზოში შესაღწევად კიწმარიშვილს ღობეზე გადაძვრომა მოუწია. კიწმარიშვილმა „მაესტროში“ სპეციალური ბრძანება მიიტანა, სადაც აღნიშნული იყო, რომ იგი თანამდებობიდან ათავისუფლებდა არხის გენერალურ დირექტორს ილია კიკაბიძეს, მთავარ პროდიუსერის მამუკა ღლონტს, ასევე ლევან ჩიკვაიძესა და დაცვის სამ თანამშრომელს.
„მაესტროს“ ხელმძღვანელობამ კი შენობა შიგნიდან ჩარაზა და კიწმარიშვილს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. „მაესტრომ“ მაუწყებლობა შეწყვიტა.
კიწმარიშვილისგან თავის დასაცავად „მაესტროს“ ხელმძღვანელობამ საპატრულო პოლიციას გამოუძახა, მაგრამ უცნაური იყო, რომ პატრული თავად აღმოჩნდა წინაღობა „მაესტროს“ ჟურნალისტებისთვის, რომელსაც შენობაში არ უშვებდა.
მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადებაც გაავრცელა: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შემოსულ იქნა შეტყობინება ტელეკომპანია „მაესტროდან“, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდა საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი დანაყოფი. საპატრულო პოლიციის ადგილზე ყოფნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, რომ მხარეებს შორის არ მოხდეს კონფლიქტი, ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტუაციის დაძაბვა“.
ამ დროისთვის, „მაესტროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე თავი მოეყარა ჟურნალისტებს, უფლებადამცველებს და პოლიტიკოსებს. მოგვიანებით, ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა და თანამშრომელთა ნაწილმა შენობაში შეღწევა მოახერხეს და რამდენიმე საათის შემდეგ ეთერი „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა გახსნა. ღლონტმა მედიას „მაესტროს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა:
„მედიის წარმომადგენლებს ვთხოვ, მობრძანდნენ ჩვენთან, დაგვიჭირონ მხარი. თუ მოგვეცემა საშუალება, დავიწყებთ უწყვეტ ეთერს. ამასთან, ვთხოვ საზოგადოებას, ნუ აჰყვება პანიკას, ჩვენ არ გვჭირდება გამოსვლები, არავითარი ძალადობრივი მოქმედებები, ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვისი სურვილიცაა „მაესტროს“ ფუნქციონირების შეწყვიტა. ტელევიზიის ჟურნალისტების თითქმის მთელი კოლექტივი გმობს ეროსი კიწმარიშვილის საქციელს და ემირჩილება „მაესტროს“ დამფუძნებლებს“.
განცხადებები გააკეთეს „მაესტროს“ თანამშრომლებმაც: „თუ ეროსი კიწმარიშვილი თანმხლებ პირებთან ერთად ტელეკომპანიის შენობას არ დატოვებს, მაუწყებლობა ვერ გაგრძელდება“.
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის მიუღებელია ნებისმიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან, როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული ტელეკომპანიის თანამშრომლები კატეგორიულად არ ეთანხმებიან იმ ფორმას, რომელიც ეროსი კიწარიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ მიმართ გამოიყენა. „მაესტროს“ თანამშრომლების თქმით, „დღემდე ამაყობდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობით და აქვთ სურვილი, რომ მომავალშიც დამოუკიდებლად იმუშაონ და სარედაქციო საკითხებში არ ერეოდნენ პირები, რომლებსაც რაიმე ფორმით მათ მუშაობაში ხელის შეშლა შეეძლებათ“.
ამის მიუხედავად, კიწმარიშვილს „მაესტროს“ შენობა არ დაუტოვებია და ჟურნალისტებთან განცხადებები თავადაც უხვად გააკეთა:
„ტელეკომპანია „მაესტროს“ 2012 წლის 30 ნოემბრის შემდეგ დავტოვებ“ - ეს იყო მთავარი გზავნილი, რაც კიწმარიშვილმა გაკეთა, თუმცა, თქვა ისიც, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა.
„ამ დროისთვის ტელეკომპანიის შენობაში უკანონოდ არის შეჭრილი მამუკა ღლონტი, რომელიც უკანონო ქმედებებს ახორციელებს,“ - თქვა კიწმარიშვილმა, და ყველა იმ ჟურნალისტს მოუწოდა შენობის დატოვებისკენ, რომელსაც მასთან თანამშრომლობა არ სურდა.
აქვე კიწმარიშვილმა მასსა და ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებს შორის დაპირისპირების ერთადერთ მიზეზად ფული დაასახელა.
„მე არ შემიძლია, დავასახელო, ეს არის ივანიშვილის თუ გოგელიას ფული, მაგრამ ჩემს რესურსებთან შედარებით, მათი ფინანსური შესაძლებლობები სერიოზული ცდუნებაა. თუმცა დამფუძნებლებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს და განახორციელეს ის საქმიანობები, რაც მმართველი კომპანიის პრეროგატივაა.
რა მიზნებს მოხმარდა ჩემს მიერ მოზიდული 4,5 მილიონიდან 1 მილიონი- სწორედ ამაზე ვითხოვ პასუხს. რაც შეეხება დამფუძნებლების მიერ ჩემს კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტას, ეს არ მოხდება მანამ, სანამ ორივე მხარე შეთანხმებას არ მიაღწევს. მე ჩემი ხელშეკრულების საფუძველზე ტელეკომპანიას 2012 წლის 1 დეკემბერს დავტოვებ.
