ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისთვის ახალ ხრიკებზე ფიქრობს

ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისთვის ახალ ხრიკებზე ფიქრობს

Presage.tv-ს ინფორმაციით, ხელისუფლებამ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, რომ რაოდენობა უცვლელი დარჩეს, ოღონდ მაჟორიტართა რაოდენობა 83-ით განისაზღვროს, პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა კი – 67-ით.

ოფიციალურად ამის შესახებ ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. თუმცა, უმრავლესობის ლიდერები პირად საუბრებში ამ ვარიანტს არ გამორიცხავენ და ამბობენ, „აბა, რა ვქნათ, ხომ ხედავთ, არასამთავრობოები და ოპოზიცია რა დღეშიო“.

პარლამენტში რამდენიმე კვირაა, ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილება დეპუტატთა რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდის შესახებ, რომელშიც პროპორციული სისტემით 107, ხოლო 83 მაჟოროტარული პრინციპით აირჩევა. აღნიშნული იდეის ავტორად და მომთხოვნად ოპოზიცია სახელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები დეპუტატთა რიცხვის 150-დან 190-მდე გაზრდის სამართლიანობაზე კვლავ ვერ თანხმდებიან. 

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 28 ნოემბერს პარლამენტში გამართულ საჯარო დისკუსიაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება და მათთან შეთანხმებული ოპოზიციური პარტიები 2003 წელს რეფერენდუმისას გამოხატული ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიან. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს ისიც შეახსენეს, რომ თავის დროზე განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისას – დეპუტატთა რაოდენობის შემცირებისას პროექტის განმარტებით ბარათში მითითებული იყო, რომ ინიციატივა რეფერენდუმის საფუძველზე ხორციელდება და ამას ამტკიცებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილიც მისი სიტყვით გამოსვლისას. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრ თათული თოდუას განცხადებით, ის, რომ 2003 წლის რეფერენდუმის შედეგების კანონით დადგენილ ვადებში დამტკიცება და ძალაში შესვლა ვერ მოხდა, არ შეიძლება ხალხის მხრიდან გამოხატული ნების იგნორირების საფუძველი გახდეს და ცალსახად აღნიშნავს, რომ „მაშინდელი გადაწყვეტილების შეცვლა, ისევ ამომრჩევლის ნების საფუძველზე უნდა მოხდეს“.

ასეთივე პოზიცია აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ძალიან დიდ უმრავლესობას.  

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის პოზიციით კი, 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმი კონსტიტუციის ფარგლებს სცილდებოდა, რადგან ის არ ჩატარებულა მთელ ტერიტორიაზე და, ასევე, არ შეიძლება რეფერნდუმის ჩატარება კანონის მისაღებად.

„ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სამართლებრივ შედეგს ვერ წარმოშობს“, – განაცხადა კუბლაშვილმა. 

ამ შეხვედრას ხელისუფლების მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მაგრამ მათ არანაირი განცხადება არ გაუკეთებიათ, რაც ძალიან გასაკვირია, რადგან, როგორც წესი, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ყველგან იმისთვის დაყავს, რომ მათი პოზიცია გაამყარონ ისე, თითქოს პოლიტიკურად ნეიტრალური ირგანიზაციები იზიარებენ მათ გადაწყვეტილებას. 

ამიტომაც, ახლა, მათი ასეთი დუმილი საკმაოდ საეჭვოა. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას ახლა ვიღაცის მხარდაჭერა ძალიან სჭირდება, რადგან აშკარად არამყარი პოზიციები გააჩნიათ.

მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება მართლაც ფიქრობს, რომ პარლამენტართა რაოდენობა უცვლელი დატოვოს. მით უმეტეს, რომ ახლა გაზრდა მათ ინტერესში ორი მიზეზით აღარ უნდა შედიოდეს.

პირველი არის ის, რომ საზოგადოება პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია და ფართო საზოგადოებამ ისიც გაიგო, რომ ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ იღებს.

