"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"არ ვიცი, როდემდე უნდა ვუსმინოთ სააკაშვილის ხელისუფლების სრულიად არაკომპეტენტურ განცხადებებს. დიახ, ეს არჩევნები არ არის კანონიერი, არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალს, მაგრამ იქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, წესით, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მაინც რამდენი ასეთი არჩევნები უნდა ჩატარდეს და ჩვენმა ხელისუფლებამ როდემდე უნდა ამტკიცოს, რომ ეს არაფერს ნიშნავს და რომ იქ ყველაფერს რუსეთი აკონტროლებს? არადა, ხომ ცხადად გამოჩნდა, რომ ამჯერად ოსებმა, მანამდე კი აფხაზებმაც უარი უთხრეს კრემლის კანდიდატს. იქ დიდწილად ბევრ რამეს ნამდვილად აკონტროლებს რუსეთი, მაგრამ არის საკითხები, რომელთა კონტროლის უფლებას მას არც აფხაზები აძლევდნენ აქამდე და, როგორც ამ არჩევნებზე გამოჩნდა, არც ოსებმა მისცეს", - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილი სულ უფრო აგრესიული ხდება და უფრო მეტ შეცდომას უშვებს" / "ამჯერად ოსებმა, მანამდე კი აფხაზებმა, უარი უთხრეს კრემლის კანდიდატს"
"ჯიოევამ, რომლის უკანაც დგას კოკოითის დაუძინებელი მტერი ჯამბულატ თედეევი, მეორე ტურში გასვლა და მეტიც - გამარჯვება მოახერხა. იქ ვითარება ძალიან დაძაბულია. ჯიოევა არ ყოფილა კრემლის კანდიდატი, მეტიც - კრემლმა რამდენჯერმე აშკარად დაუჭირა მხარი ბიბილოვს. ჯამბულატ თედეევს, რომელიც ჯიოევას ფიგურასაა ამოფარებული, ისეთივე დამოკიდებულება აქვს კოკოითისთან, როგორიც ოქრუაშვილს სააკაშვილთან. თედეევმა, ფაქტობრივად, შექმნა კოკოითი, მაგრამ ეს უკანასკნელი განუდგა მას, ოქრუაშვილსაც დიდი ამაგი ჰქონდა მიშაზე, მაგრამ ვნახეთ, სააკაშვილმა როგორ `გადააგდო~ და მოსისხლე მტრად აქცია. ის, რომ ოსმა მოსახლეობამ არ დაუჭირა მხარი კრემლის კანდიდატს, იმას არ ნიშნავს, რომ ისინი რუსეთს განუდგებიან და საქართველოსკენ შემოტრიალდებიან. უბრალოდ, მათ არ სურდათ კოკოითის ხელისუფლების ფავორიტის გამარჯვება, რადგან უამრავი პრეტენზია აქვთ თვითონ კოკოითისთან და ასევე გარკვეული პროტესტი გაუჩნდათ რუსეთის მიმართაც, რადგან კრემლი სწორედ კოკოითის კანდიდატს უჭერდა მხარს. ძნელი სათქმელია, რა შეიძლება მოხდეს. იქ საკმაოდ ბევრი იარაღია დაგროვებული და შესაძლოა, ეს იარაღი პირდაპირი დანიშნულებითაც კი გამოიყენონ, ანუ დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
"რა სპექტაკლზეა ლაპარაკი, როდესაც რუსეთი გამწარებულია და ცდილობს სისხლისღვრა როგორმე თავიდან აიცილოს?! ხალხი საკუთარი ხმების დაცვას აპირებს და ეს შეიძლება იარაღითაც სცადონ. რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ვინც უნდა მოვიდეს ცხინვალის ხელისუფლებაში, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მასთან დალაპარაკება და ურთიერთობის აღდგენის შანსი ნულის ტოლფასია. ეს თვითონ სააკაშვილმა გადაწყვიტა ასე, რადგან აფხაზებსა და ოსებს კონფლიქტის მხარედ არ აღიარებს, ასეთ მხარედ ის მხოლოდ რუსეთს მიიჩნევს. დიახ, რუსეთი მხარეა, მაგრამ კონფლიქტის მონაწილეები არიან ოსები და აფხაზებიც, ისინი მხარეებად უნდა ვაღიაროთ და ვესაუბროთ, თუ მათთან ურთიერთობის მოწესრიგებაზე ვფიქრობთ", - მიიჩნევს კონფლიქტოლოგი.
"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების საკითხი კი შეეხებოდა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და არა აფხაზებსა და ოსებს. რუსეთმა მიაღწია, რომ მონიტორინგისთვის ძირითადი პუნქტები გაიხსნება საზღვართან რუსეთის მხარეს, საქართველოს ტერიტორიაზე კი - ზუგდიდსა და გორში. მოკლედ, ამ შეთანხმებით მოახერხა და დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ფაქტობრივად, ე.წ. ტრანზიტულ სახელმწიფოებად აქცია. რუსეთმა ცალკე გააფორმა შეთანხმება საქართველოსთან და ცალ-ცალკე აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან. ივანიშვილმა მკაფიო შეტყობინებები გაუგზავნა აფხაზებსა და ოსებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენგან უკვე დიდი ხანია მოითხოვენ, დავიწყოთ ლაპარაკი ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებთან. ივანიშვილმა აფხაზებსა და ოსებს უთხრა, მართალია, საქართველოს ხელისუფლება მოღალატეობას დამწამებს და მიწასთან გამასწორებს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია სიმართლის გარკვევა და თქვენთან ლაპარაკიო", - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - "როგორც ვიცი, თქვენ ინტენსიური ურთიერთობა გაქვთ აფხაზ და ოს კოლეგებთან, რას ფიქრობენ ისინი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე?" - პასუხობს:
"ისინი ყველაზე ხშირად იმას მეკითხებიან, თქვენ, ქართველები რას ფიქრობთო. დიდი ინტერესით აკვირდებიან აქ მიმდინარე პროცესებს და ელიან. ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული".
797
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85