შენობაში უკანონოდ შეჭრილმა ღლონტმა ტერიტორია უნდა დატოვოს, ხოლო ჟურნალიტებს პირობას ვაძლევ, რომ ამის შემდეგ ფინანსურად უზრუნველყოფილ და თავისუფალ გარემოში იმუშავებენ, ისევე, როგორც აქამდე ხდებოდა. ვერცერთი ჟურნალისტი, თუ მას სინდისი აქვს, ვერ დაადასტურებს, რომ მე მათ პროფესიულ საქმიანობაში ვერეოდი.
მე ივანიშვილთან, როგორც ტელევიზიისთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო რესპონდენტთან პრობლემა არ მქონია. რეიტინგები მაჩვენებდა, რომ როდესაც ივანიშვილი ეთერში იყო, ყურებადობა ყოველთვის მაღალი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მეორე პრობლემა წარმოიშვა: ტელევიზიამ ობიექტურობის ნიშა არ უნდა დაკარგოს. თუ ის რაღაც დოზით აჩვენებს ივანიშვილს, იგივე დოზით ეთერი შალვასაც უნდა დაუთმოს“, - განაცხადა კიწმარიშვილმა და ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ ექმნებათ „მაესტროს“ თანამშრომლებს შენობაში შესვლისა და მუშაობის პრობლემა, განმარტა, რომ „ამ დროისთვის ტელევიზიაში უკანონო შეჭრა განხორციელდა და შესაბამისად, მაუწყებლობაც უკანონოდ ხორციელდება“.
შენობის გარეთ კი პოლიტიკოსები და უფლებადამცველები აძლევდნენ მომხდარ ფაქტს შეფასებას.
არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელის ნანა კაკაბაძის თქმით, „რაც დღეს „მაესტროსთან“ ხდება, ხელისუფლების პირდაპირი სურვილია. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ტელეკომპანიის ეთერში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. რა მნიშვნელობა აქვს, ვისი ხელით ხდება აღნიშნული?! მთავარია, რომ ეს არის ხელისუფლების პირაპირი სურვილია, ტელეომპანია „მაესტრო“ დაიხუროს. „იმედის“ სცენარი ახლა ვერ გაჭრიდა, რადგან მაშინ ამას დასავლეთის მკვეთრი რეაქცია მოჰყვა, ახლა კი გამოყენებულ იქნა ეროსი კიწმარიშვილი“.
ჟურნალისტ ელისო ჩაფიძის განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტრომ“ შესაძლოა, მაუწყებლობა შეწყვიტოს.
„ჟურნალისტები ძალიან ერთსულოვნები არიან და არ თანხმდებიან კიწმარიშვილის წინადადებას, რომ ღლონტმა ტერიტორია დატოვოს, ჟურნალიტებმა კი მუშაობა განაგრძონ. ჟურნალისტები კიწმარიშვილისგან, როგორც პოლიტიკოსისგან სარედაქციო საქმიანობაში ჩაურევლობას და ტერიტორიის დატოვებას მოითხოვენ. ამასთან, რამდენადაც მე ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტონ. თავის მხრივ, კიწმარიშვილი გეგმავს, შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს. ასე, რომ არსებობს საფრთხე, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტოს“.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „მაესტროსთან“ დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია არის გაგრძელება იმ უბედურების, რაც ხდება მედიასთან დაკავშირებით საქართველოში
„ერთი კითხვა მაქვს - თუ ვინ აფინანსებს ეროსი კიწმარიშვილის ამ ქმედებებს, მხოლოდ ეს კითხვა მაქვს, რადგან დანარჩენი ყველაფერი ნათელია. გაირკვევა ისიც მალე თუ ვინ აფინანსებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, განსაკუთრებით კი ხელისუფლება მოვიდეს აზრზე, რადგან პოლარიზება მედიის, ძალიან ცუდად დამთავრდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ეროვნული ფორუმის ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომაპნია „მაესტროსთან“ შემქნილ სიტუაციას „იმედის“ ბედის სუნი აქვს.
„არ ვიცი ზუსტად თუ რაშია საქმე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდია“, - განაცხადა სანიკიძემ.
„მაესტროს“ ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ბუნებრივად გააჩინა ეჭვები, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ხელი ურევია, რაც თუ მართალია სააკაშვილს ძვირად დაუჯდება. ამიტომ, ხელისუფლებამ ეჭვების გაფანტვა სცადა და კომუნიკაციების კომისიამც არ დააყოვნა - „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებზე სპეციალური განცხადება გააშანშალა:
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თვალყურს ადევნებს ტელეკომპანია „მაესტროში“ დილიდან მიმდინარე მოვლენებს და როგორც დამფუძნებლებს, ისე მმართველ კომპანიას მოუწოდებს, მხოლოდ სამართლებრივი გზით გადაწყვიტონ მათ შორის არსებული დავა და დაპირისპირება. ასევე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის თავისუფალ გარემოში საკუთარი პროფესიული საქმიანობის შესრულება. ჩვენი აზრით, ნებისმიერ დაპირისპირებაზე, თუ ფინანსური სახის საკითხებზე მაღლა უნდა იდგეს მედიის დამოუკიდებლობა“.
ვნახოთ, რამდენადაა დაინტერესებული ხელისუფლება მედიის დამოუკიდებლობისთვის. Presage.tv-ს ჟურნალისტები აჟამადა მუშაობენ სტატიებზე, რომელსაც რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ.
944
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85