"კოალიცია უკვე არსებობს. საარჩევნო ბლოკად გაერთიანებას არ ვჩქარობთ - კარი დახურული არაა და შეიძლება ვიღაც-ვიღაცები შემოგვემატონ"


"ივანიშვილის სასახლეში ორი პარტიის კომიტეტის სხდომები დასრულდა, თუმცა "უთქმელობის პოლიტიკა" გრძელდება. სამდღიანი შეხვედრების შემდეგ საბრძოლო პათოსიც სახეზეა და ისიც, რომ პოლიტიკურ განცხადებებს "ექვსიანის" ლოზუნგები ბუნებრივად შეერია - "მილიონი ქართველის ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად", "მილიონი ამომრჩეველი საქართველოში არჩევნების ბედის გადასაყვეტად". ე.წ კარდადაკარისა და საყოველთაო აღწერის დაწყება. რა კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული დაძაბულ "ვიქენდზე". რამდენ ახალ მოძრაობას, მიმართულებასა და სამუშაო ჯგუფს ვიხლავთ 11 დეკემბერს "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე, ვისთვის დატოვეს სამი ძალით დაკომპექტებული კოალიციის კარი ღია, ვის ვიხილავთ სამუშაო ჯგუფის სათავეში და იწვევს თუ არა ივანიშვილი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებს - ამ კითხვებს რესპუმლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პასუხობს", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით ვინ ესწრებოდა სამდღიან სხდომებს მთაწმინდაზე ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის სახელით და მიიწვევენ თუ არა "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სხვა პარტიების ლიდერებს.

"პოლიტიკური კოალიცია უკვე არსებობს. ასევე გარკვეულია ჩვენს შორის კოალიციური ურთიერთობების ფორმები და ძალიან მალე საჯარო გახდება როგორ დაიწყება ჩვენი ერთობლივი მოქმედება - იქნება ეს ხელმოწერების შეგროვება ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე თუ სხვა აქტივობები. ბუნებრივია ისიც, რომ ჯერ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებას არ ვჩქარობთ, რადგან კარი დახურული არაა და შეიძლება ვიღაც-ვიღაცები კიდევ შემოგვემატონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

"ახლა მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების ფორმირება. უფრო სწორად, ამაზე მუშაობა ახლა იწყება. შედგა რაღაც ტიპის შეკრებები, მაგრამ პროცესი სულ ახალი დაწყებულია. დაიდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა. მიღებული იქნება დოკუმენტი, ერთგვარი კონცეფცია და ეს ყველაფერი იქნება საჯარო. ეს დოკუმენტები დაიდება სამუშაო ჯგუფების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. ყველა ჯგუფი ერთი კონკრეტული მიმართულებით იმუშავებს და ექნებათ როგორც შიდა მოხმარების, ისე საჯარო კონცეფციები. ვინ იქნება ამ სამუშაო ჯგუფების ლიდერი - დაკონკრეტება შეუძლებელია, ჯერჯერობით ეს პროცესია და ჩამოყალიბებული არაფერია. მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ეს ჯგუფები საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ვაკონკრეტებ იმასაც, რომ ეს საზოგადოებრივი, კონცეპტუალური მიმართულებების მქონე და არა პოლიტიკური ჯგუფები იქნება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ივანიშვილის გუნდიდან სხვა არავინ ყოფილა - იყვნენ მრჩეველთა საბჭოს წევრები, რომელთა ვინაობა საზოგადოებისთვის გაცხადებულია. თუმცა ჩვენს გარდა სხდომებზე არავინ ყოფილა, ისე არ დგას საკითხი, რომ მრჩეველთა საბჭო მისი პოლიტიკური გუნდია. კოალიციის მესამე პოლიტიკური გუნდი უშუალოდ ივანიშვილის მიერ დასახელდება - არ ვიცი, ვის იხილავთ და როგორ, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო", - დასძენს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვას " ისე, ვისი იდეა იყო "ექვსიანის" პოლიტიკური ლოზუნგებით საუბარი - "მილიონი ადამიანი ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად", "მილიონი ხმა არჩევნების ბედის შესაცვლელად" და ა.შ... უკვე გაჩნდა აზრი, რომ პროცესი"გაექვსიანებისკენ" მოგყავთ" - პასუხობს:

"რა "გაექვსიანების" პროცესი, ეგ რა სისულელეა? მოკლედ გიპასუხებთ - არა! ბუნებრივია, რაც მეტი ამომრჩეველი იქნება, მით უკეთესი. საარჩევნო ბლოკი უნდა შეიქმნას, თავად ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებით აპირებს ხელისუფლებაში მოსვლას და ბუნებრივიცაა, ჩვენი მხრიდან ისეთი გზების არჩევა, რაც არჩევნებში ჩვენს გამარჯვებას უზრუნველყოფს. აბა სხვანაირად როგორ იქნება?!"