მეორე და პირველზე გაცილებით მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, პარლამენტართა რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილების შემდეგ, პოლიტიკური რეალობა შეიცვალა და დიდი შანსია, რომ მომავალ პარლამენტში ოპოზიციამ დიდი უმრავლესობა მოიპოვოს.

ამ დროს კი ხელისუფლებას გარკვეული ბერკეტი რჩება მაჟორიტარების სახით, რადგან, როგორც წესი, ხელისუფლებისთვის მაჟორიტარების გაყვანა უფრო ადვილია. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლებამ სწორედ იმის შიშით შეცვალა გადაწყვეტილება, რომ, შესაძლოა, პროპორციულ არჩევნებში სრული უპირატესობის მოპოვება გასჭირვებოდა და მაჟორიტარების რაოდენობა შეთანხმებული 50-დან ერთპიროვნულად 75-მდე გაზარდა.

ამიტომაც, თუკი ხელისუფლება აქცენტს მაჟორიტარების გაყვანაზე გააკეთებს და ამ დროს პარლამენტართა რაოდენობა მაჟორიტარების სასარგებლოდ იქნება გაყოფილი, ცხადია, საერთო ჯამში უპირატესობა ხელისუფლების მხარეზე იქნება.

რადგან, მაჟორიტარების რაოდენობა თუ უცვლელი დარჩება და კიდევ უფრო შემცირდება პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა და ხელისუფლება მაქსიმალური რაოდენობის მაჟორიტარების გაყვანას შეძლებს, ოპოზიცია უფრო ცოტა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

საგულისხმოა ისიც, რომ ხელისუფლება უკვე აქცენტებს მაჟორიტარების მნიშვნელობაზე აკეთებს. გუშინ პავლე კუბლაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა ფრაზა, - „ქვეყანაში პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა უფრო დაბალია, ვიდრე პიროვნულად ადამიანებისადმი“ და ეს უნდა გავითვალისწინოთო.

ამასთან, მაჟორიტარების რაოდენობის გაზრდა, ხმათა წონადობის პრინციპის დაცვით, გამართლდება ისევე, როგორც ეს დღეს არის გაცხადებული. ამას კი ისიც ამყარებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში დეპუტატთა გაზრდილი რაოდენობის დაფინანსება არ არის გათვალისწინებული.

გუშინდელ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ, რატომ წერია პროექტის განმარტებით ბარათში, რომ მისი მიღება ბიუჯეტზე გავლენას არ იქონიებს მაშინ, როცა შეუძლებელია 150 და 190 დეპუტატი თანაბარი თანხით დაფინანსდეს. 

პავლე კუბლაშვილის განცხადებით კი, განმარტებით ბარათში მსგავსი ჩანაწერი იმიტომ არის, რომ ის გავლენას არ იქონიებს მიმდინარე წლის ბიუჯეტზე, რადგან ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 9 დეკემბერს განიხილება და, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილების პარლამენტის დაფინანსებაზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია, სწორედ 9 დეკემბერს იქნება წარმოდგენილი. 

რაც შეეხება აპარატს, იურიდიული საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის მტკიცებით, მომავალი წლისთვის პარლამენტის აპარატის არც შემცირებაზე და არც გაზრდაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს და ცვლილება, სავარაუდოდ, აპარატს შიგნით, ფუნქციურად განხორციელდება. 

მაგრამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2012 წელს პარლამენტი ისევე დაფინანსდება 33, 900.7 ათასი ლარით, როგორც წელს. ასევე, პარლამენტის ასიგნებებში შრომის ანაზღაურებისთვის მომავალ წელსაც და მიმდინარე წელსაც, 16, 648. 5 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ასევე ეს მონაცემი არ არის შეცვლილი არც ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში, რომელიც პარლამენტს საბოლოოდ დამტკიცებისთვის უკვე დაუბრუნდა.

ამიტომაც, ეს ეჭვები, რომ ხელისუფლება, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, პარლამენტართა 150 კაციანი რაოდენობის შენარჩუნებას ფიქრობს, ოღონდ მაჟორიტარების გაზრდის ხარჯზე, საკმაოდ დამაჯერებელი ჩანს.